NASA-ს განმარტება: კოსმოსში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის შედეგად ტყუპისცალი ძმის გენი უმნიშვნელოდ შეიცვალა | Allnews.Ge

NASA-ს განმარტება: კოსმოსში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის შედეგად ტყუპისცალი ძმის გენი უმნიშვნელოდ შეიცვალა

NASA-მ ტყუპი ძმების მონაწილეობით ჩატარებული ცდის შედეგები გაასაჯაროვა. ცდაში მონაწილე ერთ-ერთი ძმა დიდი ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად ერთი წელი, კოსმოსში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც მისი ტყუპისცალი სახლში იყო. ცდის მიზანი იყო გაერკვიათ იქონიებდა თუ არა გავლენას ადამიანის ფიზიკურ მონაცემებზე კოსმოსში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოფნა. ეს კი ტყუპის ძმების ფიზიკური მონაცემების შედარებით უნდა მომხდარიყო.

"მარკ და სკოტ კელიები კვლავ იდენტური ტყუპები არიან. სკოტის დნმ კოსმოსში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოფნის მიუხედავად, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ცვლილებები, რომლებიც მკვლევარებმა აღმოაჩინეს გენურ გამოხატულებას ეხება, რომელიც პასუხს აგებს იმაზე თუ როგორ ეგუება ან რეაგირებს შენი სხეული გარემო პირობებზე. ცვლილება არ სცდებოდა სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანის ანალოგიურ მონაცემებს, როგორებიც არიან მთამსვლელები ან მყვინთავები", - განმარტეს NASA-ში.

NASA-მ განმარტება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ NASA-ს ცდის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა და დაწერა, რომ სკოტ კელის დნმ შეიცვალა.

"ჩვენ ვართ საწყის ეტაპზე იმის გაგების, თუ როგორ გავლენას ახდენს კოსმოსში მოგზაურობა ადამიანის სხეულზე მოლეკულურ დონეზე. NASA და სხვა მკვლევარები ერთობლივად მუშაობენ და აქვთ მოლოდინი, რომ ამ ზაფხულს ტყუპი ძმების მონაწილეობით ჩატარებული კვლევის შედეგად ყოვლისმომცველ მონაცემებს გამოაქვეყნებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

NASA-ს მიერ გავრცელებული განმარტებით, შემდეგ ბევრმა მედიასაშუალებამ მათ შორის CNN-მა სტატია დაარედაქტირა.

myquiz