მეცნიერებმა ადამიანისა და ღორის ემბრიონი შექმნეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა ადამიანისა და ღორის ემბრიონი შექმნეს

ლაბორატორიაში ადამიანისა და ღორის ჰიბრიდი გამოიყვანეს. კვლევის შედეგები ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა. მეცნიერების მიერ გამოყვანილ ემბრიონში ადამიანის უჯრედების წილი 0,001 პროცენტს შეადგენს, დანარჩენი კი ღორის უჯრედებია. ემბრიონი მხოლოდ 28 დღის განმავლობაში ვითარდებოდა.

მკვლევარების თქმით, მსგავსი ჰიბრიდები მეცნიერებს იმ ტექნოლოგიის შემუშავებაში დაეხმარება, რომლის საშუალებითაც მომავალში ცხოველის ორგანიზმში ადამიანის ორგანოების გაზრდა გახდება შესაძლებელი. ასევე იმედოვნებენ, რომ ჰიბრიდებზე სხვადასხვა მედიკამენტების მოქმედებასაც გამოცდიან.

კვლევების საწყის ეტაპზე, მეცნიერები ადამიანის ღეროვან უჯრედებს ღორის ემბრიონში ნერგავდნენ, შედეგად ადამიანისა და ღორის უჯრედების ნაზავს იღებდნენ, რომელსაც მდედრობითი სქესის ღორის სხეულში გასაზრდელად ერთი თვით ათავსებდნენ. აღნიშნული პროცესი არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან 2 075 ემბრიონიდან, 28 დღეში მხოლოდ 186 მათგანი განვითარდა.

პროცესის ნაკლებეფექტურობა მეცნიერმა ხუან კარლოს ისპისუა ბელმონტემ ხანგრძლივი ევოლუციით ახსნა, რომელმაც ადამიანი და ღორი ერთმანეთს ძალიან დააშორა. გარდა ამისა ღორის ნაყოფი გაცილებით სწრაფად ვითარდება და ემბრიონი დასრულებულ ფორმას 4 თვეში იღებს.

იმისთვის რომ მკვლევარებმა წინასწარგანსაზღვრული მიზნებისთვის ემბრიონის გამოყენება შეძლონ, მასში ადამიანის უჯრედების წილი 0,1- 1 პროცენტამდე უნდა გაზარდონ.

myquiz