რობოტი ერიკა აპრილიდან საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს | Allnews.Ge

რობოტი ერიკა აპრილიდან საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს

იაპონური რობოტი ერიკა, რომელიც ძალიან ჰგავს ცოცხალ ადამიანს, აპრილიდან საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. მისი მომავალი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, რობოტის შემქმნელის ჰიროში იშიგუროს განმარტებით, ერიკა ხელოვნურ ინტელექტს ჟურნალისტების მიერ დაწერილი ტექსტების წასაკითხად გამოიყენებს.

იშიგუროს თქმით, დროიდს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე უკეთ აქვს განვითარებული მეტყველების სისტემა, რამდენიმე ხუმრობაც აქვს დამახსოვრებული. იშიგურო მიიჩნევს, რომ ერიკა ძალიან თბილი და მზრუნველი რობოტია და სულ მალე დამოუკიდებელი ცნობიერება ექნება, რათა მომავალში სურვილი და ინიციატივა თავად გამოთქვას. როგორც ერიკას შემქმნელმა განმარტა, ამ ულამაზესი სახის მქონე დროიდს ამჟამად უკვე სურს რომ ცნობილი იყოს.

იშიგურო თავისი ქმნილების საზოგადოებისთვის წარდგენას 2014 წლიდან ცდილობს.

ერიკა იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაფინანსების მქონე სამეცნიერო პროექტის JST Erato-ს ფარგლებში შეიქმნა. ერიკას ხელების მოძრაობა არ შეუძლია, თუმცა, ამის ნაცვლად შეუძლია განსაზღვროს საიდან მოდის ხმა და იცის ვინ უსვამს მას კითხვას. იყენებს რა 14 ინფრაწითელ სენსორსა და სახის ამომცნობ ტექნოლოგიას, ერიკას ოთახში ადამიანებისთვის თვალის გაყოლება შეუძლია.

ერიკა 23 წლისაა და ერთადერთი სურვილი, რაც მის შემქმნელებს აქვთ, არის ის, რომ ერიკამ დამოუკიდებლად იფიქროს და იმოქმედოს.

myquiz