ლილოში საწარმო აშენდება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან საწვავს დაამზადებს | Allnews.Ge

ლილოში საწარმო აშენდება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან საწვავს დაამზადებს

ლილოს ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მარხავენ, მათი გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც აღნიშნული მასისგან საწვავს დაამზადებს.

საწარმოს კომპანია "კადევე ჯორჯია" ააშენებს, ხოლო მისი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება 2019 წლიდან დაიწყება. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ვაჟა სამადბეგიშვილი განმარტავს, რომ ქვის, ღორღის, კერამიკისა და მსგავსი ტიპის ნარჩენების გარდა, ყველაფრის გადამუშავება მოხდება.

"დასუფთავების სამსახური წელიწადში 360 000 ტონა ნარჩენს აგროვებს, რაც დღეში საშუალოდ, 1 000 ტონაა, მაგრამ ჩვენ გათვლას დაახლოებით, 30%-ით მეტ მასაზეც გავაკეთებთ, რომ უფრო დიდი მასის გადამუშავება შევძლოთ. საწყის ეტაპზე წელიწადში დაახლოებით, 72 000-დან 75 000 ტონამდე ევროსტანდარტის დიზელსა და დაახლოებით 25 000 ტონა ბიტუმს მივიღებთ. ამ ნავთობპროდუქტების რეალიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვგეგმავთ," - აღნიშნავს ვაჟა სამადბეგიშვილი.

"კადევე ჯორჯას" აგვისტოს ბოლომდე, 50 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გადაეცეს, სადაც მოსახლეობისა და საწარმოს თანამშრომლების უსიამოვნო სუნისგან განსათავსუფლებლად, გაზშემკრების დამონტაჟება მალე დასრულდება, შემდეგ კი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

"თავის დროზე, როდესაც ეს ადგილი გაკეთდა, არ დამონტაჟდა გაზშემკრები და სწორედ ეს ჭაობის გაზი აწუხებს ახლა მოსახლეობას და აბინძურებს გარემოს. იქ 300 ადამიანი აქტიურ სამუშაო რეჟიმში უნდა გვყავდეს და თუ მოსახლეობას კილომეტრნახევრის მოშორებით აწუხებს აუტანელი სუნი, თანამშრომლებისთვის ადგილზე გაჩერება შეუძლებელი იქნება. ამიტომ გაზშემკრების გაკეთებას ველოდებით," - განმარტავს "კადევე ჯორჯიას" დირექტორი.

საწარმოს მშენებლობა დაახლოებით, 83 მილიონ ნახევარი დოლარი ჯდება, რომლის ნაწილის ინვესტირებასაც ამერიკული კომპანია ახორციელებს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz