23 წლის ინჟინერი საქართველოდან, რომლის იდეამ საერთაშორისო ჰაკათონში პირველი ადგილი მოიპოვა | Allnews.Ge

23 წლის ინჟინერი საქართველოდან, რომლის იდეამ საერთაშორისო ჰაკათონში პირველი ადგილი მოიპოვა

23 წლის მიხეილ კელენჯერიძემ რამდენიმე დღის წინ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ეკოლოგიასა და ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებულ ჰაკათონში ორ პარტნიორთან ერთად გაიმარჯვა.

მიხეილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკას სწავლობს. მას მსგავს კონკურსებთან შეხება აქამდეც ჰქონია, თუმცა ამჟამად მის იდეას დიდი წარმატებაც მოჰყვა. 48-საათიან ჰაკათონს ესტონური არასამთავრობო ორგანიზაცია "გარაჟი 48" ატარებდა, კონკურსში ათობით მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი.

"უშუალოდ ტალინში ჩასულმა მონაწილეებმა ჩვენი იდეები გავაჟღერეთ, შემდეგ კი იქ მყოფ მონაწილეებს შორის ჩვენ-ჩვენი გუნდის წევრები შევკრიბეთ. კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი იდეა 48 საათში უნდა განგვეხორციელებინა. ჩემი იდეა ასეთი იყო: ნახერხისგან მასალა უნდა გამეკეთებინა, რომელსაც 3D ობიექტების დაბეჭდვისთვის გამოვიყენებთ, ანუ ხის ობიექტების დაბეჭდვისთვის. ამის გამოყენება მომავალში შესაძლებელია ავეჯის დამზადებისთვის, რომელიც შეამცირებს ხარჯს და დიზაინის თვალსაზრისით გვექნება არჩევანის შესაძლებლობაც, რათა როგორიც გვინდა, ზუსტად ისეთი ავეჯი დავამზადოთ. 48 საათის განმავლობაში მე გავაკეთე ე.წ ექსტრუდერი ანუ საიდანაც ეს მასალა გამოდის. მასალა–ნაზავი დამზადდა ნახერხით, ხის წებოთი და კარტოფილის ფხვნილის გამოყენებით, მიღებული მასით კი შევძელით პატარა ობიექტის დამზადება," – განმარტავს მიხეილ კელენჯერიძე Allnews.ge-სთან საუბარში.

გამარჯვებული ასევე ამბობს, რომ პროექტმა ჟიურის მხრიდან დადებითი შეფასებები მიიღო, – "დაინტერესებიდან გამომდინარე ჟიურის წევრებმა ბევრი შეკითხვა დაგვისვეს. მთავარი წარმომადგენელი იყო ესტონეთის გარემოს დაცვის მინისტრი, რომელმაც გამარჯვებისთვის პრიზის სახით 2 500 ევრო გადმოგვცა. ასევე მივიღეთ ორი კომპანიის პრიზი, რომლის მეშვეობითაც, ფაქტობრივად, შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ჩვენი იდეა განვავითაროთ,“ – აღნიშნავს ჰაკათონის გამარჯვებული.

მიხეილის გუნდის წევრები ალექსანდრე ტყეშელაშვილი და კაისა ჰანსენი იყვნენ, რომლებიც ამჟამად ტალინში მუშაობენ. ისინი მიხეილ კელენჯერიძის იდეით კონკურსის ფარგლებში დაინტერესდნენ. ჰაკათონის გამარჯვებულის თქმით, შეფასებებიდან გამომდინარე, გარკვეულ საპრიზო ადგილს ელოდებოდა, თუმცა პირველი ადგილის მოპოვებას არა.

"პირველი ადგილი მოულოდნელი იყო, რადგან სანამ პირველ ადგილს გამოაცხადებდნენ, კიდევ ორი პრიზი გადმოგვცეს", – ამბობს მიხეილ კელენჯერიძე.

23 წლის გამარჯვებულს სამომავლო გეგმებიც აქვს, – "რამდენიმე კუთხით განვითარება გვესაჭიროება. თავდაპირველად არის ინჟინრული მხარე, შემდეგ გვჭირდება იდეის მარკეტინგული შეფუთვა და ბაზრისთვის შეთავაზება. ჩვენ გუნდში გვყავს წევრები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. ჩვენი ძირითადი მყიდველები იქმნებიან დიზაინერები, რომლებიც ავეჯის დიზაინზე მუშაობენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი იდეები რეალობად ძალიან მცირე დროში აქციონ. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქციის მყიდველი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც ხის ამობეჭდვითაა დაინტერესებული, იქნება ეს კონკრეტული ობიექტი თუ სხვა რამ", – აღნიშნავს მიხეილ კელენჯერიძე.

ჰაკათონის გამარჯვებულის თქმით, მისი ძირითადი გეგმა ესტონეთში კომპანიის დაარსებას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც საკუთარ იდეას პრაქტიკაში განახორციელებს.

myquiz