ქართველი ბიოფიზიკოსი პროსტატის დიაგნოსტირების ტექნოლოგიაზე მუშაობს | Allnews.Ge

ქართველი ბიოფიზიკოსი პროსტატის დიაგნოსტირების ტექნოლოგიაზე მუშაობს

2015 წელს საქართველოში სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ 46 800-ს მიაღწია, საიდანაც ბევრი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ამის ძირითადი მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკაა.

ქართველი ბიოფიზიკოსი, ბესიკ ფარცვანია, ქირურგ ალექსანდრე ხუსკივაძესთან ერთად სიმსივნის ადრეული დიაგნოსტირების მეთოდზე უკვე 5 წელია მუშაობს, საქმე ეხება მამაკაცებში პროსტატის კიბოს დროულად აღმოჩენას.

ფარცვანიას თქმით, საკითხით მისი დაინტერესება ყოველ წელიწადს ათეულ ათასობით მამაკაცის პროსტატის სიმსივნით დაღუპვამ გამოიწვია.

ბიოფიზიკოსი განმარტავს, რომ ის მაღალტექნოლოგიური მეთოდები, რომლებიც პროსტატის კიბოს სამკურნალოდ განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება, საქართველოში დანერგილი არ არის და თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, შესაბამისი დანადგარების შემოტანა, ფაქტობრივად გამორიცხულია, - "ამან გვიბიძგა ამ საკითხზე მუშაობა დაგვეწყო.

ვიფიქრეთ, პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებისთვის ხომ არ შეიძლებოდა რაიმე უფრო მარტივი მეთოდი გვენახა, რომელიც ძვირადღირებული არ იქნებოდა. ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ," - აღნიშნა მან Allnews.ge-სთან საუბარში.

საქართველოში ძუძუს კიბოთი დაავადებულთა ასაკი გაახალგაზრდავდა

ხუთწლიანი მუშაობის შედეგად ბიოფიზიკოსმა ხელსაწყოს პროტოტიპი შექმნა, რომელიც ინფრაწითელი სხივების დახმარებით ქსოვილს შიგნით ხედავს. ასევე უკვე კომპიუტერული პროგრამა შეიქმნა, რომელიც აღნიშნული ხელსაწყოს გამოყენებისას მონიტორზე კიბოვან ადგილებს შედარებით მუქად და ზუსტი კონტურებით უჩვენებს, -

"დღეს პროსტატის კიბოს გამოვლენის ყველაზე გავრცელებული მეთოდი მამაკაცის სისხლში PSA-ს (Prostate Specific Antigen) გაზომვაა. თუ აღმოჩნდა, რომ ის 4 ნანოგრამს აღემატება, უკვე პროსტატის კიბოს ეჭვი ჩნდება; 4-დან 10-მდეც შესაძლებელია, ხოლო 10-ის ზემოთ უნდა ვივარაუდოთ, რომ სიმსივნესთან გვაქვს საქმე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს მეთოდი პროსტატის კიბოს 100%-იანი მარკერი არ არის, რადგან PSA-ს ზრდა არამხოლოდ სიმსივნემ, არამედ სხვა ფაქტორებმაც შეიძლება გამოიწვიოს.

შემდეგი ნაბიჯი უკვე ბიოფსიაა, რაც რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან მან შესაძლოა, კიბოს გაღიზიანება გამოიწვიოს ან სისხლმა მისი კოლონიზება სხვა ადგილებში მოახდინოს. შესაბამისად, ეს უსაფრთხო პროცედურა არ არის და დიდ ტანჯვასთანაა დაკავშირებული," - განმარტავს ბიოფიზიკოსი და დასძენს, რომ მის მიერ შექმნილი ხელსაწყოს პროტოტიპით კიბოს დიაგნოსტირების პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდება და ზემოთ აღნიშნულ მეთოდებთან ერთად, მხოლოდ დადებით შედეგებს მოიტანს.

ალკოჰოლის მოხმარება კიბოს შვიდი ტიპის წარმოქმნას უწყობს ხელს

"ხელსაწყო კიბოვან მონაკვეთებს მილიმეტრებშიც ხედავს.

 მე დავდებ ხელსაწყოს მოდელს. დღევანდელი ტექნიკის საშუალებით მისი შექმნა მარტივია" - ამბობს ბესიკ ფარცვანია.

მისივე თქმით, ხელსაწყოს საშუალებით პროსტატის კიბოს დიაგნოსტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი პროცედურა იქნება, - "ეს პროექტი უფრო სოციალურია, ვიდრე კომერციული. საბოლოო მიზანია, გაკეთდეს ხელსაწყო, რომელსაც ჯერჯერობით პროსტატის, შემდეგ კი სხვა სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის გამოვიყენებთ და მისი საშუალებით, დაფარულ ადგილზე კიბოვანი წარმონაქმნის დაფიქსირება მოხდება," - აღნიშნა მეცნიერმა Allnews.ge-სთან საუბარში.

ბიოფიზიკოსი ბესიკ ფარცვანია ხელსაწყოს ტესტირებასა და დანერგვას კლინიკა "გიდმედში" გეგმავს. მისი თქმით, ამ მეთოდის საშუალებით მომავალში კიბოს აგრესიულობის დადგენაც შესაძლებელი გახდება.

სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდი - რა უნდა გავაკეთოთ კიბოს პრევენციისთვის

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz