ქართველი მოსწავლეების მიერ შექმნილი "ჭკვიანი ურიკა", რომელიც პროდუქტების შეძენის პროცესს გაგიმარტივებთ | Allnews.Ge

ქართველი მოსწავლეების მიერ შექმნილი "ჭკვიანი ურიკა", რომელიც პროდუქტების შეძენის პროცესს გაგიმარტივებთ

წარმოიდგინეთ, სუპერმარკეტში პროდუქტების არჩევისა და შეძენის პროცედურას ერთდროულად ახორციელებდეთ, ამავდროულად, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის წაკითხვა ურიკაზე დამაგრებულ ეკრანზე შეგეძლოთ და სხვადასხვა სექციაში ამავე ურიკის ეკრანის მიხედვით გადაადგილდებოდეთ - ასეთია სამი პატარა ინოვატორის გამოგონება, რომლითაც მათ 2017 წლის ლეონარდო და ვინჩის კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავეს და პრიზის სახით 3 000 ლარი მიიღეს.

"ჭკვიანი ურიკის" შემქმნელები ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" STEM-ის (გამოყენებითი ფიზიკა და პროგრამირება) მოსწავლეები - 13 წლის გიორგი ჟორჟოლიანი, ჯემიკო გონაშვილი და 14 წლის იოანე სალუქვაძე არიან.

ჯემიკომ, იოანემ და გიორგიმ ურიკაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც და ვინჩის კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტეს. მათ სურდათ შეექმნათ ისეთი რამ, რაც ყოველდღიურად ბევრ ადამიანს გამოადგებოდა.

"როდესაც ვფიქრობდით და ვინჩის კონკურსში რითი მიგვეღო მონაწილეობა, მე და ჯემიკომ სწორედ მაშინ გავიარეთ სუპერმარკეტში და გაგვიჩნდა ასეთი ურიკის შექმნის იდეა. თავიდან მხოლოდ ერთ ფუნქციაზე, პროდუქტების სალაროსთან შტრიხკოდებით გატარების ნაცვლად, ამ პროცესის ურიკის საშუალებით გაკეთებაზე ვფიქრობდით, შემდეგ იდეის დახვეწაში ჩვენი მენტორი დაგვეხმარა", - ისხენებს გიორგი ჟორჟოლიანი.

"ჭკვიან ურიკას" აქვს სამი ძირითადი ფუნქცია:

1. ურიკაში პროდუქტის ჩალაგების დროს, მასზე დამაგრებულ ეკრანზე თვალსაჩინოდ გამოდის პროდუქტის ფასის და მისი შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია. ასევე "ჭკვიანი ურიკის" ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, ვიცოდეთ რა თანხის პროდუქტი გვაქვს ურიკაში ჩაწყობილი. პროდუქტების ჩალაგების დასრულებისას მომხმარებელს საშუალება ექნება თანხა თვითონვე გადაიხადოს.

2. ჰიპერმარკეტის სიდიდის გამო ხშირად, რთულია ჯერ სასურველ სექციას და შემდეგ სასურველ პროდუქტს მიაგნო. "ჭკვიანი ურიკის" ეკრანზე კი შესაძლებელია, ჰიპერმარკეტის რუკის ჩართვა, სადაც ნაჩვენებია მოცემულ დროს სად იმყოფები და საშუალებას გაძლევს, სასურველ პროდუქტს ადვილად მიაგნო.

3. ამასთან, ეკრანზე დატანილია სპეციალური ღილაკი, რომლის დაჭერის შემდეგ, კონსულტანტი მოვა თქვენთან.

პატარა გამომგონებლები მენტორთან, დიმიტრი კოლოტაურთან ერთად "ჭკვიანი ურიკის" ფუნქციებს 9 თვის განმავლობაში ამზადებდნენ. როგორც გიორგი ამბობს, პროცესი ძალიან სახალისო და შემეცნებითი, ამავდროულად საპასუხისმგებლო და სპეციფიკური იყო, - "ბავშვებთან ურთიერთობა მარტივი არ არის, რადგან თავიანთი ხედვა და განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რომლებიც ხან საინტერესოა, ხან სასაცილო, თუმცა ეს მათია და ამის განხორციელებაში უნდა დაეხმარო. ურიკის შექმნაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მეც მივიღე, მაგრამ ძირითადი პროგრამა მთლიანად ბავშვების გაკეთებულია", - აღნიშნავს დიმიტრი კოლოტაური.

როგორც მასწავლებელი, ისე ბავშვებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ კონკურსში ერთ-ერთ საპრიზო ადგილს მიიღებდნენ, - "ჟიურისგან მოვისმინეთ, რომ ურიკა ყველას მოეწონა. გვითხრეს, რომ ქართული ბაზრისთვის ასეთი პროდუქტი კარგია, თუმცა, თუ საერთაშორისო ბაზარზე გატანას მოვინდომებთ, მას გარკვეული ფუნქციები უნდა დავამატოთ",- დასძენს გიორგი ჟორჟოლიანი.

მიუხედავად წარმატებისა, კიდევ ერთ შემქმნელს, ჯემიკო გონაშვილს საკუთარ თავთან შენიშვნები აქვს, - "ამ კონკურსის შედეგად მივხვდი იმას, რომ რაც მე გავაკეთე, პირველი ადგილის დასაკავებლად საკმარისი არ იყო, ამიტომ პროგრამირების სფეროში ჩართვას უფრო ღრმად ვაპირებ, თან მაინტერესებს და მინდა, რომ მომავალში პროგრამისტი გავხდე. მაგალითად, როცა პატარა ვიყავი და მშობლებს დისტანციური მართვის პულტის მქონე სათამაშოები მოჰქონდათ ვშლიდი, რომ მათი მექანიზმი შემესწავლა" - აღნიშნავს ჯემიკო გონაშვილი.

ჯემიკო გონაშვილი უკვე 3 წელია პროგრამირებითაა დაინტერესებული. გიორგი ჟორჟოლიანი კი რობოტიკითა და ტექნოლოგიებით, ხოლო იოანე სალუქვაძეს უფრო გრაფიკული დიზაინი და არქიტექტურა იზიდავს, თუმცა, იგი ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით იქნებოდა "ჭკვიანი ურიკების" მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი.

სკოლა "პროგრესის" STEM-ის მოსწავლეები მენტორთან ერთად "ჭკვიანი ურიკისთვის" ახალი ფუნქციების დამატებასა და მის გაუმჯობესებას გეგმავენ. მაგალითად, სურთ, რომ ურიკას პროდუქტის ამოშლის ღილაკი დაამატონ, რათა მომხმარებლებს ჰიპერმარკეტებში შოპინგი კიდევ უფრო გაუადვილონ.

myquiz