"მახვილი თვალი" "დიდი ძმის" ნაცვლად - როგორ უთვალთვალებენ ადამიანებს ჩინეთში? | Allnews.Ge

"მახვილი თვალი" "დიდი ძმის" ნაცვლად - როგორ უთვალთვალებენ ადამიანებს ჩინეთში?

მიმდინარე წლის აპრილში ჩინეთის პოლიციამ ქალაქ ნანჩანში ერთ-ერთი კონცერტის დროს დააკავა მამაკაცი გვარად აო, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული. 70 ათას ადამიანს შორის აოს დაკავება მოხდა სახეების ამოცნობის სისტემის საშუალებით, რომლის გამოყენებაც ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

2020 წლისთვის ჩინეთში 600 მილიონი სათვალთვალო კამერის დამონტაჟება და მონაცემთა ეროვნული ბაზის - "საზოგადოებრივი სანდოობის რეიტინგის" შექმნა იგეგმება. აღნიშნულ რეიტინგში შევა მთელი ინფორმაცია ჩინეთის თითოეულ მოსახლეზე - სოციალურ ქსელებში გაკეთებული ჩანაწერებით დაწყებული და სამედიცინო და საპოლიციო ჩანაწერებით დამთავრებული.

მონაცემთა ეროვნული ბაზის შეგროვება ჩინეთის ხელისუფლებამ 2015 წელს, სახეების ამოცნობის სისტემის დანერგვით დაიწყო. პროექტ "მახვილი თვალის" ფარგლებში ჩინეთის ქალაქებში 176 მილიონი კამერა დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც ავტომობილების მძღოლებზე და ფეხით მოსიარულეებზე თვალთვალი მიმდინარეობს. კამერებია დამონტაჟებული რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

ამგვარად, 2017 წლის სექტემბერში პოლიციამ კამერების საშუალებით ქალაქ ცინდაოში, ლუდის ფესტივალზე 25 ძებნილი პირი დააკავა. პოლიციელები კმაყოფილებით აღნიშნავდნენ, რინ სისტემას დამნაშავეების დასაფიქსირებლად ერთ წამზე ნაკლები დასჭირდა.

კამერების საშუალებიტ ქალაქ შენჩჟენში საგზაო პოლიცია ახორციელებს თვალთვალს ფეხით მოსიარულეებზე, რომლების საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ. სისტემა ასე მუშაობს: კამერები აფიქსირებენ დამრღვევს, ეძებენ მასზე ინფორმაციას ჩინეთის პოპულარულ სოციალურ ქსელებსა და მობილური ოპერატორების ბაზებში. როდესაც სისტემა ადამიანს პოულობს, მას ჯარიმა და სმს-ით გამაფრთხილებელი შეტყობინება ეგზავნება.

ქალაქში ასევე დამონტაჟებულია რამდენიმე ათეული მონიტორი, რომელზეც საგზაო მოძრაობის წესების ხშირი დამრღვევების ფოტოები და სახელები ეწერება.
გარდა პოლიციისა, სახეების ამოცნობის სისტემას ბანკები, ფინანსური კომპანიები და ონლაინ-სერვისებიც იყენებენ. 2020 წლისთვის ხელისუფლება კამერების რაოდენობის 600 მილიონამდე გაზრდას და პროექტ "მახვილი თვალის" პოლიციის, ბანკების, სამედიცინო დაწესებულებებისა და ონლაინ-სერვისების მონაცემთა ბაზებთან გაერთიანებას გეგმავს, რაც ერთიანი "საზოგადოებრივი სანდოობის რეიტინგის" საფუძველი გახდება. ჩინეთის თითოეული მოსახლის ქცევას სისტემა ბალებით შეაფასებს. ეს შეფასება პირდაპირ აისახება მოქალაქის ცხოვრებაზე - შეძლებს თუ არა ის ქვეყნიდან გასვლას, კრედიტის აღებას, სოციალური შემწეობისა და შეღავათების მიღებას.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის საბოლოო მიზანი "საზოგადოებრივი სანდოობის რეიტინგის" საშუალებით "ჰარმონიული სოციალისტური საზოგადოების" შექმნაა.