რა პრობლემებს აწყდებიან ელექტრომობილების მფლობელები საქართველოში - წაიკითხეთ მძღოლების გამოცდილება | Allnews.Ge

რა პრობლემებს აწყდებიან ელექტრომობილების მფლობელები საქართველოში - წაიკითხეთ მძღოლების გამოცდილება

საქართველოში ელექტრომობილისადმი ნდობა იზრდება. ეკონომიის, ეკოლოგიისა თუ უხმაურო ძრავის გამო ელექტრომობილების რაოდენობა განსაკუთრებით თბილისში გაიზარდა. მატულობს ელექტრომობილების დამტენების რაოდენობაც, თუმცა, ჯერჯერობით მაინც საკმარისი არ არის, რის გამოც, ბევრი მძღოლი ელმობილის შეძენისგან თავს იკავებს.

თუმცა, საინტერესოა, როგორია იმ მძღოლების გამოცდილება, რომლებიც უკვე გადაადგილდებიან ელექტრომობილებით.

როგორც ელექტრომობილების მფლობელთა ნაწილი განმარტავს, აღნიშნული ავტომობილის ერთადერთი უარყოფითი მახასიათებელი ის არის, რომ მისით შორ მანძილზე გადაადგილება რთულია, გარდა ამისა, როგორც ქალაქების, ისე მაგისტრალების მასშტაბით ცოტა დასამუხტი მოწყობილობაა დამონტაჟებული, რაც საქალაქთაშორისო გადაადგილებას ართულებს, თუმცა Allnews.ge-ის ერთმა რესპონდენტმა ელექტრომობილით თბილისიდან ქობულეთში წასვლა უკვე გარისკა, კიდევ ერთი მძღოლი კი ყოველდღე, რუსთავიდან თბილისისკენ გადაადგილდება და პირიქით.

გიორგი კვენეტაძე ორ ელექტრომობილს მართავს, ორივე Nissan Leaf-ია, ერთი 2011 წელს გამოშვებული, ხოლო მეორე 2014 წელს. მისი თქმით, 2011 წელს გამოშვებულ ავტომობილში წელიწადნახევრის წინ 5200$ გადაიხადა, 2014 წელს გამოშვებულის ფასი კი 7000$ იყო და იმის გათვალისწინებით, რომ სახლიდან გასვლისას ყოველ დილით ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერება და საწვავის თანხის გადახდა არ უწევს, ასევე ავტომობილის ნაწილები საერთოდ არ შეუცვლია, გიორგის თქმით, Nissan Leaf-ი ყველაზე ეკონომიური ავტომობილია მათ შორის, რაც აქამდე ჰყოლია. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ძალიან ეკონომიურია, ქალაქში დასამუხტი მოწყობილობების სიმცირის გამო ავტომობილს თითქმის სულ სახლში მუხტავს და შორ დისტანციაზე არ გადაადგილდება.

"პრობლემა, რაც ამ ავტომობილების მფლობელებს გვაქვს, არის ის, რომ შორ დისტანციაზე ვერ გადავადგილდებით, არც ქალაქში და არც ქალაქგარეთ არ გვაქვს "შოკსატენები", რომლებიც ავტომობილს სწრაფად მუხტავს, ერთადერთი დასამუხტი წერტილი გორშია, სადაც ყოველთვის რიგი გვხვდება, ერთ ავტომობილის დამუხტვას 40 წუთი სჭირდება, ამიტომ გზად გაჩერებას აზრი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დასამუხტი წერტილების პრობლემა ასე დგას, მაინც გავრისკე და ჩემი ელექტრომობილით ქობულეთში წასვლა გადავწყვიტე.

თავდაპირველად ხაშურში ჩავედი, საბედნიეროდ ბევრი ნაცნობი მყავს, იქ დავტენე ავტომობილი, შემდეგ ქუთაისში გავჩერდი და დავტენე და ბოლოს ჩავედი ქობულეთში. ამ შემთხვევაში სწრაფი დამტენებით არ მისარგებლია, ჩვეულებრივი ელექტრომობილის სატენით ვისარგებლე და შესაბამისად, დამუხტვას 5 საათი დასჭირდა, შესაბამისად, როგორც ხაშურში, ისე ქუთაისში 5-5 საათით გავჩერდი" - განმარტავს გიორგი კვენეტაძე.

რა უპირატესობით სარგებლობენ ელექტრომობილები თბილისში?

გიორგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილს მართავს, სიჩქარის განვითარებაზე მაინც არ ნერვიულობს, რადგან მის ავტომობილს აღნიშნული პრობლემა არ აქვს. გარდა ამისა, თუ ავტომობილი აღმართზე ასვლისას შედარებით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, დაღმართზე ჩასვლისას ავტომატურ რეჟიმში იმუხტება. ის, რამაც შეიძლება, ავტომობილის ბატარეა დასვას, გათბობა-გაგრილების სისტემაა, რომელიც ზამთარში ელექტრომობილის მძღოლებს განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნით.

"მთლიანად დამუხტული 2011 წლის ავტომობილი 120 კილომეტრს მატარებს, მეორე 2014 წელს გამოშვებული კი 160 კილომეტრს, შესაბამისად, გარდა სამსახური-სახლის მიმართულებისა, შესაძლებელია, რომ დღის განმავლობაში სხვაგანაც გადავუხვიოთ. შიგა წვის ძრავიანი ავტომობილისგან განსხვავებით ეს ავტომობილი მართვის გარკვეულწილად განსხვავებულ სპეციფიკას მოითხოვს, მაგალითად, რომ ხვდები, რომ შუქნიშანზე წითელი ინთება, გაზს ფეხი აღარ უნდა დააჭირო, პირიქით, უნდა დაელოდო, მიგორდეს. რაც უფრო თვითონ გორავს ავტომობილი, ელექტროენერგიას ზოგავთ და პირიიით, მუხტავთ კიდეც. მართვის დროს ავტომობილის ციფერბლატებზე ყველაფერი გიჩანს და რადგან ელექტრომობილს ხმა არ აქვს, ავტომობილი ჩვეულებრივად გესაუბრება და ყველაფერს გატყობინებს. რაც შეეხება აკუმულატორების ხარჯვაზე ზეგავლენას, გათბობა-გაგრილების გამო ზამთარში ელემენტები დაახლოებით 20 კილომეტრით ნაკლებს გატარებს, ზაფხულში კი დაახლოებით 10-15 კილომეტრით ნაკლებს. რაც შეეხება ფარებსა და მუსიკას, როცა მათ ჩართავ, შეიძლება 1 კილომეტრი მოგაკლოს", - განმარტა მან.

საქართველოს მასშტაბით სულ ელექტრომობილის 52 დამტენია

გარდა შორ მანძილზე გადაადგილების სირთულეებისა, გიორგი კვენეტაძის თქმით, პრობლემას ავტომობილის ნაწილების სიძვირეც წარმოადგენს, თუმცა მისი მოლოდინით, შესაძლოა, სათადარიგო ნაწილების ფასმა ნელ-ნელა შემცირება დაიწყოს.

"მე პირადად, შეკეთება არ დამჭირვებია, თუმცა ფასებთან დაკავშირებით ინფორმირებული ვარ და ვიცი, რომ მაინც ძვირია. ელექტრომობილის ნაწილები იშოვება, ზოგჯერ ავტომობილების ნაწილებიც ერგება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ძვირია. როგორც ვიცი, 27 ცვეთადი ნაწილი აქვს, თავისი საბურავით, ამორტიზატორითა და სხვა ყველაფრით, რაც ძალიან მცირეა. თუ შევიძენთ, უმჯობესია, რომ 2013 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილი შევიძინოთ, რადგან შეუძლია, 160 კმ-ზე მეტი გაიაროს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილები ახლა ძვირი გვეჩვენება, წელიწადნახევრის წინ რაც ღირდა, ახლა იმაზე გაცილებით ნაკლებია, შესაბამისად, დროთა განმავლობაში ალბათ ფასებიც დასტაბილურდება",- აღნიშნა ელექტრომობილის მფლობელმა.

საქართველოში ავტოპარკს ყოველთვე 10-მდე ელექტრომობილი და 3-8 ელექტროდამტენი ემატება

გიორგის თქმით, როდესაც დღის განმავლობაში 100 კილომეტრის გავლა 3 ლარადაა შესაძლებელი, დასამუხტ მოწყობილობებთან დაკავშირებული დისკომფორტის მიუხედავად უმჯობესია, რომ ელექტრომობილი ავირჩიოთ.

უკვე სამი თვეა დილით რუსთავიდან თბილისში და თბილისიდან რუსთავში ელექტრომობილით გადაადგილდება დავით აბესაძეც. მისი თქმით, ბევრს ფიქრობდა, შეეძინა თუ არა ელექტომობილი, თუმცა ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის გამო ბოლოს მაინც გარისკა. დღეში დაახლოებით 70 კილომეტრს გადის, თვის ბოლოს კი როცა დაითვალა, აღმოაჩინა, რომ გადაადგილებაში თვეში დაახლოებით 500 ლარს ზოგავს.

დავითის Nissan Leaf-ის ელემენტების რესურსი ამჟამად 63%-ია და ერთ დამუხტვაზე მაქსიმუმ 100-120 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი თქმით, 100%-იანი რესურსის მქონე ავტომობილი კი დაახლოებით, 180 კილომეტრსაც გაგატარებთ.

დავით აბესაზეც, გიორგი კვენეტაძის მსგავსად აღნიშნავს, რომ მთავარ პრობლემას წარსულში უფრო მეტად ტექნიკური მომსახურება წარმოადგენდა, რაც დროთა განმავლობაში ნელ-ნელა უმჯობესდება და როგორც კერძო პროფილაქტიკებში, ისე რამდენიმე კომპანიაში მომსახურების მიღება შესაძლებელია. მისი თქმით, როდესაც ავტომობილს აკუმულატორის რესურსი ეწურება, მისი შეცვლა ხდება საჭირო, რისი ფასიც ნაწილებსა და მომსახურებასთან ერთად ჯამში 2 000$-ია.

როდემდე იქნება ელექტრომობილების დამტენების გამოყენება უფასო?

"ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, უმჯობესია, რომ ახალი ავტომობილი შევიძინოთ, ვგულისხმობ 2011 წლის შემდეგ გამოშვებულ ავტომობილებს. როგორც ვიცი საქართველოში ახლა სულ ახალი ჩინური მოდელებია გასაყიდი, რომელთა შეძენად უმჯობესია, რადგან უფრო მეტს გადის", - აღნიშნა მან.

გადადგილებისას პრობლემები ექმნებათ ქუთაისელ ელექტრომობილის მფლობელებსაც. თეო მაისურაძის განმარტებით, ელექტრომობილით გადაადგილება ძალიან კომფორტულია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისში მხოლოდ ერთი დასამუტხი მოწყობილობაა, დამუხტვა სახლის პირობებში უწევს.

"მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან კომფორტულია. ძალიან კარგი იქნება, თუ ქუთაისში მეორე დასამუხტი მოწყობილობა მაინც დამონტაჟდება, განსაკუთრებით სწრაფი დამტენი", - აღნიშნავს ის.

Allnews.ge-ს რესპონდენტები ასევე განმარტავენ, რომ უმჯობესია დასამუხტი მოწყობილობები ფასიანი გახდეს და ქალაქებსა და მაგისტრალებზე უფრო დიდი რაოდენობით განთავსდეს, ვიდრე მსრუველებს უფასოდ მოემსახუროს, მათი დეფიციტი იყოს და მუდმივად რიგში დგომა უწევდეთ.

myquiz