ქართული აპლიკაციები, რომელიც ყველა ადამიანის მობილურში უნდა იყოს | Allnews.Ge

ქართული აპლიკაციები, რომელიც ყველა ადამიანის მობილურში უნდა იყოს

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სმარტფონისა და შესაბამისად, მობილური აპლიკაციების გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ბაზარზე ყველდღიურად ჩნდება აპლიკაციები, რომელთა ნაწილი ფასიანია, ნაწილი - უფასო. უმეტესად უფასოა აპლიკაციები, რომლებიც კომპანიების მარკეტინგულ კამპანიაში ჯდება და მათი პოპულარობის ზრდას ეხმარება. უფრო საჭირო აპლიკაციები კი ფასიანია.

საქართველოში არსებობს რამდენიმე ლიდერი დეველოპერული კომპანია, რომლებიც საკმაოდ წარმატებულ აპლიკაციებს ქმნიან. თუმცა პარალელურად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურად ქმნიან პროდუქტებს. მათი ნაწილი უბრალოდ სამოყვარულო დონისაა და გადმოწერების დიდ რაოდენობას ვერც აგროვებს, ნაწილი კი საკმაოდ მოთხოვნადია.

დეველოპერები ხშირად ჩივიან, რომ ქართული კომპანიები ამ მხრივ ინოვაციურობით არ გამოირჩევიან და საკუთარი კომპანიების თუ სერვისების სმარტფონთან ინტეგრაციას სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. მაგალითად, 2-3 წლის წინ არ არსებობდა მობილური ოპერატორების აპლიკაციები, რომლებიც ანგარიშის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. მომხმარებელს ანგარიშის გაგება USSD კოდების საშუალებით უწევდა. ახლა კი საქართველოში მოქმედ სამივე მობილურ ოპერატორს აქვს აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საკუთარი ანგარიშების შესახებ სრულ ინფორმაციას აძლევს.

საკმაოდ პოპულარულია აპლიკაციები, რომლებიც სატელევიზიო პროგრამების ყურების საშუალებას იძლევა. მათ შორის მოწინავე პოზიციას MyVideo და Silk TV იკავებენ.

MyVideo დიდი ხანია მომხმარებელს სთავაზობს Youtube-ის მსგავს სერვისს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძირითადად ქართველ მომხმარებელზე ორიენტირებული კონტენტია ხელმისაწვდომი. ეს აპლიკაცია საკუთარ თავში აერთიანებს ორ ფუნქციას, პირველი ვიდეო ჰოსტინგი და მეორე სატელევიზიო გადაცემების პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა.

მისი კონკურენტი Silk TV-ია. იგი საშუალებას გვაძლევს ვუყუროთ, როგორც არხებს, აგრეთვე სასურველი გადაცემების ჩანაწერებს ელექტრონული TV პროგრამის დახმარებით. წინა აპლიკაციისაგან მას განასხვავებს პოზიცია, რომელიც სილქნეტს უჭირავს ბაზარზე. მას გააჩნია საკუთარი არხები, რომლის ჩვენების უფლებას სხვა სერვისებს გასაგები მიზეზების გამო არ აძლევს და მათი ნახვა მხოლოდ Silk TV-ის აპლიკაციით შეგიძლიათ.

სიახლეების ტრადიციული საშუალებებით გაგება თანამედროვე ცხოვრების სტილში ნაკლებად ჯდება. საზოგადოებისთვის უფრო და უფრო მოსახერხებელი ხდება მობილური აპლიკაციების გამოყენება. მსოფლიო მასშტაბით აპლიკაცია ყველა წამყვან მედიასაშუალებას აქვს. საქართველოში ამ მხრივ გამოირჩევა საინფორმაციო სააგენტოს "ინტერპრესნიუსის" აპლიკაცია, რომელიც ისევე ოპერატიულად მუშაობს, როგორც თავად სააგენტო.

ამიტომ მათთვის, ვისაც სურს სწრაფად გაიგოს ახალი ამბები, აუცილებლად უნდა გადმოწეროს Ipn.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" აპლიკაციის გადმომწერებს აქვს შესაძლებლობა ე.წ Breaking News-ი შეტყობინების სახით მიიღონ.

საქართველოში მსგავსი აპლიკაციები, რომელსაც ესა თუ ის მედიასაშუალებას აქვს, ძალიან მწირია. მედიასაშუალების აპლიკაციაზე უფრო მოთხოვნადი ის მობილური აპლიკაციებია, ახალი ამბების აგრეგატორია, ანუ სხვადასხვა რესურსებიდან აგროვებს ამბებს და თავს თქვენს სმარტფონში უყრის. ამ მხრივ ქართულენოვან აპლიკაციებში გადმოწერების რაოდენობით "ამბები" ლიდერობს. მას აქვს სიახლეების სმარტფონში ჩამოტვირთვის საშუალება, რუბრიკების არჩევა, ახალი ამბების გაზიარება სოციალურ ქსელებში, Push შეტყობინებების ფუნქცია.

ე.წ რიდერები, ანუ პროგრამები, რომლის საშუალებითაც მსურველს შეუძლია წაიკითხოს წიგნები სმარტფონებსა და პლანშეტებზე, მარკეტში ძალიან ბევრია. წიგნების სმარტფონებში კითხვა კი საკმაოდ აქტუალურია. საქართველოში არსებობს რამოდენიმე ონლაინ წიგნის მაღაზია და მათ საკუთარი აპლიკაციაც აქვთ. ესენია Iota Reader და Saba Reader. Iota Reader არის საიტ Lit.ge-ის ოფიციალური რიდერი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ამ საიტიდან და არა მხოლოდ იქიდან გადმოწერილი წიგნები წაიკითხოს. SABA reader არის წიგნების ონლაინ მაღაზიის saba.com.ge-ის აპლიკაცია.

ორივე შემთხვევაში აპლიკაცია წიგნების ელექტრონული ვერსიების ყიდვის საშუალებასაც იძლევა. საიტზე შეძენილი წიგნები ავტომატურად იწერება აპლიკაციაშიც. წიგნების ფასი სხვადასხვაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უფრო იაფი, ვიდრე მისი ნაბეჭდი ვერსია. ზოგი წიგნის გადმოწერა უფასოდაა შესაძლებელი.

ამას გარდა, საქართველოში სმარტფონებთან ყველაზე მეტად მეგობრული საბანკო სფერო აღმოჩნდა. მოწინავე ქართული ბანკები ერთმანეთს კონკურენციას დახვეწილი მობილური ბანკინგითაც უწევენ. მობილური აპლიკაციების საშუალებით დღეს საქართველოში მრავალი საბანკო ოპერაციის განხორციელებაა შესაძლებელი.

ქართულ კომპანიებს შორის, ერთ-ერთი პირველი და წარმატებული აპლიკაცია სააფთიაქო ქსელმა GPC-მ შექმნა. მან მომხმარებელს შესთავაზა მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც აფთიქების მისამართების, მედიკამენტების ფასების შესახებ ინფორმაცია იყო მოცემული. მასშივე იყო ინტერგრირებული დაგროვებითი ბარათის ელექტრონული ვერსია. ამით კომპანიამ ბევრი მომხმარებლის გულის მოგება მოახერხა. კონკურენტებმა მსგავსი სერვისი მომხმარებელს წლების შემდეგ შესთავაზეს და ზოგი მათგანი კვლავ დასახვეწია.

ასევე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო აპლიკაცია, რომელიც ქართველმა შექმნა Help112, მისი საშუალებით გასაჭირში მყოფ ადამიანს, ღილაკზე თითის ერთხელ დაჭერით, შეუძლია მიიღოს დახმარება საგანგებო სიტუაციების სამსახურისგან.

სხვა ქართულ აპლიკაციებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართული ე.წ ფონტის აპლიკაციაა. სმარტფონის შეძენისთანავე მფლობელი ამოწმებს, აქვს თუ არა მის ტელეფონს ქართული შრიფტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იწერს აპლიკაცია, რომელიც ქართულად წერის საშუალებას მისცემს. ანდროიდ სისტემისთვის მისი რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ნაწილი ქართველების შექმნილია, ნაწილი კი - არა. iOS სისტემისთვის კი "ფონტის" აპლიკაციის ყველაზე პოპულარული და დახვეწილი ვარიანტი კოპანია "ლემონდოს" მიერ არის შექმნილი.

დეველოპერები აქტიურად ქმნიან საბავშვო აპლიკაციებსაც. მათი ნაწილი საკმაოდ სასარგებლოა. მაგალითად, არსებობს ქართული ზღაპრების და ლექსების აპლიკაციები, რომლებიც ბავშვებს სხვადსახვა უნარების განვითარებაში ეხმარება.

მობილურ აპლიკაციებში თამაშებსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი უკავია. ქართულ თამაშებს შორის კი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თამაში, რომელიც ვაკის პარკს გადაარჩენს. Save Vake Park მარკეტში 2014 წლის მარტში დაიდო, თუმცა არც ისე ბევრი გადმოტვირთვა აქვს. ის ვაკის პარკში ბუნების გაჩეხვას და ახალი ნაგებობების მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება. ამ თამაშში თქვენ მართავთ მტრედს, რომელიც ვაკის პარკში მშენებლობის მიმდინარეობის დროს დაფრინავს და თავს აღწევს სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკას.

ნანა მღებრიშვილი

myquiz