სკოლა თბილისში, სადაც მოსწავლეები რობოტებს ქმნიან | Allnews.Ge

სკოლა თბილისში, სადაც მოსწავლეები რობოტებს ქმნიან

მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა - ეს მიმართულებები რობოტიკის აკადემიის პრიორიტეტებია, რომლებსაც მოსწავლეებს პირველიდან მე-12 კლასამდე ასწავლიან.

აკადემიის მოსწავლეები, მაღალ კლასებში არამხოლოდ აღნიშნული დარგების შესწავლით, არამედ მათი პრაქტიკაში დანერგვით არიან დაკავებულები.

ერთ-ერთი პროექტი, რომლითაც "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" დაინტერესდა, მოწყობილობაა, რომელიც ახალი მეთოდით, ვიბრირების საშუალებით ხიდების, სხვადასვა ნაგებობის, ძეგლებისა თუ მილების დაზაიანების ინდექსს აფიქსირებს. მოწყობილობას "უნივერსალმეტერი" ეწოდება და მზის ენერგიაზე მუშაობს.

UG-Limes-ის დირექტორის, ლევან გაბისონიას თქმით, მოსწავლეები კიდევ ორ დიდ პროექტზე მუშაობენ. ესენია "სუპერთვალი" და Smart Key-რომელიც "ჭკვიანი სახლის" შემადგენელი ნაწილი იქნება.

"სუპერთვალი" მოწყობილობაა, რომელიც გარშემო არსებულ ყველა ტიპის გამოსხივებას აფიქსირებს, იქნება ეს ელექტრომაგნიტური, ულტრაიისფერი თუ სხვა. როგორც დროის გაგებაა შესაძლებელი საათის საშუალებით, სწორედ ასეა შესაძლებელი, გააკონტროლო თუ რა გამოსხივებაა შენს გარშემო,"-განმარტავს ის.

რაც შეეხება Smart Key-ს, ის სახლის დაცვის საშუალებაა, რომელიც ტელეფონის ან სხვა რაიმე ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით იმართება.

რა არის ჭკვიანი სახლი და რა ღირს მისი მოწყობა საქართველოში

ამ და სხვა პროექტების ავტორი მოსწავლეები UG-Limes-ში 2013 წლიდან სწავლობენ, რადგან საგანმანათლებლო დაწესებლება სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა.

"2013 წლის 27 იანვარს გამოვაცხადეთ პირველი მიღება, პროგრამაზე, რომელსაც ჰქვია "შეიმეცნე ელექტრონიკა."

2014 წლის თებერვალში, როგორც კი სასწავლო პროცესი დავიწყეთ, მოსწავლეების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. ეს ხდებოდა 2013-2014 წელს, მაშინ როდესაც სწავლების ასეთი მეთოდისა და მიდგომის თვალსაზრისით ქვეყანაში სრული სიბნელე იყო. მაშინ არ არსებობდა ტექნოლოგიური პარკი, არცერთი სტუდია, ცენტრი ან რაიმე საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ბავშვს შეეძლო რობოტექნიკა, ელექტრონიკა შეესწავლა,"- იხსენებს ლევან გაბისონია და დასძენს, რომ დღეს, UG-Limes-ი თავის ქსელში 1 000 მოსწავლეს აერთიანებს.

მოსწავლეებს, საშუალება აქვთ მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში დაგროვილი ცოდნა პრაქტიკაში განახორცილონ. სწავლების პროცესში მათ ურიგდებათ შესაბამისი მასალები, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებლობა ეძლევათ მოწყობილობები თავად შექმნან.

რობოტიკისა და ელექტრონიკის აკადემიაში სწავლების განსხვავებული მეთოდებია.

"ეს ბავშვები საკუთარ იდეებს ახორციელებენ. მაგალითად, ერთ-ერთი სისტემა გაზის, მტვრის, ნესტის დონეს აკონტროლებდა, რთავდა გამწოვს და გამათბობელს."-განმარტავს სკოლის დირექტორი, ლევან გაბისონია.

მისი თქმით, ამჟამად, მოსწავლეები ცოდნის გაღრმავებითა და უფრო მეტი იდეის განხორციელებით არიან დაკავებულები, თუმცა მომავალში, შესაძლოა, თავიანთი იდეები ბიზნესად აქციონ.

"მათი პრიორიტეტი სულ უფრო და უფრო მეტი საინტერესო პროდუქტის შექმნაა.

დარწმუნებული ვარ, როდესაც სწავლას უნივერსიტეტეში გააგრძელებენ და ნელ-ნელა ისეთ უნარებს შეიძენენ, რაც ბიზნესის შექმნასა და განვითარებას სჭირდება, რა თქმა უნდა, ბიზნესითაც დაინტერესდებიან. მათ იციან, რომ ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც იქმნება და ინოვაციაა, ბაზარზე უნდა გავიდეს, ხოლო რაც ბაზარზე ვერ გადის, ამაზე ფიქრი უნდა შეწყდეს,"-აღნიშნავს რობოტიკისა და ელექტონიკის აკადემიის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ UG-Limes-ი შაბათ-კვირის სკოლაა, ხოლო ყოველთვიური გადახადი 80-100 ლარია. ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები აკადემიის რეგიონულ ცენტრებში გახსნაა, რათა მოსწავლეებს მეცნიერებაში ცოდნის გაღრმავების საშუალება მიეცეთ.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz