ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ | Allnews.Ge

ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ

ფინური გამოცემა «Yle» აქვეყნებს ერთობ შთამბეჭდავი სათაურის მქონე სტატიას: "ფინური არყის ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე 2021 წლის შემოდგომაზე ვნახავთ" (ავტორი - იოჰანეს ბლუმი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ფინეთის აეროკოსმოსური კომპანია Arctic Astronautics, ფანერის მწარმოებელ კომპანია UPM Plywood-თან ერთად, 2021 წლის შემოდგომაზე კოსმოსში ხისგან დამზადებულ პირველ ხელოვნურ თანამგზავრს გაგზავნის.

  • ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!
 

შეიძლება რომელიმე საქმეში ჩაუხედავი ადამიანისათვის ეს ინფორმაცია სასაცილო და გასაკვირი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ფინეთში ხის კოსმოსური თანამგზავრების შემუშავება და დაპროექტება ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყეს. პროცესი განსაკუთრებით დაჩქარდა მას შემდეგ, რაც ფინელებს კონკურენტი გამოუჩნდათ - 2020 წლის ბოლოს იაპონელებმაც იგივე მიზნის მისაღწევად დაინტერესება გამოამჟღავნეს.

"ჩვენ კოსმოსურ კონსტრუქციებში ხის გამოყენების საკითხს დიდი ხანია ვსწავლობთ. დღეისათვის უკვე გვაქვს ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც მზადაა კოსმოსში, დედამიწის ორბიტაზე გასატანად", - ამბობს პრესრელიზში ფინური კოსმოსური პროექტის WISA Woodsat-ის ხელმძღვანელი იარი მიაკინენი.

როგორც გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ფინური არყის ხის ფანერისაგან დამზადებული ხელოვნური თანამგზავრი შეიძლებოდა ორბიტაზე ზაფხულშიც გატანილიყო, მაგრამ ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო რაკეტის გაფრენა გადაიდო.

ხის თვისებები დედამიწაზე უკვე ძალიან კარგად არის შესწავლილი და ახლა მისი გამოკვლევა კოსმოშიც გაგრძელდება. ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ თანამგზავრი სხვადასხვა ახალი მინიატურული გამზომი მოწყობილობებით და სენსორებით აღჭურვა.

  • დედამიწის ფოტოები? 10 ევროდ, რამდენიც გნებავთ!

პროექტის ჩარჩოებში ტესტირებული იქნება ახალი რადიოგადამცემი სისტემაც: ყველა ევროპელს, რომელიც 10 ევროს გადაიხდის, შეეძლება მიწისზედა სადგური მეშვეობით ორბიტაზე მყოფ თანამგზავრს დაუკავშირდეს და კოსმოსიდან მის მიერ გადაღებული დედამიწის ფოტოსურათები ჩამოტვირთოს.

ფინური კოსმოსური პროექტის Wisa Woodsat-ისათვის კოსმოსური ტექნოლოგიებისა და მეცნიერების პოპულარიზაცია საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული ნანოთანამგზავრის შესაქმნელად გამოყენებული იქნა ადრე გაშვებული საგანმანათლებლო თანამგზავრის Kitsat-ის კონცეფცია.

Wisa Woodsat-ის თანამგზავრი კუბის ფორმისაა და მხოლოდ ერთ კილოგრამს იწონის. ის აღჭურვილია სუპერტანამედროვე მზის ბატარეებით, რადიოგადამცემით და ორი ფოტოვიდეოკამერით, რომელთაგან ერთ-ერთი მოძრავ დამჭერზეა დამაგრებული.

  • ​რატომ მაინცდამაინც ხისაგან და არა ლითონისაგან?

ბევრს შეიძლება კითხვა დაებადოს: რატომ დაამზადეს კოსმოსური თანამგზავრი მაინცდამაინც ფანერისაგან?

საქმე ის არის, რომ ამჟამად დედამიწის ორბიტაზე, პლანეტის გარშემო დაახლოებით 600-მდე ხელოვნური თანამგზავრი ბრუნავს, რომელთა ნახევარი მწყობრიდანაა გამოსული და მათი ექსპლუატაცია აღარ ხდება, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი "კოსმოსურ ნაგავს" წარმოადგენენ. ხდება ხოლმე, რომ კოსმოსურ სივრცეს "ნაგვისაგან წმენდენ" - თანამგზავრებს ორბიტიდან ხსნიან, მაგრამ ისინი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას იწვიან და ჰაერში ალუმინისა და სხვა ლითონების უწვრილეს ნაწილაკებს ტოვებენ, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის.

იაპონიის ქალაქ კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი ტაკაო დოი, რომელიც ასევე მუშაობს ხის თანამგზავრის დაპროექტებაზე, ძალიან არის შეშფოთებული ატმოსფეროში ალუმინის არსებობით. მისი თქმით, ხის მასალის პლუსი იმაში გამოიხატება, რომ ფანერი ატმოსფეროში მთლიანად იწვის და მავნე ნაწილაკებს არ ტოვებს.