საქართველოში ნაგვის დახარისხებაზე კომპიუტერული თამაში შექმნეს | Allnews.Ge

საქართველოში ნაგვის დახარისხებაზე კომპიუტერული თამაში შექმნეს

"დაახარისხე და გადაამუშავე" - ეს არის თამაში, რომელიც საქართველოში შეიქმნა და რომლის მზიანსაც ნაგვის გადამუშავებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

თამაში 6 წლის და უფრო დიდი ასაკის ბავშვებისათვისაა განკუთვნილი.

"დაახარისხე და გადაამუშავე" "ჯეოლაბში" შეიქმნა. მასზე სანდრო ასათიანი ორ პროგრამისტთან ერთად მუშაობდა.

ახალი თამაშის შესახებ ALLNEWS.GE სანდრო ასათიანს გაესაუბრა:

"ჩემი აზრით ვინმეს მსგავსი თემის ირგვლივ საგანმანათლებლო რესურსის შექმნის სურვილი 10 წლის წინ, რომ ჰქონოდა აუცილებლად გამოსცემდა საბავშვო წიგნს. დღეს კი კომპიუტერული თამაშის ან სულაც მობილური აპლიკაციის შექმნაა შეაძლებელი.

ამ თამაშის საშუალებით ბავშვები გაერთობიან და პარალელურად, საჭირო ცოდნას მიიღებენ. მსოფლიოში შემცირდა ასაკი, რომლიდანაც ბავშვები განათლებას იღებენ. ანუ მობილური აპლიკაციების და თამაშების საშუალებით პატარა ბავშვები თვით განათლებას იღებენ. მაგალითად, ადრე შეუძლებელი იყო ბავშვისათვის მიგეცა დედა-ენა და გეთქვა აბა კითხვა ისწავლეო, ბავშვს აუცილებლად წიგნის გარდა, სჭირდებოდა მენტორი, მასწავლებელი. დღეს კი შესაძლებელია ბავშვს ანბანის შესასწავლი აპლიკაცია მისცე და ის მასწავლებლის გარეშე, თამაშით ისწავლის კითხვას", - აღნიშნა კომპიუტერული თამაშის ერთ-ერთმა ავტორმა.

როგორც ორგანიზაცია "ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი რუსუდან გორხელაშვილი აღნიშნავს, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება განათლების სამინისტროსთან, რათა სექტემბრიდან ეს თამაში სკოლის მოსწავლეების "ბუქებშიც" ჩაეშვას.

"ჩვენი პროგრამის ძირითად მიზანს მოზარდების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ამ თამაშის რამდენიმე პროტოტიპი არსებობს ინგლისურ ენაზე. ამასთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულება, საქართველომ ნარჩენების გადამუშავების დაწყებასაც ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ პატარები შევამზადება გადავწყვიტეთ", - აცხადებს გორხელაშვილი.

თამაში "გადაამუშავე და დაახარისხე" ხელმისაწვდომია როგორც IOS-ის, ასევე Android-ს მომხმარებლებისთვის.

მისი ავტორები სხვა საინტერესო საგანმანათლებლო თამაშების შექმნასაც გეგმავენ, რომლებიც ბავშვებს გართობის გარდა, ცოდნასაც მოუტანს.

მარიამ ლორთქიფანიძე

myquiz