ჩინური კოსმოსური სადგურის ჩამოვარდნის არეალში საქართველოც არის - აკვირდებიან თუ არა მას აბასთუმნის ობსერვატორიიდან | Allnews.Ge

ჩინური კოსმოსური სადგურის ჩამოვარდნის არეალში საქართველოც არის - აკვირდებიან თუ არა მას აბასთუმნის ობსერვატორიიდან

ჩინური კოსმოსური სადგურის Tiangong-1-ის ნამსხვრევები, შესაძლოა, დედამიწას დაეცეს. ევროპული კოსმოსური სააგენტოს პროგნოზით, აღნიშნული მოვლენის თვითმხილველები, შესაძლოა, 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით პერიოდში გავხდეთ, თუმცა მათი განმარტებით, აღნიშნული თარიღი შესაძლოა, შეიცვალოს.

Tiangong-1-ის კოსმოსში გაშვება ჩინეთის ამბიციური კოსმოსური პროგრამის ნაწილი იყო. ჩინეთმა "ზეციური სასახლე" კოსმოსში 2011 წლის 29 სექტემბერს გაუშვა, თუმცა, მან 2016 წლის მარტის დასასრულისთვის ფუნქციონირება სრულად შეწყვიტა.

თავდაპირველად, მოსალოდნელი იყო, რომ კოსმოსური სადგური Tiangong-1 დედამიწის ატმოსფეროში 2017 წლის დასასრულისთვის დაიწვებოდა, თუმცა უკანასკნელმა პროგნოზებმა აჩვენა, რომ კოსმოსური სადგური არსებობას 2018 წლის გაზაფხულზე შეწყვეტდა.

მოსალოდნელია, რომ Tiangong-1-ის დიდი ნაწილი ჩამოვარდნისას დედამიწის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში დაიწვება, თუმცა არსებობს შანსი, რომ ნამსხვრევების ნაწილმა დედამიწამდე მოაღწიოს.

სად დაეცემა ნამსხვრევები?

2016 წელს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კოსმოსურ სადგურთან კონტაქტი დაკარგა და მისი ტრაექტორიისა და გადაადგილების კონტროლი აღარ შეუძლია, ამიტომ დაზუსტებით ცნობილი არ არის, დედამიწის რომელ ნაწილში ჩამოცვივდება ნამსხვრევები.

ილონ მასკის მიერ კოსმოსში გაგზავნილი მანქანა, შესაძლოა, ჩამოვარდეს

კოსმოსური ნაგვის მონიტორინგის სამსახურში პროგნოზირებენ, რომ კოსმოსური სადგური დედამიწის ატმოსფეროში ჩრდილოეთის განედის 43 გრადუსსა და სამხრეთ განედის 43 გრადუსებს შორის შემოვა, რაც ეკვატორის ჩრდილოეთით და სამხრეთით საკმაოდ დიდი ფართობია.

იმ ტერიტორიას შორის, სადაც შესაძლოა კოსმოსური სადგურის ნამსხვრევევი ჩამოვივდეს საქართველო ბოლომდე გამორიცხული არ არის. ამის შესახებ Allnews.ge-ს აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მაია თოდუამ განუცხადა.

"ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსიაა, ამიტომ იმის თქმა, კოსმოსური სადგური კონკრეტულად რა ადგილას შემოვა დედამიწის ატმოსფეროში ნამდვილად არავის შეუძლია. ეს ვარაუდებია, ნამსხვრვები ნებისმიერ ადგილას შეიძლება ჩამოცვივდეს, მათ შორის საქართველო, რა თქმა უნდა, ბოლომდე გამორიცხული არ არის. მაგრამ ამასთანავე შეუძლებელია იმის თქმა, რომ ის ზუსტად ჩვენთან ჩამოვარდება"- აღნიშნა მაია თოდუამ და განმარტა, რომ აბასთუმნის ობსერვატორიიდან თანამგზავრს ვერ აკვირდებიან, რადგან მისი მონაცემები და კოორდინატები არ იციან.

"არ გვაქვს მისი მონაცემები და კოსმოსური სადგურის კოორდინატები და შესაბამისად ობსერვატორიიდან ვერ დავაკვირდებით. დედამიწის

გარშემო უამრავი სხეულია და ზუსტი კოორდინატების გარეშე იმის განსაზღვრა მათგან რომელია კონკრეტულად ეს სადგური შეუძლებელია",- თქვა მაია თოდუამ.

აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის განმარტებით, მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა ჩამოვარდნილა ხომალდები და ნამსხვრევები დედამიწის ზედაპირამდეც ჩამოსულა, თუმცა, ჯერ-ჯერობით მსხვერპლი და ცუდი შედეგი ამას არ მოჰყოლია. მაია თოდუას თქმით, ეს ნამსხვრევები ძალიან პატარა ზომისაა და ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ მან რაიმე სერიოზული ზარალი გამოიწვიოს.

მოსაზრებას, რომ კოსმოსური სადგურის ნამსხვრევების ჩამოვარდნა სერიოზულ ზიანს არ მოგვიტანს ემხრობა კოსმოსური კვლევის ავსტრალიური ცენტრის დირექტორის მოადგილემ ელიას აბოტანიოსმა, რომელმაც შესაბამისი კომენტარი "ბიბისის" მისცა.

"როდესაც კოსმოსური სადგური დედამიწას 100 კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება, ის გაცხელებას დაიწყებს" -ამბობს ელიასი, - "ეს კი სადგურის ნაწილობრივ დაწვას გამოიწვევს, თუმცა იმის დადასტურებით თქმა თუ რა დარჩება ამ პროცესის შემდეგ კოსმოსური ელექტროსადგურისგან ძნელია, რადგან ჩინეთმა სადგურის კორპუსის შემადგენლობა არ გაამხილა"- აღნიშნავს მეცნიერი.

მეცნიერის თქმით, თუ Tiangong-1 დედამიწის ატმოსფეროში ღამით დასახლებული პუნქტის სიახლოვეს შემოვა მისი დანახვა შესაძლებელი იქნება.
ის ჩამოვარდნილი მეტეორის ნათების მსგავსი იქნება.

გვემუქრება თუ არა საფრთხე?

ექსპერტების განმარტებით, 8,5-ტონიანი სადგურის დიდი ნაწილი დედამიწის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში დაიწვება. მისი მეტად მდგრადი ნაწილები, ისეთი როგორიც საწვავის ბაკი ან სარაკეტო ძრავებია, შესაძლოა, სრულად არ დაიწვას, თუმცა, მათი ჩამოვარდნის შემთხვევაშიც კი ალბათობა იმის, რომ ის დასახლებულ პუნქტს დაეცეს ძალიან მცირეა.

ელიას აბოტანიოსის განმარტებით, კოსმოსური ნაგავი, ისეთი როგორიც არის თანამგზავრები ან რაკეტები არც თუ იშვიათად ცვივა დედამიწაზე, თუმცა მათი დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას იწვება ან ოკეანეში ვარდება. თუმცა, როგორც წესი, კოსმოსურ აპარატთან კონტაქტი ნარჩუნდება და დედამიწაზე მისი კონტროლირებადი დაშვება ხდება. კოსმოსურ აპარატებს, რომლებმაც საკუთარი რესურსი ამოწურეს, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ხმელეთიდან მოშორებით ძირავენ. ამ რაიონში ოკეანის ფსკერის 1500 კვადრატული კილომეტრის ფართობზე, დაახლოებით, 260 თანამგზავრის ნამსხვრევები განისვენებს.

myquiz