საქართველოს რობოტიკის გუნდმა საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა | Allnews.Ge

საქართველოს რობოტიკის გუნდმა საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა გვაცნობეს, ფინალურ ტურში 48 ქვეყნის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ისინი 3-3 ქვეყნის გუნდისგან შემდგარი ალიანსებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ალიანსი, რომელშიც საქართველო, დიდი ბრიტანეთი და ყატარი შედიოდა, მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი რუმინეთის, სინგაპურისა და გერმანიის ალიანსმა დაიკავა.

გაიცანით რობოტი ვანო, რომელიც ჩურჩხელებს ავლებს და "შალახოს" ცეკვავს

"ამაყი ვართ, რომ ასე წარმოვაჩინეთ საქართველო. 193 ქვეყანაში მესამე ადგილი ძალიან დიდი მიღწევაა. შეჯიბრამდე ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა. იცით, რომ რობოტი დაიკარგა გზაში და რამდენიმე საათში მოგვიწია თავიდან აწყობა. ამიტომ საპრიზო ადგილს არ ველოდებოდით. ჩვენი მიზანი ათეულში მოხვედრა იყო, მაგრამ საბრძოლო განწყობაზე ვიყავით, დიდი შრომა ჩავდეთ, და ვფიქრობთ, რომ ღირსეულად მოვიპოვეთ გამარჯვება. ვფიქრობთ, რომ ასეთ კონკურსებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. რაც მეტ ასეთ პროექტში ჩავერთვებით, მით უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ტექნოლოგიებით და ქვეყანა განვითარდება ამ მიმართულებით", - აცხადებენ კონკურსის მონაწილეები.

რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. წელს კონკურსში 193 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. კონკურსის თემა იყო: განახლებადი ენერგია, კერძოდ, მზის პანელები და ქარის ტურბინები, რომელთა მეშვეობით რობოტებმა ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ. თითოეულ კონკურსში ერთმანეთს სამი გუნდისგან შემდგარი ალიანსები ეჯიბრებოდნენ.

საქართველოს ნაკრები კონკურსში მეორედ მიიღო მონაწილეობა. გუნდის წევრები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი არიან. მათი მენტორი აკადემიის მასწავლებელი ილია მესტვირიშვილია. გუნდის სპონსორები არიან: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" და საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ი.

საქართველოს რობოტიკის გუნდი საქართველოში 21 აგვისტოს 01:00 საათზე ჩამოფრინდება, სადაც მათ აეროპორტში გუნდის დანარჩენი წევრები და გულშემატკივრები დახვდებიან.

myquiz