რაში შეიძლება გამოგადგეთ მაინინგ მოწყობილობები კრიპტოვალუტის მოპოვების გარდა? | Allnews.Ge

რაში შეიძლება გამოგადგეთ მაინინგ მოწყობილობები კრიპტოვალუტის მოპოვების გარდა?

კრიპტოვალუტების ფასები შემცირდა, თუმცა კრიპტოვალუტითა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიით დაინტერესებული ენთუზიასტები თუ ბიზნესმენები საქმიანობას აგრძელებენ, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში ბიტკოინისა და ბლოკჩეინის კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.

კონფერენციაზე გაჟღერდა მოსაზრებები, როგორ იყენებენ მაინერების მოწყობილობებს კრიპტოვალუტის მოპოვების გარდა სხვა დანიშნულებით, მაგალითად, ფერმის ან სახლის გასათბობად. კრიპტოვალუტის მაინერებმა და ენთუზიასტებმა Allnews.ge-ს მკითხველს კრიპტოვალუტის მოპოვების თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს.

ერთ-ერთი მაინერის, შოთა სირაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კრიპტოვალუტის მაინინგით ელექტროენერგია ფულში გარდაიქმნება, ზედმეტ პროდუქტად რჩება სითბო, რომლის გამოყენებაც ზამთარში სახლის გასათბობად ან სათბურში სხვადასხვა პროდუქტის მოსაყვანად შეიძლება.

"არსებობს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, როდესაც სასათბურე მეურნეობებში ამ სითბოს იყენებენ, რიგ შემთხვევებში სათბური მაინინგ მოწყობილობებს სპეციალურად ყიდულობს, რათა ტრადიციული გათბობის სისტემა თავიდან მოიშოროს და თავისი სათბური უფრო ნაკლები დანახარჯებითა და პარალელურად, მაინინგიდან მიღებული შემოსავლით გაათბოს. მაინერების მიერ გამოყოფილი სითბოს გამოყენების კიდევ ერთი ვარიანტი წყლის გათბობაა", - აღნიშნა მან.

კრიპტოვალუტის მაინერია Allnews.ge-ს კიდევ ერთი რესპონდენტი, თორნიკე დარჯანიაც, რომელსაც მაინინგის მცირე ფერმა სახლში დაახლოებით ერთი წელია უდგას და კრიპტოვალუტას ეთერიუმის მოსაპოვებლად იყენებს.

მოწყობილობების მიერ წარმოქმნილ თბილ ჰაერს კი გასულ ზამთარს დაახლოებით 100 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ოთახების გასათბობად იყენებდა.
მისი თქმით, მცირე ფერმა თვეში დაახლოებით 200 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს, თუმცა მთლიანად მზის პანელებისგან გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება, ამიტომ თორნიკეს აღნიშნული თანხის გადახდა არ უწევს.

"უკვე კარგა ხანია, ჩემმა მაინერმა თავისი ღირებულება ამოიღო და მოგებაზეც არის გასული. პირველ თვეებში დაახლოებით 300$ ოდენობით მქონდა შემოსავალი. რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, მომატებული ტარიფის შემთხვევაში, თვეში დაახლოებით 200 ლარის ღირებულების ელექტროენერგიას მოიხმარს და საშუალოდ, 250-300 დოლარის ეთერიუმს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, მაინინგის მოწყობილობებს ზამთარში ძალიან დიდი წარმატებით გათბობის თვალსაზრისითაც ვიყენებდი. ამ მოწყობილობას ხმა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სეზონზე სითბოს გამოყოფს და ამ მხრივ კარგია, იმ ოთახში, სადაც ეს მოწყობილობებია განთავსებული, ზაფხულში ცხელა, ამიტომ ისეთ ოთახში უნდა დაიდგას, სადაც იშვიათად ხვდებით და ფანჯრები ღიაა", - განმარტა მან.

ფოტოზე თორნიკე დარჯანია
გარდა სახლის გათბობისა, კრიპტოვალუტის მაინერებით ფერმების გათბობა, როგორც ჩანს, უცხოეთში ცნობილი მეთოდია.

როგორც გამოცემა CBC წერს, კანადაში, ყოფილ ავტომუზეუმში 30 კომპიუტერი, რომელიც ბიტკოინს მოიპოვებს, ათბობს იქვე მოწყობილ სათბურსაც. აქ ამოსული მწვანილისა და ბოსტნეულის მოსარწყავად კი მეპატრონეს მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა უწევს. კომპანია მაინინგის მოპოვების პროცესით მცენარეების მოყვანას აქტიურად აგრძელებს. მეპატრონის განმარტებით, ამ ბიზნესის მოწყობა ბიტკოინის გამომუშავების გარეშე რთული იქნებოდა.

"ბიტკოინისგან მიღებული შემოსავალი ამ ყველაფრის შექმნაში დამეხმარა, რისი დახმარებითაც ხალხს სოფლის მეურნეობის სფეროში შეგვიძლია, ინოვაცია ვაჩვენოთ", - განმარტა მან.

არა მარტო უცხო ქვეყნებშიც, არამედ საქართველოშიც კრიპტოვალუტით დაინტერესებული პირები განმარტავენ, რომ ფერმერებს შეუძლიათ, ორმაგი საქმე გააკეთონ და კრიპტოვალუტის მოპოვებასთან ერთად, თავიანთი სათბურები მაინინგის მოწყობილობებით გაათბონ.

myquiz