ქართველი მეცნიერის საიდუმლო ექსპერიმენტები დელფინებზე | Allnews.Ge

ქართველი მეცნიერის საიდუმლო ექსპერიმენტები დელფინებზე

დელფინები ყოველთვის ჭკვიან და ადამიანისთვის საინტერესო არსებებად მიიჩნეოდნენ. დელფინარიუმებში მომთვინიერებელთა სურვილისამებრ მათ სხვადასხვა მოძრაობის შესრულება შეუძლიათ. ასევე, ბევრ ფილმში შევხვდებით ამაღელვებელ ისტორიებს, თუ როგორ იხსნა დელფინმა ადამიანი სიკვდილისგან.

გარდა აღნიშნული მაგალითებისა, დელფინების უნარები სამხედრო მიმართულებითაც გამოიყენება, რაზეც მეცნიერი, თენგიზ ზორიკოვი წლების განმავლობაში მუშაობდა.

მეცნიერი დელფინის ექოლოკაციური სისტემის შემსწავლელ საიდუმლო საზღვაო პროგრამებში იყო ჩართული და თავდაპირველად, ექსპერიმენტებს სევასტოპოლის დახურულ დელფინარიუმში ატარებდა. მან დაადგინა, რომ დელფინს, საგნიდან არეკლილი ექო-სიგნალების მეშვეობით, ნიშან-თვისების საშუალო მნიშვნელობის შეფასების უნარი გააჩნია, რაც მოგვიანებით დაამუშავა და შეისწავლა.

გარდა ამისა, მეცნიერმა ულტრაბგერითი სიგნალების ფართო კლასი აღმოაჩინა.

"ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე და იმის მიხედვით, თუ როგორ აღიქვამდა დელფინი ამა თუ იმ სიგნალს, გამომქონდა ლოგიკური დასკვნები," - იხსენებს თენგიზ ზორიკოვი.

დელფინებზე დაკვირვებისა და ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ, მეცნიერმა ექოსიგნალების გარჩევისა და ამოცნობის კომპიუტერული მოდელი შეიმუშავა, რომლის გამოცდამაც აჩვენა, რომ ეს მოდელი დელფინის სონარის ეფექტიანობასთან შედარებადი და უფრო სრულყოფილია.

"სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დაგროვებული საექსპერიმენტო მასალის საფუძველზე აღნიშნული მოდელი შევქმენი." - აღნიშნავს თენგიზ ზორიკოვი.

მეცნიერი იხსენებს, რომ 2001 წლიდან, როდესაც ექოსიგნალების ამომცნობი პროგრამა უკვე შექმნილი ჰქონდა, თანამშრომლობა ამერიკელ კოლეგებთან დაიწყო, რომელთაც, მისი ნაშრომების შედეგები აღიარეს.

ქართველი ფიზიკოსის რჩევები მობილური ტელეფონების მფლობელებს

"2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების "სამხედრო-საზღვაო კვლევების ოფისს" (Office of Naval Research) ჩემი პროექტი და დასკვნები გადავეცი. 2006 წელს დამიკავშირდნენ და ღამურების შესასწავლი პროექტი შემომთავაზეს, რაც ვფიქრობ, რომ დელფინებთან დაკავშირებული კვლევით დაინტერესების შედეგია. თუმცა, ამ ორგანიზაციის საქმიანობა დახურულია და თუ როგორ მოახდინეს მისი გამოყენება, ცხადია, ამას არავინ მეტყოდა.

რაც შეეხება ჩემი პროექტის ტექნიკურ რეალიზებას, ცხადია, "სამხედრო-საზღვაო კვლევების ოფისს" ამაში დახმარება აღარ სჭირდებოდა, რადგან ისედაც დიდ შესაძლებლობებს ფლობს," - განმარტავს მეცნიერი და დასძენს, რომ მის მიერ შექმნილი პროექტის ეფექტურობა აშშ-ში, "სან დიეგოს უნივერსიტეტის" მეცნიერ პატრიკ მურთან გადაამოწმა და საკუთარი დასკვნების სისწორეში დარწმუნდა.

" შოტლანდიაში დახურული შეხვედრა გვქონდა, რომელსაც გეოლოგიური საზოგადოებიდან მხოლოდ 26 ადამიანი ვესწრებოდით, აქ იყვნენ "ნატოს" წარმომადგენლები და განვიხილავდით ჩვენს მიერ შექმნილ პროექტებს," - იხსენებს ზორიკოვი.

ქართველი ბიოფიზიკოსი პროსტატის დიაგნოსტირების ტექნოლოგიაზე მუშაობს

თენგიზ ზორიკოვის სტატია, რომელიც ღამურების სიგნალებს შეეხება, სამეცნიერო ჟურნალმა Science-მა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ეს მეორე სამეცნიერო სტატიაა, რომელიც ქართველი მეცნიერის ნაშრომისა და კვლევის შესახებ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

თენგიზ ზორიკოვი ამჟამად კიბერნეტიკის ინსტიტუტის კვლევით საქმიანობაშია ჩართული და მომავალში ახალი სამეცნიერო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz