რა უპირატესობები აქვს ელექტრომობილს და როგორია მისი ფასი | Allnews.Ge

რა უპირატესობები აქვს ელექტრომობილს და როგორია მისი ფასი

რამდენიმე თვის წინ, თბილისში ელექტრომობილის პირველი დასამუხტი სვეტები გამოჩნდა. სვეტები ჯერ მხოლოდ 2 ადგილზეა გაკეთებული - ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან. დასამუხტი სვეტების გამოყენება უფასოა და ელექტრომობილის მძღოლებს მისი გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.

კომპანია i-sfeis-ის დირექტორის, სულხან გვალიას თქმით, ამ წლის ბოლომდე, ელექტრომობილის კიდევ 25 დასამუხტი სვეტი დაიდგმება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

"დამუხტვა გრძელდება 1,5 საათიდან 3 საათამდე, გააჩნია ელექტრომობილის სიმძლავრეს.

ქალაქის პირობებში ასეთი მანქანა საკმაოდ მოსახერხებელია, პირველ რიგში იმიტომ, რომ საკმაოდ ეკონომიურია. სხვა მანქანებთან შედარებით, საშუალოდ 3-ჯერ იაფია და ნაკლები დანახარჯი აქვს. ეკოლოგიის კუთხით ხომ საერთოდ კარგია, მითუმეტეს თბილისისთვის", - ამბობს სულხან გვალია.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, შალვა ოგბაიძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 50-მდე ელექტრომობილია.

"თითქმის 3 წელია ელექტრომობილით დავდივარ. იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას 5 ცალი ელექტრომობილი გადასცა, ისინი ახლა ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზეა და მეც ამ პროგრამის მონაწილე გახლავართ".

"შეიძლება ითქვას, რომ ელექტრომობილი ფსიქოლოგიას უცვლის ადამიანს.

მე, რომელსაც მძლავრი, "ღმუილა" ძრავები მომწონდა, პირველად დავჯექი ელეტქრომობილზე, რომელიც არ ხმაურობს. საჭესთან გაქვს იმის შეგრძნება, რომ შენი სიარულით არავის აწუხებ, გარემოს არ აზიანებ, არცერთი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მოკლედ გარემოსადმი მეგობრულად განწყობილი მანქანაა.

Tesla-ს ახალი ელექტრომობილი 35 000 დოლარი ეღირება

"ამას გარდა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ნაწილი, ელექტრომობილი ბევრად იაფი ჯდება და რაც მთავარია, გარემოს იოტისოდენა ზიანიც არ ადგება. ავტომობილი აღჭურვილია, პასიური და აქტიური უსაფრთხოების ყველა სისტემით, იქნება ეს სამუხრუჭე სისტემის გამაძლიერებელი, ანტიმაბლოკირებელი სისტემა, საკურსო მდგრადობის სტაბილიზატორი, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა, კონდიციონერი, გათბობა თუ დამცავი აირბაგები, როგორც ფრონტალური, ასევე გვერდითი", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

მისი თქმით, ელექტრომობილები ისევე, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილები რამდენიმე კლასისაა.

საშუალო და მცირე ტევადობის ავტომობილების ფასი 20 000-დან 30 ათას დოლარამდე მერყეობს, ხოლო შედარებით მაღალი კლასის ელექტრომობილები 30 000-დან 40 000 დოლარი ღირს. მისივე თქმით, ჩინური ელექტრომობილები გაცილებით იაფია.

როგორც ოგბაიძე ამბობს, საქართველოში ელექტრომობილის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, პარლამენტში გადაიდგა წამახალისებელი ნაბიჯი და გადაწყდა, რომ ჰიბრიდული ავტომობილები 0-დან 6 წლამდე, იბეგრება ნახევარი განაკვეთით.

გერმანიაში ელექტრომობილის მყიდველებს მთავრობა 4 ათას ევროს გადაუხდის

"ასევე, თუ შეიძენთ ელექტრომობილს, განბაჟება დაგიჯდებათ 0 ლარი, ანუ გარდა საბაჟო გარკვეული პროცედურული საოპერატორო მომსახურებისა, ამ მანქანის გასანბაჟებლად არცერთი თეთრის გადახდა არ მოგიწევთ. ამას გარდა, კეთილი ინებოს "სითი პარკმა" და ელექტრომობილებელი გაათავისუფლოს პარკინგის მოსაკრებელისგან", - აცხადებს ოგბაიძე.

გიორგი მაზიაშვილი უკვე 2 წელია ელექტრომობილს მართავს.

როგორც თავად ამბობს, საწვავზე მომუშავე ავტომობილისგან განსხვავებით, ელექტრომობილი ბევრად მოსახერხებელი, პრაქტიკული და იაფია, რაც ყველაზე მთავარია, "ელექტრომობილი გარემოს ზიანს არ აყენებს".

"ელექტრომობილს 2014 წლის იანვრიდან ვმართავ, მომწონს იმიტომ, რომ ძალიან ჩუმი მანქანაა, არ ხმაურობს, არ აქვს ვიბრაცია, ამას გარდა, ძალიან სწრაფი და მოქნილი მანქანაა. 100-დან 150 კილომეტრს გადის ეს მანქანა, სამწუხაროდ რეგიონებში ელექტრომობილით ვერ გავდივართ, რადგან დიდ მანძილს ვერ გადის, თუმცა სხვა მხრივ, ძალიან მოსახერხებელია".

ელექტრომობილი ტექნიკის უახლესი მიღწევაა, თუმცა ამ მანქანის ნაკლი ის არის, რომ ერთი დატუმბვით მხოლოდ 170-200 კილომეტრის გავლას ახერხებს. სპეციალისტები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და 2-3 წელიწადში ელექტრომობილები უფრო დიდი მანძილის გავლასაც შეძლებენ. ამის კარგი მაგალითია "ტესლას" ელექტრომობილი, რომელსაც 350-400 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.

თეა ბეჟიტაშვილი