ზღვაში წყლის დონის მატების გამო, შესაძლოა, ინტერნეტზე წვდომის პრობლემა შეიქმნას | Allnews.Ge

ზღვაში წყლის დონის მატების გამო, შესაძლოა, ინტერნეტზე წვდომის პრობლემა შეიქმნას

მომდევნო 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 4000 მილის სიგრძის ინტერნეტსადენები წყლით დაიფარება. ამის შესახებ "ბიზნესინსაიდერი" მკვლევარებზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, როგორც მკვლევარები აცხადებენ, პრობლემა განსაკუთრებით ნიუ-იორკში, მაიამისა და სიეტლში მცხოვრებ მოსახლეობას ემუქრება.

ორეგონისა და ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტების მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი კვლევა გასულ თვეს წარადგინეს, 1000-ზე მეტ მონაცემთა ცენტრზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წყლის დონის მატების გამო ინტერნეტსერვერთა ნაწილი დაზიანდება.

კლიმატური ცვლილებები ზღვებსა და ოკეანეებში წყლის დონის მატებას იწვევს, რაც წყალდიდობების შემთხვევების გაზრდის მიზეზი ხდება. მომდევნო 15 წლის მანძილზე კი, როგორც მოსალოდნელია, წყლის დონე 30 სანტიმეტრით მოიმატებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინტერნეტინფრასტრუქტურაზე. ამერიკელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტსადენები ისე მზადდება, რომ მას წყალმა ზიანი ვერ მიაყენოს, ისინი მაინც არ არის საკმარისად წყალგამძლე.

"ბიზნესინსაიდერის" ცნობით, წყლის დონის მატების გამო, განსაკუთრებით ის ინტერნეტპროვაიდერები დაზარალდებიან, რომელთაც ინტერნეტინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი სანაპირო რეგიონებში აქვთ მოწყობილი.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ინტერნეტპროვაიდერებმა მიიღონ საჭირო ზომები.

კვლევა ორ მნიშვნელოვან მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა: ზღვაში წყლის დონის მატების შესახებ აშშ-ის ოკეანეებისა და ატმოსფერის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზებსა და აშშ-ში ინტერნეტინფრასტრუქტურის რუკის მიხედვით.

myquiz