სუპერმარკეტი, რომელიც თქვენი სახლში არყოფნის პერიოდში მაცივრის სურსათით გავსებას გთავაზობთ | Allnews.Ge

სუპერმარკეტი, რომელიც თქვენი სახლში არყოფნის პერიოდში მაცივრის სურსათით გავსებას გთავაზობთ

გსურთ, ცარიელი მაცივარი საღამოს სახლში დაბრუნებისას სავსე დაგხვდეთ? ეს შესაძლებელია. დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელი Waitrose-ი ახალი სერვისის დანერგვას იწყებს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, სუპერმარკეტის კურიერს სახლში შესვლის უფლება სპეციალური კოდის საშუალებით მისცეს მაშინ, როდესაც იგი სახლში არ იქნება. შედეგად კურიერი მომხმარებლის მაცივარს სურსათით გაავსებს.

როგორც სუპერმარკეტის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ლონდონში სერვისის გატესტვას აპირებენ თავდაპირველად 100 მომხმარებელზე, ხოლო თუ გაამართლებს, იგი მომავალი წლიდან ოფიციალურად დაინერგება.

მომხმარებლებს, რომლებიც ამ მომსახურების მიღებას მოინდომებენ, სახლში Waitrose-ის წარმომადგენელი დაუმონტაჟებს ჭკვიან საკეტს, რომლის დახმარებითაც სუპერმარკეტის კურიერი სახლში შესვლას შეძლებს.

იმისათვის, რომ მომხმარებლებს არ შეეშინდეთ სახლში რაიმე ნივთის დაკარგვის, ქურდობის ან დაზიანების, სუპერმარკეტის კურიერებს დაუმაგრდებათ კამერა გულმკერდზე. ჩანაწერის ნახვა კი მომხმარებელს მომდევნო დღეს შეეძლება.

მომხმარებელთა ტექნიკური ანალიტიკოსის, ენდრიუ მოსის თქმით, მომხმარებელი შესაძლოა, შეშინდეს და არ გამოიყენოს მსგავსი ტენოლოგია, თუმცა, 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სახლში გამოძახების სერვისის გამოყენებისას, მომხმარებელს დისკომფორტს უქმნიდა ლოდინი, რის გამოც ისინი ხშირად თავს არიდებდნენ ამ სერვისით სარგებლობას. ახალმა ტექნოლოგიამ კი, შესაძლოა, ამ კუთხით პრობლემა მოაგვაროს.

ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელი ერთადერთი არ არის, რომელიც ამ სერვისის დანერგვას ცდილობს, გასულ წელს კომპანია "ამაზონმა" დაიწყო მსგავსი მომსახურების გაწევაც, რომელსაც Amazon Key ჰქვია.

CNN

myquiz