"მისიაში მონაწილეობა უფასოა" - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ და სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ, თუ მთვარეზე გინდათ მოგზაურობა? | Allnews.Ge

"მისიაში მონაწილეობა უფასოა" - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ და სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ, თუ მთვარეზე გინდათ მოგზაურობა?

ჰოლანდიური ფონდი "არტექო", მისი დამფუძნებლის - დალი უბილავა-დე გრააფის ინიციატივით, რომელიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ESA/ESTEC/Space Expo თანამშრომელიცაა, აანონსებს საერთაშორისო კონკურსის პირობებს 2023 წელს მთვარეზე ტურისტული მისიის "ჩემო მთვარევ" (Dear Moon) ქართველი წევრების შესარჩევად.

მთავარი მოთხოვნებია - შემოქმედებითი ნიჭი და გუნდური თანადგომა, რაც ქართველებს ბუნებრივად აქვთ.

  • რა შანსი აქვთ ქართველებს მთვარეზე მოგზაურობის? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსანტი და რატომ ეძებს იაპონელი მილიარდერი მოხალისეებს?

ამ კითხვებზე თავად დალი უბილავა-დე გრააფი გვიამბობს:

 

- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას! მათ შორის, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ქართველებსაც ეძლევათ უნიკალური შანსი კოსმოსში გასამგზავრებლად. მკაცრი სელექციის შემდეგ შეირჩევა 8 ყველაზე შემოქმედებითი, ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც იაპონელ მილიარდერთან იუსაკუ მაეზავასთან ერთად, ილონ მასკის კოსმოსური ხომალდით "სთარშიფი", განახორციელებენ კაცობრიობის ისტორიაში უნიკალურ, ერთკვირიან ტურისტულ მოგზაურობას მთვარეზე. მილიარდიანი ბიუჯეტის მისიაში "ჩემო მთვარევ" მონაწილეობა შერჩეული წევრებისთვის უფასოა, რამდენადაც მისია უკვე დაფინანსებულია იაპონელი მილიარდერის მაეზავას მიერ.

- მისიის - "ჩემო მთვარევ" შესახებ გვიამბეთ...

ამ მისიის შესახებ ქართულ მედიაში დაახლოებით ერთი წლის წინ "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ვისაუბრეთ. 2018 წელს იაპონელმა მილიარდერმა, ხელოვნების ქომაგმა და კოლექციონერმა იუსაკუ მაეზავამ განაცხადა, რომ ის ილონ მასკის "სფეის X"-თან თანამშრომლობით 2023-ში აპირებდა მთვარეზე გაფრენას რვა მხატვართან ერთად, მაგრამ ეს წინადადება ახლახანს მან კიდევ უფრო გააფართოვდა და ის ეძებს არა კონკრეტულად მხატვრებს, არამედ ამბიციურ, ნიჭიერ და მისიისთვის შესაფერის შემოქმედებით ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან.

- რა კრიტერუმებით შეირჩევიან კონკურსანტები?

მაეზავას კოსმოსური მოგზაურობის თანაგუნდელები უნდა აკმაყოფილებდნენ საბაზისო ტექნიკურ მოთხოვნებს, თუმცა ისინი პირველ ეტაპზე შერჩეულნი იქნებიან 2 უმთავრესი კრიტერიუმით:

1. კანდიდატმა უნდა შეძლოს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი კრეატიულობა კოსმოსში მოგზაურობის დროს სხვათა (საზოგადოების) შთაგონებისთვის.

2. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სურვილი და მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარონ/მხარი დაუჭირონ თავიანთ თანაგუნდელებს.

როგორც მაეზავა ამბობს - ”ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რვა მგზავრის შერჩევისას!"

მისიაში მონაწილე კანდიდატების სელექციის პროცესიც სწორედ მის მიერ იქნება წარმართული. 2021 წლის აგვისტოდან კი დაიწყება შერჩეული კანდიდატების ინტენსიური მომზადება 2023 წლის კოსმოსური მისიისთვის.

  • კონკურსის პირობებია:

რეგისტრაცია

მთვარის ტურისტულ მისიაში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს ამ ლინკზე:

https://dearmoon.earth/pre-reg.html

რეგისტრაციის დედლაინია 2021 წლის 14 მარტი, 19.00 (საქართველოს დროით)

  • შერჩევის პროცესი

რეგისტრაციის შემდეგ, ყველა დარეგისტრირებული კანდიდატი ელ.ფოსტით მიიღებს წერილს, დეტალური ინფორმაციით სელექციის პროცესის შემდგომი ეტაპების შესახებ.

  • შემდგომი და უმთავრესი პროცედურების თანმიმდევრობა კი ასეთია:

2021, მარტი - კანდიდატების ე.წ. სქრინინგი,

2021, აპრილი/მაისი - ონლაინინტერვიუების ეტაპი,

2021, მაისის ბოლოს - საბოლოო გასაუბრებები და სამედიცინო გამოკვლევები,

2021, ივნისის ბოლოს - გამარჯვებულების, მისიის მონაწილეების საბოლოო გამოცხადება,

2021, აგვისტოდან - დაიგეგმება გამარჯვებული კანდიდატების საწვრთნელი და მომზადებული სამუშაოები ამერიკის, იაპონიის, ევროპის, კოსმოსურ სააგენტოებში. კოსმოსური მისია "ჩემო მთვარევ" მართლაც უნიკალური შანსია ამ საკითხით დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარი ამბიციების, ცოდნის, შესაძლებლობების, ნიჭიერების, გამოსავლენად, ძალების მოსასინჯად. რა თქმა უნდა, ამისთვის ასევე აუცილებელია პირველ რიგში კარგი ჯანმრთელობა, საბაზისო ტექნიკური ცოდნა და ინგლისურ ენის თავისუფლად ფლობა და კიდევ რამდენიმე მთავარი კრიტერიუმის დაკმაყოფილება. ეს არის უნიკალური შანსი ასევე თავად საქართველოსთვისაც...

ავტორი: ნინო წიფურია

ambebi.ge

myquiz