"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“ | Allnews.Ge

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“

ნასას რობოტი, მარსმავალი "პერსევერანსი“, იგივე "შეუპოვარი“ თავის ისტორიულ მისიას მარსზე წარმატებით აგრძელებს. 18 თებერვლიდან ის "წითელ პლანეტაზე“ იმყოფება და გეგმის მიხედვით, დაახლოებით 7 თვის განმავლობაში მარსის ზედაპირის ნაწილს მოივლის.

რობოტმა უკვე გამოგზავნა არაერთი ფოტო, რომელზეც მარსის ზედაპირი ახლო და შორი ხედებითაა გადაღებული. თავდაპირველად გამოგზავნილი ფოტოები შედარებით დაბალი რეზოლუციის იყო, თუმცა ამჯერად უკვე ასტრონომებს მან ხარისხიანი ფოტოები მიაწოდა. ფოტოებს ამერიკის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს.

ექვსბორბლიანი რობოტის მისია მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის შეგროვება და დედამიწაზე გამოგზავნაა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მარსის არა მხოლოდ ამჟამინდელი გარემოს, არამედ მისი ისტორიის შესწავლა და იმის გარკვევა, არსებობდა თუ არა იქ ოდესმე სიცოცხლე. "პერსევერანსის" სამოქმედო არეალი იქნება გიგანტური კრატერი, სახელად ეზერო. ფიქრობენ, რომ მილიარდობით წლის წინ ამ ადგილას გიგანტური ტბა არსებობდა, ხოლო იქ სადაც წყალია, სიცოცხლეც არსებობს.

ეზერო - ეს არის კრატერი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვაგვარი ქანები, მათ შორის, თიხები, კარბონატები, რომლებსაც აქვთ პოტენცია, რომ შეინარჩუნონ ორგანული მოლეკულები, რომლებიც სიცოცხლის არსებობაზე შეიძლება მიანიშნებდეს.

ფიქრობენ, რომ ამ კრატერში მილიარდობით წლის წინ, მდინარეთა შერთვის შედეგად, ტბა წარმოიქმნებოდა, სწორედ ამიტომ, სიცოცხლის ნიშნების გამოსაკვლევად ეს ადგილი საუკეთესო უნდა იყოს

მეცნიერებს აქამდე აღნიშნული კრატერის ძალიან შორი მანძილიდან გადაღებული ფოტომასალა ჰქონდათ, რაც არ იძლეოდა მისი სრულფასოვნად შესწავლის შესაძლებლობას. ახლა კი მარსმავალის საშუალებით, მას დეტალურად შეისწავლიან, რადგანაც რობოტი გარდა ფოტოების ახლო ხედით გადაღებისა, მარსის ზედაპირის ნიმუშებს სპეციალურ ტუბებში შეინახავს. მათი შესწავლის შედეგად კი მეცნიერებმა შესაძლოა, პლანეტის ყველა საიდუმლო ამოხსნან.

აღსანიშნავია, რომ "პერსევერანსი“ მეორე მარსმავალია, რომელიც პლანეტაზე Nasa-მ გაუშვა, პირველად 2002 წელს მარსზე წარმატებით გაუშვეს Curiosity, თუმცა ის პლანეტის სულ სხვა ზონაში მოქმედებს და ამავდროულად, არ არის აღჭურვილი ისეთივე მძლავრი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორითაც ახალი მარსმავალი. ახალ რობოტს კლდოვან ზედაპირზე სიარულიც წარმატებით შეუძლია.

myquiz