თბილისის კლასიკური გიმნაზიის სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდება | Allnews.Ge

თბილისის კლასიკური გიმნაზიის სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდება

თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის სახურავზე 24,5 კილოვატი სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდება.

პროექტის განხორციელებას მიმდინარე წელს სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" და ლიტვური ორგანიზაცია "Saules Grąža" გეგმავს, თუმცა პანელების დამონტაჟების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

"ეს დამოკიდებულია ამინდზე, თუმცა სკოლამაც გამოთქვა მზაობა და ჩვენ გვსურს, რომ შენობას ელექტროენერგიის ნაწილი მზის პანელების მეშვეობით მიეწოდებოდეს," – განმარტავენ "მრავალეროვან საქართველოში."

პროექტის ფარგლებში ლიტვურმა და ქართულმა ორგანიზაციებმა მზის პანელების დამონტაჟება ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყეს. ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებისთვის პანელები უკვე ფუნქციონირებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის, ასევე თეთრი წყაროს გამგეობის შენობისა და სოფელ ასურეთის ბაგა–ბაღების სახურავებზეც.

"იმ შემთხვევაში, თუ თუ ამინდის პირობებიდან გამომდინარე გამომუშავებული ელექტროენერგია შენობებს არ ეყოფა, დამატებით მიწოდებას ენერგოკომპანია უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ შენობა 4 კილოვატს საჭიროებს ხოლო პანელებმა 3,5 კილოვატი გამოიმუშავეს, 0,5–ის მიწოდებას უკვე კომპანია უზრუნველყოფს," – აღნიშნავენ საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვან საქართველოში".

პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებში სულ 102 000 ევრო დაიხარჯა, რაც როგორც მოსამზადებელ ეტაპს, ისე ადამიანურ რესურსს, თავად პანელების ღირებულაბას, მათ ასაწყობ სისტემასა და ტექნიკურ დეტალებს მოიცავს.

myquiz