როგორი იქნება სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 100 წლის შემდეგ | Allnews.Ge

როგორი იქნება სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 100 წლის შემდეგ

ამერიკელი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად მიიჩნევა. ფუტურისტმა მეცნიერმა არაერთი ბესტსელერი დაწერა, რომელიც BBC-ისა და Discovery-ის ეთერში მეცნიერული გადაცემების ციკლით სახით გადიოდა. 

კაკუ მსოფლიოში აღიარებული ლექტორია - ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის პროფესორია და ლექციებს ბევრ სხვა ქვეყანაშიც კითხულობს.

ერთ-ერთ ინტერვიუში მიჩიო კაკუ ყვება, როგორ ხედავს განათლების სისტემის მომავალს და რა ცვლილებები ელოდება სკოლებსა და უნივერსიტეტებს 100 წლის შემდეგ.

- წიგნში "მომავლის ფიზიკა" წერთ, რომ განათლება ინტერნეტ-ტექნოლოგიებსა და "გაჯეტებს" დაეფუძნება. კიდევ რა გლობალური ცვლილებები მოხდება განათლების სფეროში?

რაც ყველაზე მთავარია, განათლება აღარ იქნება დამახსოვრების უნარზე დამოკიდებული. ძალიან მალე, კომპიუტერები და Google Glass-ის სათვალეები გადაკეთდება მიკროსკოპულ ლინზებად, სადაც ყველა საჭირო ინფორმაცია აიტვირთება. ამიტომ რამდენიმე წელიწადში, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები გამოცდებზე საჭირო ინფორმაციის მოძებნას თვალის დახამხამებით შეძლებენ. თუმცა, რეალური წარმატების მისაღწევად, უნდა განვავითაროთ უნარები, რომელიც რობოტებისთვის მიუწვდომელია. ვგულისხმობ კრეატიულობას, წარმოსახვის უნარს, ინიციატივას, ლიდერობას.

- ამ შემთხვევაში გამოცდების და ლექტორების საჭიროება აღარ იქნება, ხომ ასეა?

რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი ავტონომია გვექნება და საკუთარ ცხოვრებაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ.

შესაბამისად, "მაკონტროლებელი ორგანოები" საჭირო აღარ იქნება. ადამიანები თავად განსაზღვრავენ რისი ცოდნა ესაჭიროებათ. კონსულტაციები კი, შეიძლება "ჭკვიან კედელთან" გაიარონ. ძალიან მალე, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ასეთი მოწყობილობა ყველგან გამოჩნდება, მათ შორის ბინებში, ოფისებსა და ქუჩებში.

საკმარისი იქნება კედელთან მიახლოვება და თქმა: "მინდა ბიოლოგიის პროფესორს გავესაუბრო", იმავე წამს კედელზე მეცნიერი გამოჩნდება, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით. ასეთი სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება არამხოლოდ განათლების, არამედ მედიცინის, იურისპრუდენციის, დიზაინის, ფსიქოლოგიის სფეროებში. რა თქმა უნდა, რეალური სპეციალისტები მაგალითად, ქირურგები კვლავ იქნებიან საჭირო, მაგრამ მარტივი პრობლემების მოგვარებას ვირტუალურად შევძლებთ.

 - რამდენად შესაძლებელია ონლაინ-განათლების სისტემაზე გადასვლა?

უნივერსიტეტებში ონლაინ-კურსები უკვე არსებობს, ეს ბრწყინვალე იდეა იყო. მაგრამ ჯერჯერობით ძალიან მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც ამ პროგრამებს თავი დაანებეს. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანებმა ჯერ ვერ ისწავლეს მუშაობა "შენ და კომპიუტერის მონიტორის" პრინციპით, მათ მაღალი მოტივაცია არ აქვთ. მეორე მხრივ, ონლაინ-სისტემა ახლა დაბადების სტადიაშია, მას კორექტირება ესაჭიროება. მაგრამ სისტემა საკმაოდ სწრაფად ვითარდება და მომავალი სწორედ მას ეკუთვნის.

უნივერსიტეტებს არავინ გააუქმებს, მაგრამ ეს იქნება მეტწილად ვირტუალური სასწავლო დაწესებულებები. ხოლო ის, ვინც ლექციებს ტრადიციულ სასწავლო დაწესებულებაში დაესწრება, წარუმატებელ ადამიანად ჩაითვლება. მასზე იტყვიან, რომ საკუთარი განათლების შექმნა ვერ შეძლო.

- როგორ შეძლებს სპეციალისტი ამა თუ იმ სფეროში საკუთარი კომპეტენტურობის დადასტურებას?

დიპლომები აღარ იქნება პირველ რიგში იმის გამო, რომ განათლების მიღების პროცესი აღარ იქნება შეზღუდული დროისა და სივრცის ფარგლებში. გაჩნდება სერტიფიცირების ცენტრები, სადაც სპეციალისტები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ. შედეგებზე იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ადამიანი გარკვეულ თანამდებობას.

ალბათ, დროთა განმავლობაში დაწესდება შეფასების უნიფიცირებული სისტემა. აშშ-ში, კანადაში, იაპონიასა და ევროპაში ძალიან პოპულარულია პორტფოლიოს სისტემა, როცა სწავლის პერიოდში ადამიანი აგროვებს დიპლომებს, სერტიფიკატებს, მოწმობებს და შემდეგ დამსაქმებელს სთავაზობს. მომავალში, დაგროვილი ინტელექტუალური "ბაგაჟი" გახდება განათლების სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები კი, ადამიანის დამსახურებას ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს გახდის.

- ბავშვებისთვის რთული იქნება კონტროლის გარეშე განათლების მიღება...

ამისთვის აქტიურად განვითარდება საბავშვო საგანმანათლებლო სერვისები. უახლოეს 10-15 წელიწადში არასისტემური განათლების შესაძლებლობები უსაზღვრო გახდება. კერძოდ, შეიქმნება ონლაინ-პედაგოგიკის სერვისი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კომპიუტერის წინ იჯდება და მონიტორს უყურებს - შეიცვლება ჩვენი გარემო და ინტერფეისი, რომელთანაც ადამიანს ყოველდღიური კონტაქტი აქვს.

მომავლის ქალაქები საინფორმაციო-საკომუნიკაციო კომპონენტით იქნება სავსე და გახდება ახალი საგანმანათლებლო გარემოს აქტიური მონაწილე.

ბავშვებისთვის უფრო მეტი თამაში იქნება ხელმისაწვდომი. ისინი რეალურ ან სპეციალურად შექმნილ სივრცეებში თვეებს გაატარებენ. სახელმძღვანელოები აღიჭურვება ხელოვნური ინტელექტით, რომელიც თავად შეურჩევს მოსწავლეს საგანმანათლებლო მასალას, მათ შორის ფოტოსურთებს, ვიდეოს, ტექსტებსა და ამოცანებს.

- იმისთვის, რომ კარგი სპეციალისტი გახდე, კარგი განათლება და გამოცდილება გჭირდება. რა იქნება საჭირო, რომ მომავალში წარმატებული ადამიანი იყო?

რეალური წარმატების მისაღწევად, საჭიროა რობოტებისთვის მიუწვდომელი უნარების განვითარება.

ესენია კრეატიულობა, ინიციატივა, ლიდერობის უნარები. საზოგადოება საბაზრო ეკონომიკიდან თანდათანობით ინტელექტუალურ-შემოქმედებით გარემოზე გადადის. წარმატების გაცილებით მეტი შანსი იმ ქვეყნებს აქვთ, რომლებმაც ბაზრისა და კრეატიული პოტენციალის დაბალანსება შეძლეს.

ქვეყნები, რომლებსაც მხოლოდ სოფლის მეურნეობის სჯერათ, სიღარიბისთვის არიან განწირულნი.

- ბევრი ფუტუროლოგი ამბობს, რომ მალე სამუშაო ადგილების უმეტესობას რობოტები დაიკავებენ. ადამიანს რა მოუვა?

ყველაზე მომგებიანი იქნება ბიო და ნანოტექნოლოგიების, ასევე ხელოვნური ინტელექტის სფერო. სულ მალე ქარხნებში ადამიანები აღარ იმუშავებენ, სამაგიეროდ ინტელექტუალურ სფეროში ბევრი ახალი სპეციალობა გაჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, დროულად გადავერთოთ ახალ რეალობაზე.

ადამიანების უმეტესობის პრობლემა ინერტულობაა, ისინი ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამენ უკან რომ არ გაიხედონ.

- ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია.. ეს მსოფლიო კრიზისის შედეგია თუ განათლების არაეფექტური სისტემის?

განათლების მოქმედი სისტემა წარსულის სპეციალისტებს ამზადებს. ჩვენ მათ ვამზადებთ სამსახურისთვის, რომელიც აღარ არსებობს, ვაძლევთ ინტელექტუალურ ინსტრუმენტებს, რომელიც დიდი ხანია ეფექტური აღარ არის. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში უმუშევრობის დონე ასეთი მაღალია.

- მაგრამ ყველას არ აქვს ინტელექტუალური შრომისკენ მიდრეკილება ... როგორ შეძლებს ასეთი ადამიანი რობოტების სამყაროში გადარჩენას?

ვერც ერთი განვითარებული ხელოვნური ინტელექტი ვერ შეცვლის ადამიანს. მაგალითად, რობოტებს არა აქვს ცნობიერება, ინტუიცია. ამიტომ, ისინი ვერ ჩაანაცვლებენ საფონდო ბროკერებს, რადგან აქ მთავარი ინტუიციაა და არა ინტელექტი. გადარჩებიან მებაღეები, მშენებლები, ფიზიკური შრომის მუშაკები, ყველა, ვისი სამუშაოც კრეატივს უკავშირდება.

მალე პროგრამირება, ვებ-დიზანი, 3D-პროექტირება, რომელიც დღეს ინტელექტუალურ სამსახურად მიიჩნევა, "მუშა" სპეციალობად იქცევა. მთავარია, ადამიანს შემოქმედებითი მიდგომა, ცოცხალი წარმოსახვის უნარი, სწრაფი ორიენტირების შესაძლებლობა და კარგად განვითარებული ინტუიცია ჰქონდეს.

- რა ცვლილებები ელოდება ადამიანის ინტელექტს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში?

სავსებით რეალურია, რომ 2050 წლამდე შეიქმნას "ზე-გონება", რომელიც თავისი შესაძლებლობებით კაცობრიობის ყველაზე დიდ მოაზროვნეებს აჯობებს.

მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, მეცნიერთა ინტერნაციონალურმა ჯგუფმა, ევროპულ პროექტ Human Brain Project-ის ფარგლებში, ადამიანის ტვინის უნიკალური რუკა - Big Brain შექმნა, რომელიც ტვინის დეტალურ სტრუქტურას, 20 მიკრომეტრის სიზუსტით აჩვენებს. ასეთი ანატომიური ატლასი არა მხოლოდ გაამარტივებს ნევროლოგებისა და ნეიროქირურგების მუშაობას, არამედ დაგვეხმარება მძიმე დაავადებების მკურნალობაში, მოგვცემს შესაძლებლობას დავინახოთ, როგორ ამუშავებს ტვინი ემოციებს, როგორ აღიქვამს ინფორმაციას.

ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს "ზე-გონების" შექმნას, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას მაქსიმალურად უსაფრთხოდ დავხვეწოთ ბუნებრივი კოგნიტური პროცესები, დავაგროვოთ ცოდნის ბაზა.

ტვინის "ჩიპები", რომელიც ინფორმაციის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს - ახლო მომავლის ტექნოლოგიაა...

myquiz