Samsung-მა მფრინავი პლანშეტი დააპატენტა | Allnews.Ge

Samsung-მა მფრინავი პლანშეტი დააპატენტა

ჩვენი ფიზიკური აღნაგობიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ სულ ორი ხელი გვაქვს, მაშინ, როდესაც, მაგალითად, ვახშამს ვამზადებთ ან სამსახურიკენ მიმავალ გზაზე ბევრი ნივთი მიგვაქვს თან, ხელში ადგილი აღარ გვრჩება სმარტფონის ან პლანშეტისთვის. როგორც ჩანს, სამხრეთ კორეელმა ინჟინრებმა გამოსავალს მიაგნეს. კომპანია Samsung-მა მფრინავი პლანშეტი-დრონი დააპატენტა, რომელიც ერთ დღეს სავსებით შეესაძლებელია, რომ რეალობად იქცეს და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

საპატენტო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, მოწყობილობა სენსორული დისპლეის მქონე პლანშეტური კომპიუტერია, რომელიც სივრცეში ოთხი პროპელერის მეშვეობით გადაადგილდება. გაჯეტის მართვა დისტანციურად, პულტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

პლანშეტში დამონტაჟებული იქნება GPS და მრავალი სენსორი, რომელიც მას სივრცეში ორიენტაციისა და წინაღობების ამოცნობის საშუალებას მისცემს. ეკრანი მომხმარებლის მიმართ ეკრანზე არსებული ინფორმაციის დასანახად საუკეთესო კუთხით იქნება მიმართული. ეს პროპელერებსა და პლანშეტს შორის მოთავსებული მოქნილი სამაგრების საშუალებით იქნება შესაძლებელი. პლანშეტს ნებისმიერ მომენტში შეეძლება საკუთარი პოზიციისა და მდებარეობის შეცვლა, თუმცა ყოველთვის ჰაერში დარჩება მომხმარებლის წინ.

ყველა დანარჩენ უნართან ერთად ის ხმოვან ბრძანებებსა და ზოგიერთ მოძრაობაზე მოახდენს რეაგირებას, რომლებიც, სავარაუდოდ, მის მენიუში იქნება ჩაწერილი.
იმ შემთხვევაში თუ ადამიანი პლანშეტს ზურგით შეუბრუნდება ან სხვა ოთახში გასვლას გადაწყვეტს, პლანშეტი უკან გაყოლას და იმავე ტრაექტორიის გავლას შეეცდება იმისთვის, რომ მომხმარებლის მხედველობის არეში დარჩეს. რა თქმა უნდა, ეს ჯერ მხოლოდ პატენტია, რომელიც, შესაძლოა, არც არასდროს განხორციელდეს, თუმცა იდეა საკმაოდ საინტერესოა. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, გამორიცხული არ არის, რომ Samsung-მა ერთ დღეს აღნიშნული პროდუქციის გამოშვება გადაწყვიტოს.

myquiz