"გენური ინჟინერია უკვე გამოიყენება კაცობრიობის რასის "გასაუმჯობესებლად" - რა არის კლონირება, რა საფრთხეები და შესაძლებლობები აქვს გენურ ინჟინერიას | Allnews.Ge

"გენური ინჟინერია უკვე გამოიყენება კაცობრიობის რასის "გასაუმჯობესებლად" - რა არის კლონირება, რა საფრთხეები და შესაძლებლობები აქვს გენურ ინჟინერიას

გენური ინჟინერიის განვითარების პიკად შეიძლება კლონირება ჩაითვალოს. თუმცა, ეს ეთიკური თუ სხვა ნორმების გათვალისწინებით აკრძალულია.

კლონირება არის გარკვეული ინდივიდუმის ზუსტი კვლავწარმოება. ამ მიმართულებით ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ე.წ. ბირთვის გადატანის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შოტლანდიაში 1996 წელს ცხვრის, სახელად დოლის კლონირება განხორციელდა. კლონირების პარალელურად, გენური ინჟინერიის შესაძლებლობები, ფაქტობრივად, შეუზღუდავია.

გენური ინჟინერიის შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე Allnews.ge-ს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი რამაზ გახოკიძე ესაუბრა.

- როგორია გენური ინჟინერიის როლი მედიცინაში?

გენური ინჟინერიის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ახალი გენეტიკური მასალის მიღება, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მედიცინის განვითარებაში. მაგალითად, არსებობს გენმოდიფიცირებული ინსულინი. დიაბეტით დაავადებულთა რიცხვმა ისე იმატა, რომ აღარ იყო ყველასთვის სამყოფი ინსულინის დასამზადებელი ცხოველური მასალა.

1978 წელს შემუშავდა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც, ადამიანის ინსულინის გენი გადატანილ იქნა ადამიანის ნაწლავის ბაქტერიაში, რომელმაც მისთვის უჩვეულო ნივთიერების - ადამიანის ინსულინის მიღება "ისწავლა". გენურმა ინჟინერიამ დიდი როლი შეასრულა მრავალი ვირუსული დაავადების სამკურნალო პრეპარატის, ინტერფერონის წარმოებაში.

- როგორია გენური ინჟინერიის შესაძლებლობები კლონირების კუთხით?

გენურ ინჟინერიას შეუძლია ახალი მცენარის, ახალი ცხოველის, ახალი ადამიანის მიღება. უკვე აშენებენ ტრანსგენურ ტყეებს, მიმდინარეობს ცხოველებისა და ადამიანის კლონირება.

პირველად კაცობრიობის ისტორიაში ადამიანი სიცოცხლის არქიტექტორად გვევლინება.

შესაძლებელი გახდა ცოცხალი არსებისგან მისი ასლის წარმოქმნა ანუ კლონირება იმ გენეტიკური მასალის გამოყენებით, რომელსაც შეიცავს მოცემული უჯრედი. კლონირებულ ცხოველთა უმრავლესობა იღუპება დაბადებამდე ან დაბადებისთანავე, ხოლო მათ, რომლებიც იბადებიან, აქვთ ჰიპერტროფირებული ორგანოები, დეფორმირებული კიდურები, დარღვეული იმუნური სისტემა, დაავადებულნი არიან დიაბეტით.

გენური ინჟინერია უკვე გამოიყენება კაცობრიობის რასის "გასაუმჯობესებლად". ეს პროექტი ცნობილია ევგენიკის სახელით. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დააპატენტეს ცხოველთა სპერმის გენეტიკურად შეცვლის მიღების მეთოდი, თაობიდან თაობაზე გადაცემული თვისებების შეცვლის მიზნით. ეს, ანალოგიურად, შესაძლებელია ადამიანების შემთხვევაშიც. არის საშიშროება, რომ მცირე კორპორაციული ელიტა მალე გააკონტროლებს პლანეტის ყველა გენეტიკურ მემკვიდრეობას. ასე რომ, გენეტიკურ მანიპულაციებს ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება.

- ზოგადად, რა საფრთხეების შემცველია გენური ინჟინერიის ფართოდ განვითარება?

გენური ინჟინერია სავსეა გაუთვალისწინებელი, გვერდითი მოვლენებით. მაგალითად, როდესაც ორაგულში შეიყვანეს ნიანგის ზრდის ჰორმონის გენი, ორაგული ერთბაშად გაიზარდა, მაგრამ მწვანედ შეიფერა და ჯანმრთელობის პრობლემებიც გაუჩნდა.

ცნობილია შემთხვევები, თუ როგორი ზიანი მიაყენა ადამიანებს გენეტიკურად შეცვლილმა პროდუქტებმა. მაგალითად, გენეტიკურად შექმნილი ელ-ტრიპტოფანის (საკვებდანამატი) გამო ათასობით ადამიანი გარდაიცვალა ან მძიმედ დაავადდა სისხლის დაავადებით (ეოზინოფილია-მიალგიის სინდრომი).

- ბიოლოგიური იარაღის შექმნაში რა როლი შეიძლება ითამაშოს გენურმა ინჟინერიამ?

არსებობს გენეტიკურად შეცვლილი ბიოლოგიური იარაღის შექმნის საშიშროება. ასეთი იარაღი მოიცავს ყველა ანტიბიოტიკის მიმართ მდგრად ბაქტერიებს, ასევე ახალ ორგანიზმებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინის მოქმედების ანულირება ან ადამიანთა და მცენარეთა ბუნებრივი წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, ჰორმონული ბალანსის დარღვევით გამოწვეული უვნებელი ბაქტერიების ტრანსფორმაცია მკვლელებად. ეს ბაქტერიები კი ადამიანის ნაწლავებში ბინდარობს.

არსებობს გენური ინჟინერიის მიღწევების ანტიადამიანური მიზნით გამოყენების საფრთხეც. შეიძლება შეიქმნას ძალიან საშიში ბიოლოგიური იარაღი, წარმოიქმნას დედამიწისათვის უცნობი ახალი ორგანიზმები, რომელთა საწინააღმდეგო იმუნიტეტი ადამიანს არ გააჩნია.

ჯერჯერობით უცნობია ისიც თუ რა გავლენას მოახდენს ორგანიზმზე გენური ვაქცინები. ამასთან, ვირუსებმა თავიანთ "თანამოძმეებთან" შერწყმით შეიძლება ისეთი ჰიბრიდები წარმოქმნან, რომ შიდსი ბავშვურ თამაშად მოგვეჩვენოს.

ამგვარად, გენური ინჟინერია აბსოლუტურად ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც არღვევს ბარიერებს არა მარტო სახეობებს შორის, არამედ ადამიანებს, ცხოველებს და მცენარეებს შორისაც. ცხოველთა და ადამიანის გენებსაც კი ამატებენ მცენარეთა ან ცხოველთა გენებს, რაც იწვევს წარმოუდგენელი ტრანსგენური სასიცოცხლო ფორმების წარმოქმნას. გენურმა ინჟინერიამ წარმოშვა უპრეცედენტო ეთიკური და სოციალური პრობლემები.

გენმოდიფიცრებულ პროდუქტებს შეუძლია კიბოს პროვოცირება. ტრანსგენებს აქვს თვისება ჩაერთოს ნაწლავის მიკროორგანიზმების გენურ აპარატში, ეს კი უკვე მუტაციაა. როგორც ცნობილია, სწორედ უჯრედების მუტაცია იწვევს კიბოვანი უჯრედების წარმოქმნას.

ნანა მღებრიშვილი

myquiz