რა ძვირფასი ლითონები იმალება ჩვენს სმარტფონებში | Allnews.Ge

რა ძვირფასი ლითონები იმალება ჩვენს სმარტფონებში

თუ ალმასებით მოპირკეთებულ 95 მილიონი დოლარის ღირებულების iphone-ზე ხელი არ მიგიწვდებათ, ძალიანაც ნუ დამწუხრდებით - ყველა სმარტფონი შეიცავს ოქროს, ვერცხლს, სპილენძს, პლატინასა და პალადიუმს. ეს ძვირფასი ლითონი ყოველდღიურად ძვირდება, განსაკუთრებით, იმ პერსპექტივის ფონზე, რომ ერთ დღესაც მათ მოპოვებას ვეღარ შევძლებთ. ასე, რომ თქვენი სმარტფონი უფრო ძვირფასია, ვიდრე გარეგნულად შეიძლება გამოიყურებოდეს.

ძველ ტელეფონებში არსებული ძვირფასი ლითონები და მათი ხელახლა გადამუშავების პერსპექტივა, ნოემბერში ჩანიშნული World-Changing Ideas Summit-ის განხილვის მთავარი თემა იქნება.

რას მალავს ჩვენი სმარტფონი?

სმარტფონი ძვირფასი მეტალების ჯიბის საცავია. უბრალო სმარტფონი 0,034 გრამ ოქროს, 0,34 გრამ ვერცხლს, 0,015 გრამ პალადიუმს და ერთ მეათასედზე ნაკლებ პლატინას შეიცავს. ამასთანავე, მის შემადგენლობაში ნაკლები ღირებულების, თუმცა, დიდი მნიშვნელობის მქონე 25 გრამი ალუმინი და 15 გრამი სპილენძი შედის.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. სმარტფონის აწყობისას ისეთ რთულადმოსაპოვებელ ელემენტებს იყენებენ როგორიც იტრიუმი, ლანთანი, ტერბიუმი, ნეოდიუმი, გადოლინიუმი და პრაზეოდიუმია. მათი რაოდენობა ერთ სმარტფონში, რა თქმა უნდა, მინიმალურია, მაგრამ თუ ამას 2 მილიარდზე გავამრავლებთ საკმაოდ შთამბეჭდავ რიცხვს მივიღებთ, რადგან 1 ტონა iphone-დან 300-ჯერ მეტი ოქრო ამოვა, ვიდრე ეკვივალენტური მასის მადნიდან. ამავდროულად გასათვალისწინებელია რომ სმარტფონებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

რაში მდგომარეობს პრობლემა?

2 მილიარდი მომხმარებლი სმარტფონს საშუალოდ, 11 თვეში ერთხელ ცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ყუთში აწყობენ და ივიწყებენ. ამჟამად, გამოუსადეგარი მობილური მოწყობილოების მხოლოდ 10%-ის გადამუშავება ხდება. ექსპერტების მოსაზრებით, ეპოქაში, სადაც ზოგიერთ რესურსზე მოთხოვნამ წარმოუდგენელ მასშტაბებს გადააჭარბა, ყველა ეკოლოგიური და ეკონომიკური მაჩვენებლის თანახმად, ძველი სმარტფონების ყუთში შენახვა დანაშაულს უტოლდება.

მასშტაბურად რომ ვიმსჯელოთ, ერთ მილიონ მობილურ ტელეფონში, 16 ტონა სპილენძის, 350 კილოგრამი ვერცხლის, 34 კილოგრამი ოქროსა და 15 კილოგრამი პალადიუმის მოპოვება შეიძლება.

მთავარი საკითხი, რომელიც ამჟამად გადასაჭრელია, აღნიშნული ნივთიერებების უსაფრთხოდ და მინიმალური დანახარჯებით მოპოვებაა.

myquiz