რუსეთში შესაძლოა "ფეისბუქი" დაიბლოკოს | Allnews.Ge

რუსეთში შესაძლოა "ფეისბუქი" დაიბლოკოს

სოციალური ქსელი "ფეისბუქი" რუსეთში დაიბლოკება, თუ პერსონალური მონაცემების შენახვის შესახებ კანონის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის მასობრივი კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საზედამხედველო ფედერალური სამსახურის ("როსკომნადზორი") ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჟაროვმა განაცხადა.

"კანონი ყველამ უნდა შეასრულოს, შესაბამისად, არანაირი ეჭვი არ არსებობს - ან ჩვენ კანონის დაცვას მივაღწევთ, ან კომპანია რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას შეწყვეტს, როგორც ეს, სამწუხაროდ, LinkedIn-ის შემთხვევაში მოხდა. არანაირი გამონაკლისი არ იქნება დაშვებული“, - აღნიშნა ჟაროვმა.

მისი თქმით, "როსკომნადზორში" კარგად ესმით, რომ "ფეისბუქი" რუსეთში ძალიან პოპულარულია.

"მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ ეს არაა უნიკალური სერვისი და არსებობს სხვა სოციალური ქსელებიც. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კომპანია "ფეისბუქმა" 242-ე კანონი შეასრულოს", - დასძინა ჟაროვმა.

myquiz