როგორია მუშაობა Microsoft-ში? - 23 წლის ოთო ბიჭიაშვილი უკვე ორი წელია ამ კომპანიის თანამშრომელია | Allnews.Ge

როგორია მუშაობა Microsoft-ში? - 23 წლის ოთო ბიჭიაშვილი უკვე ორი წელია ამ კომპანიის თანამშრომელია

მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და წარმატებულ კომპანია Miscrosoft-ში მუშაობაზე ალბათ ყველა ოცნებობს. ზოგს კი ეს ოცნება უკვე აუხდა. მათ შორის 23 წლის ოთო ბიჭიაშვილსაც, რომელიც Miscrosoft-ში უკვე ორი წელია პროგრამული ინჟინერია. თავდაპირველად, საქართველოდან უმაღლესი განათლების მისაღებად წავიდა, შემდეგ Microsoft-ში სტაჟიორად აიყვანეს, საბოლოოდ კი კომპანიის სრულგანაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი გახდა.

ამბობს, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს და ყოველდღიურად სამსახურში სიამოვნებით მიდის. გარემოც მეგობრული და თანამშრომლების კომფორტსა და პროდუქციულობაზე ორიენტირებულია. როგორია მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში, ამის შესახებ Allnews.ge-ს თავად ოთო ბიჭიაშვილმა უამბო.

"თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება ევროპაში გადავწყვიტე, ჩავაბარე გამოცდები (SAT, TOEFEL) და შედეგები ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში გავგზავნე. საბოლოოდ გადავწყვიტე გერმანიაში, Jacobs University Bremen-ში წავსულიყავი, რადგან ყველაზე კარგი დაფინანსება ამ უნივერსიტეტიდან მივიღე. ვსწავლობდი კომპიუტერულ მეცნიერებებს, დიპლომის ასაღებად კი ერთ-ერთი მოთხოვნა სტაჟირების გავლაა. გავიგე, რომ Microsoft-ს სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამები ჰქონდა და მეც ჩემი აპლიკაცია გავგზავნე. ამას მოყვა გასაუბრებების რამდენიმე ეტაპი, ჯერ "სკაიპით", შემდეგ კი უკვე კოპენჰაგენის ოფისში პირისპირ გასაუბრებების სერია. ამის შემდეგ შემომთავაზეს, რომ ზაფხულში 3 თვით აშშ-ში, Microsoft-ის მთავარ ოფისში გამევლო სტაჟირება და მეც დავთანხმდი. სტაჟირების შემდეგ შემომთავაზეს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნებულიყავი, როგორც სრულგანაკვეთიანი თანამშრომელი. ჩავთვალე, რომ ეს განვითარების დიდი პერსპექტივა და საინტერესო სამუშაო იყო და გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი.

როგორ ფიქრობ, რატომ დაინტერესდა Microsoft-ი შენით?

ალბათ, ჩემი ლოგიკური აზროვნების უნარმა და სფეროში აშკარა ინტერესმა დააინტერესათ. "სკაიპით" გასაუბრების დროს უმეტესად ჩემს ინტერესებზე საუბარი და ლოგიკური/თავსატეხი ამოცანები იყო. ოფისში გასაუბრებაზე კი უფრო ტექნიკური კითხვები დამისვეს, შემდეგ იყო ამოცანების, პრობლემების ამოხსნა. რომლებსაც თანამშრომლები ყოველდღიურ მუშაობაში ხშირად აწყდებიან. დაფაზე მარკერით უნდა დამეწერა გამართული პროგრამული კოდი, რომელიც მოცემულ პრობლემას გადაჭრიდა. იმდენად მონდომებული ვიყავი, რომ Microsoft-ში სტაჟირება გამევლო, რომ დარწმუნებული ვიყავი, ეს გასაუბრება წარმატებით დასრულდებოდა.

სტაჟირების ბოლოს ჩემს მენეჯერთან მქონდა შეხვედრა, სადაც განვიხილეთ, როგორ ჩაიარა ამ სამმა თვემ. ვილაპარაკეთ ჩემი სამუშაოს ხარისხზე და რა გავლენა იქონია მომხმარებლებზე, რა გავაკეთე კარგად, რისი გაუმჯობესება შეიძლება. შეხვედრის ბოლოს შემომთავაზა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნებულიყავი, როგორც სრულგანაკვეთიანი თანამშრომელი.

როგორი გარემოა Microsoft-ში და როგორ მოწგონს იქ მუშაობა?

სამსახურში საკმაოდ თავისუფალი და ძალიან მეგობრული გარემოა, არ არის დრესკოდი, მკაცრად განსაზღვრული დრო, დილით როდის უნდა მიხვიდე სამსახურში (თუ დილით შეხვედრა არ გვაქვს, რა თქმა უნდა), ორიენტაცია უფრო საქმის დროულად და ხარისხიანად გაკეთებაზეა, არ უყვართ მიკრო მენეჯმენტი. ძალიან სასიამოვნოა, როცა ამდენ ძალიან ჭკვიან ადამიანთან ყოველდღიურად მუშაობა გიწევს, ახალ რაღაცებს სწავლობ, საინტერესო ინფორმაციას იღებ.

Microsoft-ის ოფისის ინტერიერი თანამედროვე და კომფორტულია. დასასვენებლად განკუთვნილ ადგილებში არის ბილიარდისა და პინგ-პონგის მაგიდებიც.
მენეჯერები ცდილობენ თანამშრომლებს ყველანაირად შეუწყონ ხელი პროფესიულ განვითარებასა და პირად ცხოვრებაში. გარდა სტანდარტული დასვენების და ავადმყოფობის დღეებისა, ახალი მშობლებისთვის, როგორც დედებისთვის, ასევე მამებისთვის არის გრძელვადიანი დეკრეტი.

ხელს გიწყობენ სპორტულ ცხოვრებაში - ფარავენ სპორტული დარბაზის ღირებულებას. ყოველთვიურად ტარდება პანელი, სადაც შეგიძლია, კომპანიის ხელმძღვანელებს ნებისმიერი შეკითხვა დაუსვა.

თავისუფალი დრო თუ გრჩება და როგორ იყენებ მას?

ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე მოიცავს მუშაობას და საღამოობით მეგობრებთან ერთად დროის გატარებას ან საცურაო აუზზე განტვირთვას, ცურვა ძალიან მიყვარს. შაბათ-კვირას როგორ ვატარებ, უფრო სეზონზე და ამინდზეა დამოკიდებული. ზამთარში ვცდილობ, ახლომდებარე კურორტებზე სათხილამუროდ წავიდე, როცა თოვლი არაა, თხილამურებიდან ველოსიპედზე გადავდივარ. მიყვარს სამთო ველოსიპედი, კარტინგები, ზოგადად გარეთ ყოფნა. ძალიან ბევრი ფეხით სამოგზაურო ადგილია.

რატომ დაინტერესედი კომპიუტერული მეცნიერებებით და რას საქმიანობდი Microsoft-ში მუშაობის დაწყებამდე?

ზოგადად, ელექტრონიკა ბავშვობიდანვე მაინტერესებდა. პატარაობიდან მიყვარდა რაღაცების დაშლა და აწყობა. რამდენიმე გაფუჭებული ნაწილიდან ვცდილობდი ერთი გამართული მოწყობილობა ამეწყო. კომპიუტერები, დისტანციური მანქანები და თვითმფრინავები, მოკლედ ყველაფერი, რაც ხელში მომხვდებდა, ნელ-ნელა კომპიუტერების პროგრამულმა მხარემაც დამაინტერესა და ყურადღების დიდ ნაწილს უკვე ამ სფეროს ვუთმობდი.

12-13 წლის შემდეგ პატარ-პატარა საიტების და პროგრამების კეთება დავიწყე. 15 წლის ვიყავი, როცა პროგრამირებით პირველად მივიღე შემოსავალი. სკოლაში სწავლისას დროის დიდ ნაწილს კომპიუტერულ თამაშებში ვხარჯავდი. ამ დროს გამიჩნდა სურვილი, რომ შემექმნა ჩემი სერვერები, სადაც სხვა მოთამაშეებს შეეძლებოდათ თამაში. ამის შემდეგ რამდენი ადამიანი დამეკონტაქტა და მთხოვა, დავხმარებოდი თავიანთი სერვერების გამართვაში. ეს კარგ შესაძლებლობად მომეჩვენა, რომ ჩემი ცოდნით ცოტა ჯიბის ფული გამეკეთებინა და ანაზღაურების სანაცვლოდ კომპიუტერული თამაშების სერვერების გამართვა დავიწყე.

მალე სკოლის ბოლო წლები მოვიდა და ყურადღება სწავლაზე გადავიტანე, წინ ბევრი გამოცდა მელოდა. შემდეგი მსგავსი შესაძლებლობა უკვე უნივერსიტეტში სწავლისას გამოჩნდა, როცა ტელეფონის აპლიკაციების კეთება დავიწყე. აპლიკაცებს პატარა კომპანიების ან კერძო პირებისთვის ვაკეთებდი, რომლებიც მეგობრების რჩევითა და მიმართვით მიკავშირდებოდნენ. აპლიკაციები უმეტესად რაიმე ღონისძიებაზე გამოსაყენებელი იყო, მაგალითად, მინითამაში, გათამაშების სარეგისტრაციო სისტემა. სულ 5-მდე აპლიკაცია შევქმენი.

როგორია შენი სამომავლო გეგმები, საქართველოში თუ აპირებ დაბრუნებას?

საქართველოში ძირითადად, ახალ წელს ჩამოვდივარ ხოლმე. ჯერჯერობით აქ დარჩენას ვაპირებ, რადგან განვითარების ჯერ კიდევ ძალიან დიდი პოტენციალია. გრძელვადიან გეგმებში კი საქართველოში დაბრუნებას ვფიქრობ. რაც შეეხება სწავლის გაგრძელებას, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, სად და რა მიმართულებით წავალ.

myquiz