ამერიკულმა კომპანიებმა კოსმოსში ტურისტები, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაგზავნონ | Allnews.Ge

ამერიკულმა კომპანიებმა კოსმოსში ტურისტები, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაგზავნონ

2 საათი და 11 წუთი - კოსმოსში ზუსტად ამდენი ხნით ყოფნას სთავაზობენ მომავალ კლიენტებს ამერიკის წამყვანი კერძო კომპანიები Virgin Galactic და Blue Origin, რომლებიც კოსმოსური ტურიზმის სფეროში გეგმების რეალიზებას უახლოეს წლებში აპირებენ.

"კოსმოსური ხომალდის New Shepard-ის სუბორბიტალური ფრენა 11 წუთს გაგრძელდება, - განაცხადა Blue Origin-ის სტრატეგიული პროგრამის ხელმძღვანელმა არიანა კორნელმა. ექვს ადამიანზე გათვლილი კაფსულის ზედაპირის მესამედს ილუმინატორები დაიკავებს. ფრენის დასრულების შემდეგ კაფსულა სამი პარაშუტით ტეხასის შტატში რბილ დაშვებას განახორციელებს. ფრენის მონაწილეების მომზადება ერთ დღეს გასტანს".

"ჩვენ ადამიანების გამგზავრება ერთ-ორ წელიწადში გვსურს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე საცდელ ფრენას ჩავატარებთ. სწორად გამიგეთ, არანაირი რბოლა არ არსებობს. ჩვენ მივიღებთ ადამიანებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამისთვის მზად ვიქნებით. თუ ამისთვის უფრო მეტი დრო დაგვჭირდება, პირველი ფრენა უფრო გვიან განხორციელდება", - აღნიშნა კორნელმა.

New Shepard-ისგან განსხვავებით, კომპანია Virgin Galactic-ის ხომალდ SpaceShipTwo-ს გასაშვებ სიმაღლეზე (20 კილომეტრი) ტურისტებს თვითმფრინავი White Knight Two მიიყვანს.

"სუბორბიტალური ფრენა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება, ხოლო მისი მონაწილეების მომზადება სამ დღეს გასტანს", - განაცხადა Virgin Galactic-ის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ დალბელომ, - "სულ ბორტზე ექვსი ადამიანი იქნება. ჩვენი კომპანიის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს კოსმოსი დემოკრატიული გახდეს, ამიტომ მონაწილეების შერჩევისას ჩვენ სუპერგმირების ძებნას არ დავიწყებთ - ფრენის მონაწილე შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის, ეროვნების და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანი. მაგალითად, სტივენ ჰოკინგს გაფრენის დიდი სურვილი აქვს".

myquiz