Facebook-ი ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე არაა - რას ითხოვენ ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხების ექსპერტები? | Allnews.Ge

Facebook-ი ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე არაა - რას ითხოვენ ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხების ექსპერტები?

ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხების 100-ზე მეტი ექსპერტი Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს ღია წერილით მიმართავს და მისგან აპლიკაციის Messenger Kids-ის გაუქმებას მოითხოვს. მათი განმარტებით, აღნიშნული აპლიკაცია მოზარდებს სოციალური ქსელების გამოყენებისკენ უბიძგებს. ბავშვები კი სოციალური მედიის მოხმარებისთვის მზად არ არიან.

Facebook-ის განმარტებით, აპლიკაცია ონლაინ უსაფრთხოების ექსპერტების ჩართულობით არის შექმნილი და ის პასუხობს მშობლების მოთხოვნას, მეტად ინფორმირებული ყოფილიყვნენ მათი შვილების სოციალურ ქსელებში აქტივობების შესახებ.Messenger Kids არის Messenger Facebook-ის გამარტივებული ვერსია. მის გამოსაყენებლად მშობლის თანხმობაა საჭირო. მიღებული მონაცემები კი არ გამოიყენება რეკლამისთვის.

წერილის ავტორები კი იშველიებენ კვლევას, რომლის თანახმადაც ადრეულ ასაკში ციფრული მოწყობილობებისა და სოციალური მედიის გამოყენება ჯანმრთელობას ვნებს. ამ ყველაფერს კი ახალი აპლიკაციაც უწყობს ხელს.

კიბერბულინგი და პორნოშურისძიება - როგორ დავიცვათ ინტერნეტს მიჯაჭვული ჩვენი შვილები

"პატარა ბავშვები უბრალოდ არ არიან მზად, რომ სოციალურ ქსელში იყვნენ რეგისტრირებული. ისინი არ არიან საკმარისად დიდები და ჩამოყალიბებულები, რომ სოციალურ ქსელში ურთიერთობებს გაართვან თავი. ეს ყველაფერი კი ხშირად გაურკვევლობითა და კონფლიქტით მთავრდება", - ნათქვამია წერილში.

თუმცა Facebook-ის პოზიცია ურყევია და ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აპლიკაციას მშობლების მხრიდან მხოლოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ის შვილებთან კომუნიკაციაში ეხმარება.

"მაგალითად, ჩვენ გვსმენია ისტორიები მშობლებზე, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობის დროს ახერხებდნენ შვილებისთვის ზღაპრების წაკითხვას და დედებზე, რომლებიც ხშირად არიან მივლინებაში და მაინც ყოველდღიურად ეკონტაქტებიან შვილებს", - აცხადებენ სოციალური ქსელის წარმომადგენლები.

ღია წერილში კი საკითხი სულ სხვაგვარად არის დასმული და ნათქვამია, რომ ამ შემთხვევაში აპლიკაციის როლი გადაჭარბებით არის შეფასებული. ბავშვებს მშობლებთან დისტანციურად კომუნიკაციისთვის სულაც არ სჭირდებათ საკუთარი ანგარიში სოციალურ ქსელში. ეს შეიძლება მოხდეს მშობლების ანგარიშებით ან უბრალოდ ტელეფონზე დარეკვით.

აქვე გთავაზობთ ამონარიდებს კვლევებიდან, სადაც ხაზგასმულია, რომ სოციალური მედიის ინტენსიური გამოყენება თინეიჯერებში დეპრესიისა და მღელვარების გამომწვევია.

• მოზარდები, რომლებიც დღეში ერთ საათს ატარებენ სოციალურ ქსელებში, თითქმის ყველა ცხოვრებისეულ ასპექტთან მიმართებაში უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

• მერვე კლასელების (13–14 წლის), რომლებიც სოციალურ მედიას კვირის განმავლობაში 6–9 საათით იყენებენ, 47%-ით უფრო მიდრეკილები არიან მოწყენილობისკენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ნაკლებ დროს უთმობენ სოციალურ მედიას.

• 10–12 წლის გოგონები, რომლებიც აიდეალებენ სიგამხდრეს, უკმაყოფილოები არიან თავიანთ სხეულით და იწყებენ დიეტას.

• მოზარდთა 78% საათში ერთხელ ამოწმებს ტელეფონებს. 50% ამბობს, რომ ისინი ტელეფონზე დამოკიდებული არიან. მშობლების ნახევარი აღნიშნავს, რომ ეკრანთან გატარებულ დროზე ლიმიტის დაწესება ძალიან რთულია.

"საბავშვო მესენჯერი მოზარდებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაში არ ეხმარება, არამედ კიდევ ერთ მათგანს ქმნის", - ნათქვამია ღია წერილში.

წერილზე ხელს აწერს ბავშვთა უფლებების დამცველი არაერთი ორგანიზაცია, რომელთა ხელმძღვანელია Campaign for a Commercial-Free Childhood. ასევე, ხელმომწერები არიან Massachusetts American Civil Liberties Union და Parents Across America.