რუსეთში წარადგინეს მაღალტექნოლოგიური რობოტი "ბორისი", რომელიც გადაცმული კაცი აღმოჩნდა | Allnews.Ge

რუსეთში წარადგინეს მაღალტექნოლოგიური რობოტი "ბორისი", რომელიც გადაცმული კაცი აღმოჩნდა

რუსეთში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე წარადგინეს რობოტი, რომელიც, საბოლოოდ, რობოტის კოსტიუმში გადაცმული ადამიანი აღმოჩნდა. BBC-ს ინფორმაციით, რობოტი ბორისი რუსული ტელეკომპანიის ეთერში გამოჩნდა, მას ჰქონდა სიარულის, საუბრისა და ცეკვის ფუნქცია.

თუმცა, ბორისის გამოჩენიდან მალევე ჟურნალისტებს უამრავი ეჭვი გაუჩნდათ. სოციალურ მედიაში გამოჩნდა ფოტო, სადაც კოსტიუმის მიღმა ადამიანის კისერი ჩანდა.

რობოტი, რეალურად, აღმოჩნდა მამაკაცი, რომელსაც 250,000 რუბლად ღირებული კოსტიუმი "რობოტი ალიოშა" ეცვა. კოსტიუმი კომპანიამ Show Robots დაამზადა.

მართალია, ტექნოლოგიური ფორუმის ორგანიზატორებს, სადაც „ბორისი“ გამოჩნდა, არ უთქვამთ, რომ ის რობოტი იყო, თუმცა რუსულმა ტელეკომპანიამ Россия 24-მა ბორისი მაღალტექნოლოგიურ რობოტად წარადგინა. მის გამოჩენასთან ერთად სპეციალისტებს უამრავი კითხვა გაუჩნდათ, მათ შორის - რატომ არ ჰქონდა რობოტს გარე სენსორები; როგორ შეძლეს რუსმა მეცნიერებმა მისი ასე სწრაფად შექმნა - „ბორისის“ შესახებ სამეცნიერო ჟურნალებში მანამდე არაფერი დაწერილა; რატომ აკეთებდა რობოტი ცეკვის დროს უამრავ ზედმეტ მოძრაობას და ა.შ.

კომპანიის ვებგვერდზე, რომელმაც „რობოტი ალიოშას“ კოსტიუმი დაამზადა, აღნიშნულია, რომ შეუძლიათ დაამზადონ სამოსი, რომელიც შეგიქმნით წარმოდგენას, რომ ნამდვილი რობოტი გყავთ.

myquiz