შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ციფრულ ვერსიაში? | Allnews.Ge

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ციფრულ ვერსიაში?

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ციფრულ ვერსიაში? ამ საკითხზე დიდი ხანია მუშაობენ და ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა საწყისი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყეს. მათი ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში თქვენს ციფრულ ვერსიას Facebook-ზე მეგობრებთან მარტივი საუბრის წარმოება და ინსტაგრამზე განახლებების გაკეთება შეეძლება, რომელიც მაგალითისთვის, ყოფილ მეგობარ ბიჭთან ერთად, იტალიაში დასვენების მომენტებს ასახავს.

სიკვდილის შემდეგ ციფრული ცხოვრების გაგრძელება ალბათ უცნაურად ჟღერს. ეს ყველაფერი ალბათ, სატელევიზიო შოუ "შავი სარკის" რომელიმე ეპიზოდს მოგაგონებთ, მაგრამ სტარტაპები აღნიშნული იდეის განხორციელებაში დიდი დროისა და ფულადი რესურსის ინვესტიციას ახორციელებენ.

სტარტაპი სახელწოდებით, Eternime ონლაინ ანაბეჭდების შეკრებას გეგმავს. ის გააერთიანებს ყველაფერს, რაც სოციალურ მედიაში ოდესმე დაგიპოსტავთ (აზრები, ფოტოები, ვიდეოები...) და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, თქვენს ციფრულ ვერსიას შექმნის, რომელსაც თქვენი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგაც კი,  საყვარელ ადამიანებთან და შთამომავლებთან კონტაქტი შეეძლება.

"ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, რომელთა შეგროვებაც შესაძლებელი გახდება. ციფრულ ავატარს, თავისი თანამოსაუბრისთვის ბიოგრაფიული თარიღებიდან დაწყებული, ყველაფრის შეთავაზება შეეძლება" - ამბობს Eternime-ის დამაარსებელი მარიუს ურსაჩე.

Eternime-ის პროგრამა, რომელიც მსურველების ციფრულ ვერსიას შექმნის, მომავალ წელს გაეშვება. ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, პროექტში მონაწილეობის სურვილი მოცემული მომენტისთვის, 37 192 ადამიანმა გამოთქვა.

თუმცა, თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი ციფრული ავატარი შორეული პერსპექტივაა, ყოველთვის შეგიძლიათ დაგეგმოთ რამდენიმე შეტყობინება DeadSocial.org-ის მეშვეობით, რომელიც თქვენს შეტყობინებებს გარდაცვალების შემდეგ, წინასწარ მითითებულ დროს გამოაქვეყნებს და ახლობლებსა და მეგობრებს თქვენს ფიქრებსა და განზრახვებს გაანდობს.

ყველაზე პრაგმატულ ადამიანებს კი ამ გზით საკუთარი დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზებაც კი შეუძლიათ.

 

იხილეთ ორიგინალი სტატია: How your digital self could 'live' on after you die

myquiz