"ჩვენს კომპიუტერებს, შესაძლოა, კრიპტოვალუტის გამომუშავების მიზნით იყენებდნენ" - კიბერუსაფრთხოების ექსპერტის გაფრთხილება | Allnews.Ge

"ჩვენს კომპიუტერებს, შესაძლოა, კრიპტოვალუტის გამომუშავების მიზნით იყენებდნენ" - კიბერუსაფრთხოების ექსპერტის გაფრთხილება

საქართველო Bitcoin Mining-ით ჩინეთსა და აშშ-სთან ერთად მსოფლიოს პირველ სამეულშია. კრიპტოვალუტით ინტერესდებიან როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირები, ბოლო პერიოდში კი კონკრეტულად ბიტკოინისადმი ინტერესმა ერთგვარად პანიკური სახეც მიიღო.

ჩვენს ქვეყანაში კრიპტოვალუტა აკრძალული არ არის, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც ამისი ცოდნა ან გამოცდილება აქვს, შეუძლია, გახდეს მაინერი და ამ სახით შემოსავალი მიიღოს, თუმცა ეს პროცესი ხანდახან არასასიამოვნო სახეს იღებს მათთვის, ვინც ამ პროცესში ჩართული არ არის.

"ჩვენს კომპიუტერებს, შესაძლოა, კრიპტოვალუტის გამომუშავების მიზნით იყენებდნენ" - კიბერუსაფრთხოების ექსპერტის გაფრთხილება

მაგალითად, რამდენიმე ქართულ და ასევე უცხოურ პორტალზე შესვლისას, ვებგვერდები ჩვენი კომპიუტერის სიმძლავრის გამოყენებისთვის თანხმობას გვთხოვს, ჩვენზეა დამოკიდებული, მივცემთ თუ არა ამის საშუალებას, თუმცა ხანდახან შეიძლება, ჩვენს კუთვნილ ტექნიკურ მოწყობილობებს ისე იყენებდნენ, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდეთ. როდის ხდება ასე და როგორ ცდილობენ ქართული ვებგვერდები კრიპტოვალუტის გამომუშავების პროცესში ჩვენი დახმარებით ჩაერთონ?

რა მოხდება თუ ფულს კრიპტოვალუტა ჩაანაცვლებს?

კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, ლაშა პატარაიას შეფასებით, კრიპტოვალუტის გამომუშავების თვალსაზრისით ქართული და უცხოური ვებგვერდები არ განსხვავდებიან, ასევე ამ მხრივ რუსეთი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.

"რუსეთში საქართველოზე არანაკლები ხდება. ჩვენს ქვეყანაში რუსული საიტები ძალიან პოპულარულია, როგორც სოციალური ქსელები, ისე მულტიმედია და ფილმების პორტალები, რომლებიც შეიძლება კრიპტოვალუტას გამოიმუშავებდნენ, ამიტომ ყველგან, სადაც შეხვალთ, ნახეთ, ესა თუ ის საიტი რის ნებართვას გთხოვთ. თუ არ მივიჩნევთ, რომ ამ ნებართვის მიცემა საჭირო არ არის, არ დავთანხმდეთ. მარტივი მაგალითი რომ ვთქვათ, თუ ტელეფონზე ფანრის აპლიკაციის დაყენებისას ის თქვენს კონტაქტებსა და მეილის ანგარიშზე ითხოვს წვდომას, ცხადია, ეს ლოგიკური არ არის, იგივე მარტივი ლოგიკა ყველაზე კარგი გამოსავალია როცა სხვადასხვა ვებგვერდს სტუმრობთ, თუ თქვენ შედიხართ ფილმის საიტზე, რომელიც ითხოვს, რომ გამოიყენოს თქვენი გარკვეული რესურსი, ბუნებრივია, ბრაუზერში ამის უფლება არ უნდა მისცეთ.

არის უფრო რთული შემთხვევებიც, ე.წ Extention-ები ანუ ბრაუზერის გაფართოება, მაგალითად, რაც PDF ფაილების შემთხვევაში ხდება. თუ კონკრეტულ ვებსაიტზე შესვლისას, სადაც განთავსებულია თქვენთვის საინტერესო ვიდეო, მას აკლიკავთ და ეწერება, რომ ჩასართავად უნდა განაახლოთ Adobe ან დააყენოთ ვებგვერდის Extention-ი, იცოდეთ, რომ ასე არ უნდა მოიქცეთ, რადგან მას ვერც Google აკონტროლებს და ვერც თქვენ და ავტორი რას ჩადებს, მასზეა დამოკიდებული. Extention-ის დაყენების შემდეგ კი, ფაქტობრივად, საიტის ავტორს შეუძლია რაც უნდა, თქვენს კომპიუტერს ის გააკეთებინოს," - განმარტავს ლაშა პატარაია.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტის განმარტებით, ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებით გააქტიურდა კომპიუტერული ვირუსისმაგვარი პროგრამა Ransomware, რომელიც პროგრამულ გამოძალვას გულისხმობს. ის ფარულად აღწევს თქვენს კომპიუტერში, ფაილებს ისე შიფრავს, რომ ამის შესახებ ვერ იგებთ, ყველა ფაილის დაშიფვრისა და მთელი კომპიუტერის დაინფიცირების შემდეგ კი გთავაზობთ ფანჯარას, რომელშიც გეუბნებათ, რომ თუ გარკვეულ პერიოდში თანხას არ გადაიხდით, დაშიფრული ფაილების გასაღებს ჰაკერი ან კრიმინალური ორგანიზაცია წაშლის.

"შიფრის გახსნა თითქმის შეუძლებელია, ძალიან დიდი რესურსის მობილიზების შემდეგ ამის შანსი მილიონში ერთია. თანხა, როგორც წესი, სოლიდურია და ბოლო პერიოდში დამკვიდრდა ასეთი ტენდენცია, რომ კრიმინალები ითხოვენ არა კონკრეტულ ვალუტას, არამედ კრიპტოვალუტას, რადგან ტრანზაქციების შესრულება ანონიმურია და დამნაშავეთა კვალზე გასვლა უფრო რთული. სწორედ ამიტომ Ransomware როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე საქართველოში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქტიურად უტევს და მისი არაერთი მსხვერპლი არსებობს", - განმარტავს ექსპერტი.

რა უნდა გავითვალისწინოთ თუ სახლში Wi-Fi გვაქვს და როგორ დავიცვათ კიბერ ჰიგიენა

ლაშა პატარაიას თქმით, რადგან საქართველოში კრიპტოვალუტის გამომუშავება აკრძალული არ არის, ვებგვერდებს ადმინისტრაციები სწორედ ამიტომ განსაკუთრებით გააქტიურდნენ, თუმცა გვაქვს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციასთან არამართლზომიერ წვდომასა და მომხმარებლისგან ფარულად, ნებართვის გარეშე კომპიუტერული მონაცემებისა ან ინფრასტრუქტურის არამართლზომიერი გზით გამოყენებას კიბერდანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭება. სწორედ ამიტომ, კიბერუსაფრთხოების ექსპერტის თქმით, თუ თქვენს კომპიუტერს ვინმე ისე იყენებს, რომ აღნიშნული თქვენთან დეკლარირებული არ არის და ამის შეთანხმება არ არსებობს, ეს უკვე დანაშაულია.

"ასეთი ფაქტები იმიტომ ხდება, რომ ფულის სწრაფად და იოლად გამომუშავება მომხიბვლელია და ვისაც ვებრესურსები აქვს და ბევრი მომხმარებელი ჰყავს კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს. თან ძირითადად, ეს ისეთი ვებგვერდებია, რომლებიც მეკობრულ საქმიანობას ეწევიან და საავტორო უფლებებს არღვევენ, მაგალითად, ფილმების, თამაშებისა თუ პროგრამების საიტები", - განმარტავს ლაშა პატარაია.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ გარდა სხვადასხვა ინტერნეტპორტალებისა, კრიპტოვალურტის გამომუშავებაში აქტიურად ჩაერთნენ ფიზიკური პირებიც, რომელთა ნაწილსაც შესაძლოა, ამის კომპეტენცია არ ჰქონდეს.

"მომხმარებელთა უმეტესობა სწრაფი ფულის ილუზიის მოტივით კრიპტოვალუტის საკითხებში აქტიურად ჩაერთო, ოღონდ პირველ რიგში Mining-ის კუთხით, ამისთვის იღებენ კრედიტებს, რიგ შემთხვევაში ასე ვთქვათ, იღებენ სხვის ფულს და დებენ Miner-ებში, რაც ალბათ ფიზიკური პირისთვის ყველაზე ცუდი სტრატეგიაა, თუ აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ ინვესტიციას აპირებთ. Mining-ში ინვესტიცირებას რომ აზრი ჰქონდეს, საჭიროა, საშუალოდ, სამ მაინერს ფლობდეთ, რომელიც დაახლოებით 10-დან 15 000$-მდე ინვესტიციას უკავშირდება, რომელიც ლარში საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის.

თანხის ინვესტირება იმ მოტივით ხდება, რომ მერე ყოველთვიურად კონკრეტული თანხის უკუგება მოხდეს, მაგრამ არის ერთი პრობლემა: კრიტოვალუტის ფასის დინამიკა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად ბიტკოინის უკვე გამოცემული რესურსი ბაზარზე ვეღარ შეიცვლება. ყველა ბანკს შეუძლია იმდენი ვალუტა დაბეჭდოს რამდენიც უნდა და ადამიანური ჩარევა მოახდინოს, კრიპტოვალუტის მთელი მომხიბვლელობა კი ის არის, რომ ადამიანური ფაქტორებისგან თავისუფალია და დათქმა ბიტკოინის შემთხვევაში, რომ მეტი აღარ გამოვა, შესრულდება, არსებულ ბიტკოინებს აითვისებენ და ფასიც დასტაბილურდება", - განმარტავს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი.

ლაშა პატარაია ასევე განმარტავს, რომ სისტემაში ჩართვა რთული არ არის, თუმცა მომხმარებელი კრიპტოვალუტის შესახებ მონაცემებს კარგად უნდა გაეცნოს და გათვიცნობიერდეს, რათა ინვესტირებული თანხები არ დაკარგოს, ამავდროულად, ინტერნეტის მოხმარებისას ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ დაინტერესებულმა პირებმა ჩვენი მოწყობილობების სიმძლავრე კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად არ გამოიყენონ ან შემთხვევით ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი არ გავხდეთ.

myquiz