"კასპერსკი" მის სანდოობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

"კასპერსკი" მის სანდოობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევგენი კასპერსკი მის მიერ დაარსებული კიბერდაცვის კომპანიის რუსეთის მთავრობასთან კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ამერიკელ მომხმარებელს საფრთხეს არ უქმნის.

ევგენი კასპერსკიმ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ "კასპერსკის" აკრძალვასთან დაკავშირებით ინტერვიუ BBC-ის მისცა. მისი თქმით, მომხდარმა "არაკომფორტული ვითარება" შექმნა.

აშშ-ის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, "კასპერსკი" კრემლის ზეგავლენის მიმართ სუსტია, თუმცა კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ მოსკოვში ცხოვრებისა და ამ ქვეყნის კანონის მიხედვით კიბერ-უსაფრთხოების დაცვის გარდა, რუსეთთან უფრო ღრმა ურთიერთობები არ ჰქონია.

"როდესაც ამბობენ, რომ რუსეთის დაზვერვასთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ბევრ კანონის დამცველ სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ, იგივე ხდებოდა წარსულში ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც," - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღაზია Best Buy-ს მიერ "კასპერსკის" პროდუქტების გაყიდვა აიკრძალა, თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ სხვა რიტეილერებთან პოზიტიური მოლაპარაკებები აქვთ. ამავდროულად, კრემლში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მთავრობის ქმედებები "არასამართლიანი შეჯიბრია".

ევგენი კასპერსკის თქმით, მას სურდა, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაუმჯობესებულიყო და კიბერდაცვასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა დაწყებულიყო.

ამერიკას "კასპერსკისთან" პრობლემა მას შემდეგ აქვს, რაც რუსეთი ჰაკერებისა და კიბერ-კრიმინალებისგან მომდინარე ახალ საფრთხედაა მიჩნეული. გარდა ამისა, აშშ-ს ოფიციალურ უწყებებს მიაჩნიათ, რომ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ მხრივ რუსეთის მთავრობა ღრმად ერეოდა.

აკრძალვის შემდეგ, აშშ-ს მომხმარებლებმა შესაძლოა, "კასპერსკის" მიმართ ნდობა დაკარგონ და მისი პროდუქტი აღარ შეიძინონ, რადგან თავიანთი ხელისუფლება სწორედ ამისკენ მოუწოდებს. მიუხედავად ამისა, ევგენი კასპერსკი აცხადებს, რომ მისი კომპანიის კარი ყველა მომხმარებლისთვის ღიაა, - "ჩვენ კარი ღია გვაქვს, ვამოწმებთ ყველაფერს. არ გვაქვს საიდუმლოები, და ჩვენი მომხმარებლებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ცუდს არაფერს ვაკეთებთ. გთხოვთ, დარჩით ჩვენთან".

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz