„ჭკვიანი ქალაქი“ ნევადაში- მილიარდერის უტოპიური იდეა თუ ტექნოლოგია, რომელიც მომავალს შეცვლის | Allnews.Ge

„ჭკვიანი ქალაქი“ ნევადაში- მილიარდერის უტოპიური იდეა თუ ტექნოლოგია, რომელიც მომავალს შეცვლის

უახლოეს მომავალში აშშ-ის შტატ ნევადაში უახლესი ტექნოლოგიებითა და იდეებით „ჭკვიანი ქალაქი“ აშენდება, რომლის იდეის ავტორიც ამერიკელი ბიზნესმენი ჯეფრი ბერნსია.

ამბიციური პროექტის განხორციელება ბერნსს თავში რამდენიმე წლის წინ მოუვიდა. 2018 წელს მან ნევადაში 270 კვ.კმ. ტერიტორია 170 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, სადაც მისი თქმით მომავლის ქალაქის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

ჯეფრი ბერნსი

როგორც ცნობილია, ქალაქში სულ 15 000 სახლი აშენდება და მასში ცხოვრებას 36 000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს. BBC-ის ინფორმაციით, ქალაქის მაცხოვრებელბი სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები იქნებიან და მომსახურების სფეროს თავად უზრუნველყოფენ.

ქალაქში სხვა დასახლებული პუნქტების მსგავსად იქნება საცხოვრებელი სახლები, სკოლები, მაღაზიები, ბიზნეს-ობიექტები და სხვა. თუმცა, „ჭკვიან ქალაქს“ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ექნება- მისი მაცხოვრებლები ქალაქში არსებული ობიექტებით სარგებლობას და გადახდებს ე.წ. „ბლოქჩეინებით“ (blockchain) შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ, „ბლოქჩეინი“  არის უახლესი სისტემა, რომელშიც ბიტკოინში ან სხვა კრიპტოვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციების ჩანაწერი ინახება რამდენიმე კომპიუტერში, რომლებიც ერთიან ქსელშია დაკავშირებული.

შესაბამისად ქალაქის მაცხოვრებლებს არ დასჭირდებათ ფული ან გადახდის სხვა საშუალებები, ისინი სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობას ერთიანი ქსელის მეშვეობით შეძლებენ, რომელიც მხოლოდ „ჭკვიანი ქალაქის“ მაცხოვრებლებისთვის იქნება დაშვებული.

ფინანსების გარდა, „ბლოქჩეინების“ მეშვეობით მაცხოვრებლების საჯარო პირადი მონაცემები და ჯანმრთელობის მდგომარეობაც ერთიან სისტემაში მოექცევა. იდეის ავტორები განმარტავენ, რომ პირადი ინფორმაციის გავრცელება მაცხვრებლებთან კონსულტაციით მოხდება.   BBC-ის ინფორმაციით, „ბლოქჩეინი“ თავად ჯეფრი ბერნსმა შექმნა და ახალი ტექნოლოგიის წყალობით მილიარდერი გახდა.

ბერნსი აცხადებს, რომ გადახდის უნიკალური სისტემის გარდა „ჭკვიან ქალაქს“ საკუთარი თვითმმართველობა ეყოლება, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს. მათ უფლება ექნებათ გაზარდონ ან შეამცირონ გადასახადები, მიიღონ ახალი კანონები, თავად დაგეგმონ და შეადგინონ სკოლებში სასწავლო პროგრამა და ა.შ.

როგორც ცნობილია, „ჭკვიანი ქალაქის“ მშენებლობა ნევადაში 2022 წელს დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბერნსის „ჭკვიან ქალაქთან“ დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ „ბლოკჩეინები“ მომავლის ტექნოლოგიაა და მას უდიდესი პოტენციალი აქვს. მეორე ნაწილი კი ახალ სისტემას სკეპტიკურად უყურებს და მსგავსი ტიპის ქალაქის არსებობას უტოპიურ იდეად მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ:

მომავლის ქალაქი, რომელსაც ანალოგი არ ექნება- როგორი იქნება Toyota-ს ულტრათანამედროვე ქალაქი იაპონიაში?

10 ყველაზე გრანდიოზული არიქტექტურული პროექტი, რომელიც საუკუნის ბოლომდე განხორციელდება

როგორი იქნება ჩინეთის ულტრათანამედროვე მომავლის ქალაქი, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ცენტრი გახდება

 

myquiz