გაიცანით რობოტი ვანო, რომელიც ჩურჩხელებს ავლებს და "შალახოს" ცეკვავს | Allnews.Ge

გაიცანით რობოტი ვანო, რომელიც ჩურჩხელებს ავლებს და "შალახოს" ცეკვავს

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ რობოტებს, რომლებსაც ნივთების გადაადგილება და სიარული შეუძლიათ, მხოლოდ იაპონიაში, ჩინეთში ან აშშ-ში ამზადებენ, ამ წარმოდგენას რობოტი ვანო დაგიმსხვრევთ. ის თავისი ხელით შექმნეს ქართველმა მოსწავლეებმა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიიდან.

თავდაპირველად, ვანო ყუთში ჩაწყობილი ათობით წვრილ-წვრილი დეტალი იყო, საიდანაც 20-მდე მოსწავლემ რობოტი ააწყო. მოსწავლეთაგან სამი - სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი, რობოტს საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმოადგენს. ვანოს, რომელიც პლანშეტიდან იმართება, შეუძლია გადაადგილება, ნივთების აღება, დანიშნულების ადგილზე მიტანა და ჩამოკიდება. ვანო ასევე ცეკვავს და ჩურჩხელებსაც კი ავლებს.

"ქართველ რობოტს" ბავშვები ოლიმპიადაზე First Global წარადგენენ და ვანო შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას. First Global-ი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც უკვე მეორე წელია, საქართველოს გუნდიც მონაწილეობს. კონკურსი ამჯერად მექსიკაში ტარდება, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის 175 გუნდი შეეჯიბრება. კონკურსის თემა განახლებადი ენერგიებია, კერძოდ, მზის პანელები და ქარის ტურბინები, რომელთა მეშვეობით რობოტებმა ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ.

როგორც საქართველოს გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, სოფო კევლიშვილმა AMBEBI.GE-ს უამბო, რობოტებს მუყაოს ყუთების აღება, ტრანსპორტირება, მათი სიმაღლეზე შეყრა, მზის ბატარეების ჩამოკიდება და ქარის ტურბინის დატრიალება ევალებათ.

"იმის გამო, რომ ამდენი ოპერაცია არის შესასრულებელი, რობოტი ძალიან სხარტი და მოქნილი უნდა იყოს. ვანო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდში ორ სხვა ქვეყანასთან ერთად უნდა ვიყოთ, მისი ეს უნარები გამოგვადგება, რადგან თუ სხვის რობოტს რაიმეს გაკეთება არ შეეძლება, ამ საქმეს ჩვენი ვანო გააკეთებს" - აღნიშნა სოფომ.

რობოტი ვანოს შექმნაში და დაპროგრამებაში საქართველოს გუნდს მენტორი, ილია მესტვირიშვილი დაეხმარა. როგორც ბავშვები განმარტავენ, რობოტის შექმნისას მათ ბევრი დეტალის შესწავლა მოუხდათ. ამასთან, მოსწავლეებს კონკურში მონაწილეობის მისაღებად ფინანსური დახმარება სკოლამ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალმა" და First Global-მაც გაუწიეს. გუნდის წევრების თქმით, ვანოს ნაწილების ღირებულება 3 000$-ია და მათ შესაძენად ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდათ, რაც სკოლისა და დამფინანსებელი კომპანიის მიერ მიიღეს კიდეც.

"ჩამოსულ ნაწილებს რომ შეხედავდი, იფიქრებდი, რომ ამისგან არანაირი რობოტი არ გამოვიდოდა, ამიტომ დავიწყეთ სწავლა, თუ როგორ შეიძლებოდა მათი მეშვეობით რობოტი შეგვექმნა, თანაც დამატებითი ნაწილების გამოყენების უფლება არ გვქონდა. თავდაპირველად, მასწავლებელი ყველას მცირე დავალებებს გვაძლევდა. ერთი თვის განმავლობაში რობოტის სხვადასხვა ნაწილებს ვაწყობდით. დაპროგრამებას და მთავარ დიზაინზე მუშაობას რომ მოვრჩით, შემდეგ დავიწყეთ მისი დახვეწა", - აღნიშნა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, შალვა ბეგიაშვილმა.

როგორც გუნდის წევრები იხსენებენ, პირველი ეტაპი რობოტის დაპროგრამება იყო, რომელიც მისი Gamepad-ის (კონტროლერი) მეშვეობით მართვის საშუალებას მისცემდათ.

"პროგრამაში წერია, როგორ უნდა იაროს, რომელ ღილაკზე რა ფუნქცია ექნება, როგორიცაა მაგალითად, ხელის აწევა-დაწევა, გაშლა და სიარული. რობოტს პულტით ორი ადამიანი მართავს, ერთს ხელის მართვა ევალება, მეორეს რობოტის გადაადგილება და წინა ხელების კონტროლი. გვაქვს პლანშეტი, რომელშიც Gamepad-ებს ვაერთებთ და სიგნალი რობოტს მათი საშუალებით გადაეცემა", - განმარტა სოფო კევლიშვილმა.

ვანოს ავტორებს იმედი აქვთ, რომ მათი რობოტი კონკურსში წარმატებული იქნება...

myquiz