საქართველოში რამდენიმე კლინიკაზე კიბერშეტევა განხორციელდა | Allnews.Ge

საქართველოში რამდენიმე კლინიკაზე კიბერშეტევა განხორციელდა

საქართველოში რამდენიმე კლინიკაზე კიბერშეტევა განხორციელდა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაბამისი კლინიკების ბაზები პარალიზებული იყო.

ჰაკერული შეტევის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" კლინიკებში - "ახალ მზერასა" და "დავინჩიში" დაუდასტურეს. როგორც სააგენტოს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების IT დეპარტამენტში განუცხადეს, "ჰაკერები შიფრის სანაცვლოდ კრიპტო-ვალუტის, ბიტკოინების ელექტრონულ საფულეზე გადარიცხვას ითხოვდნენ".

"გიდასტურებთ, რომ ორი დღის წინ კიბერშეტევა იყო. ამ შემთხვევაში გადავრჩით, რადგან ყოველდღიურად ვაკეთებთ ჩვენი ბაზის ე.წ. ბექაფს და შედარებით უსაფრთხო ადგილზე ვინახავთ ინფორმაციას. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ყველანაირი მონაცემი, რაც კლინიკას გააჩნია, იშლება და ფუნქციას კარგავს. დაახლოებით, 2 წლის წინაც იყო ანალოგიური შემთხვევა და წაიშალა ყველანაირი ინფორმაცია. მაგრამ როგორც გითხარით, ახლა ინფორმაციას ყოველღიურად ვინახავთ და მისი წაშლით პრობლემა ნაკლებად გვექმნება. ერთადერთი დისკომფორტი ისაა, რომ მთელ დღეს ვკარგავთ ინფორმაციის აღსადგენად", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კლინიკების - "ახალი მზერისა" და "დავინჩის" IT დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ნატროშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შეტევა საკმაოდ მძლავრი და მასშტაბური იყო.

"დაახლოებით ერთ საათში სერვერებზე ყველანაირი ინფორმაცია იშიფრება და იშლება. ფაქტობრივად, ყველაფერი ჩერდება. ამის მერე გვიწევს თავიდან გავაკეთოთ ბაზები. ძირითად შემთხვევაში ჰაკერები ითხოვენ შიფრის სანაცვლოდ კრიპტო-ვალუტის, ბიტკოინების ელექტრონულ საფულეზე გადარიცხვას. მათი მიზანი ეს არის. მაგრამ ჩვენ რადგან ბაზებს არ ვკარგავთ, შესაბამისად, ამ მოთხოვნილ თანხასაც არ ვიხდით", - აღნიშნა ნატროშვილმა.

რაც შეეხება იმას, მიმართეს თუ არა სამართალდამცავ უწყებას, მისი თქმით, საგამოძიებო სტრუქტურებისთვის არ მიუმართავთ, რადგან "ხშირ შემთხვევაში იმის დადგენაც კი ჭირს, თუ საიდან მოხდა თავდასხმა".

"ამას ეძახიან "მოძრავ ვირუსებს", რომლის გაშვებაც სისტემაში ავტომატურად ხდება; სადაც დაუცველ სერვერს ნახავს, ავირუსებს და შლის ინფორმაციას. ამის გამო სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვას აზრი არ აქვს. სავარაუდოდ, გამოძიებაც ვერ მოხდება. იმის დადგენაც კი შეუძლებელია, რომელი ქვეყნიდან ხდება ვირუსის გაშვება", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ერთადერთი გამოსავალი ბაზების ე.წ. ბექაფის ყოველდღიურად გაკეთება და ინფორმაციის სხვა სერვერზე შენახვაა.

საქართველოში ფუნქციონირებადი კლინიკების ნაწილზე ჰაკერული შეტევის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა ორივე უწყებაში განმარტეს, რომ მათ აღნიშნულ საკითხზე კლინიკებიდან შეტყობინება არ მიუღიათ.

myquiz