აბასთუმნის ობსერვატორიაში გლობალური ჰაკათონი NASA Space Apps Challenge გაიმართება | Allnews.Ge

აბასთუმნის ობსერვატორიაში გლობალური ჰაკათონი NASA Space Apps Challenge გაიმართება

19-21 ოქტომბერს ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორიაში გლობალური ჰაკათონი NASA Space Apps Challenge გაიმართება.

წელს, პირველად, გლობალურ ჰაკათონს - NASA Space Apps Challenge საქართველო ილიაუნის აბასთუმნის ასტროფიზიკური ლაბორატორიიდან უერთდება. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჰაკათონია, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ სხვადსხვა ადგილზე ერთდროულად, 48 საათის განმავლობაში ტარდება.

ისინი, ვისაც სხვადსხვა საინტერესო და პრაქტიკული ტექნოლოგიისა და ინსტრუმენტის შექმნა შეუძლიათ, იქნებიან კოდერები, მეცნიერები, დიზაინერები, მწარმოებლები, მშენებლები, ტექნოლოგები თუ სხვა ენთუზიასტები, დედამიწასა და კოსმოსში არსებული გამოწვევების გარშემო 19-21 ოქტომბერს სწორედ, ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორიაში გაერთიანდებიან.

NASA Space Apps Challenge, რომელიც ჩვენს ქვეყანაში Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება, ჩვეულებრივ ჰაკათონზე მეტია, რადგან პროექტის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო პროექტები NASA-ს გადაეგზავნება და Global Awards-ისთვის განიხილება, რაც ბევრი კოსმოსით დაინტერესებული პირის ოცნებაა.

საინტერესოა, რა ევალებათ ჰაკათონის მონაწილეებს? - მათ უნდა შექმნან მფრინავი საშუალება, რომელიც მიკრომეტეროიდულ და ორბიტალურ ნამსხვრევებს ინსპექტირებას გაუწევს, ასევე, უნდა განავითარონ სენსორი, რომელსაც ადამიანები პლანეტა მარსზე გამოიყენებენ. გარდა ამისა, მონაწილეების მოვალეობაა, შექმნან ინსტრუმენტი, რომლითაც რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაცია გაკონტროლდება.

ჰაკათონის ორგანიზატორები მონაწილეებს თემატურ თავისუფლებასაც აძლევენ, რადგან მათ შეუძლიათ, თავად უნდა დაისახონ გამოწვევა, რომელსაც ჰაკათონის ფარგლებში გაწეული სამუშაოებით უპასუხებენ.

ასევე, ჰაკათონის მონაწილეების მუშაობის ერთ-ერთ მიზანს დედამიწაზე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, გაანალიზონ მონაცემები, რომლის მოპოვების საშუალებაც მათ მიეცემათ და საინტერესო აღმოჩენებით საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა სცადონ.

NASA Space Apps Challenge-ში მონაწილეობის მისაღებად სულაც არ არის საჭირო, მეცნიერი იყოთ, თუ კოსმოსში მიმდინარე პროცესები გაინტერესებთ, მაშინ ეს ჰაკათონი სწორედ თქვენთვისაა.

მნიშვნელოვანია, რომ ჰაკათონში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას არა გუნდურად, არამედ ინდივიდუალურად გადიან.

ვისაც საინტერესო იდეები აქვს და ჰაკათონში მონაწილეობას გეგმავთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო ენა ინგლისურია. ხოლო მათთვის, ვისაც ამ საინტერესო პროექტზე უბრალოდ დასწრება გსურთ, ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორიის კარი 19-21 ოქტომბერს ღიაა.

გლობალური ჰაკათონის პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, Institute for War & Peace Reporting, Grant Thornton Georgia და „არდი“.

myquiz