საქართველო გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში ინდოეთს, ბრაზილიასა და ყაზახეთს უსწრებს | Allnews.Ge

საქართველო გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში ინდოეთს, ბრაზილიასა და ყაზახეთს უსწრებს

გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო ცხრა პოზიციით დაწინაურდა და 64-ე ადგილი დაიკავა. ამასთან დაკავშირებით დღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ქაშიბაძემ ტექნოპარკში პრესკონფერენცია გამართა.

მისი ინფორმაციით, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველომ 128 ქვეყანას შორის 100-ბალიანი შეფასების კრიტერიუმით, 33,9 ქულა მიიღო და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ინდოეთი, ბრაზილია, ყაზახეთი.

ირაკლი ქაშიბაძემ რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების მიზეზებსა და საქართველოს მთავრობის მიერ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

"საქართველოს მთავრობა ახორციელებს აქტიურ კაპიტალდაბანდებებს და დიდ ყურადღებას აქცევს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას. ორი წლის წინ დაფუძნდა ინოვაციების სააგენტო, მიმდინარეობს ბევრი საინტერესო პროექტი, რომელიც ინოვაციის განვითარებას გულისხმობს, უნივერსიტეტების ბაზაზე იხსნება ლაბორატორიები, გადამზადების მიმართულებით სპეციალური პროგრამები ხორციელდება, საქართველოში გაიხსნა პირველი ტექნოლოგიური პარკი, ასევე მიმდინარეობს პროგრამა "სტარტაპ საქართველო", ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს, რომ ჩვენი პოზიციები გლობალურ რეიტინგებში მათ შორის, ამ რეიტინგში, გაუმჯობესდა.

ეს კარგი ფაქტია, რადგან საქართველო შევიდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სწრაფად განვითარდნენ ინოვაციების ინდექსის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ბევრ პარამეტრში ქვეყნის მონაცემები გაუმჯობესდა", - აღნიშნა ირაკლი ქაშიბაძემ.

2016 წლის გლობალური ინოვაციური ინდექსის მეცხრე გამოცემა ერთობლივად გამოქვეყნდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, კორნელის უნივერსიტეტის და ბიზნესადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის მიერ.

myquiz