“აღარანაირი ძვირადღირებული სპა და ათასლარიანი რითრითები“ - როგორ ვიზრუნოთ სხეულსა და გონებაზე უფასოდ: 5 მარტივი ჩვევა | Allnews.Ge

“აღარანაირი ძვირადღირებული სპა და ათასლარიანი რითრითები“ - როგორ ვიზრუნოთ სხეულსა და გონებაზე უფასოდ: 5 მარტივი ჩვევა

გამაჯანსაღებელი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც დღეს საყოველთაოდ ცნობილია როგორც “ველნესი“, თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრენდად იქცა. თუმცა, ამ სიტყვას ხშირად საკმაოდ სოლიდური ფასი ახლავს. მდიდრული სპა-დღეები, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში გამართული “ხმოვანი აბაზანები“ და ათასობით ფუნტის ღირებულების რეტრიტები მშვენიერია, თუკი ამის ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ დანარჩენები, ვისაც ბანკის ანგარიშის დაცარიელების გარეშე გვსურს ჯანსაღი სხეულის, გონებისა და სულის შენარჩუნება?

ჯანმრთელობის ექსპერტები, მეწარმეები და ინფლუენსერები გვიზიარებენ საუკეთესო გზებს, რომლებიც სრულიად უფასოდ ან მინიმალური დანახარჯებით დაგეხმარებათ.

  • 1. ჩაერთეთ უფასო გამაჯანსაღებელ შეხვედრებში (Wellness Meet-ups)

სპეციალიზებული ფიტნეს თუ იოგას სტუდიების აბონემენტები საკმაოდ ძვირია, რის გამოც ადამიანები სულ უფრო ხშირად თავად აორგანიზებენ უფასო ან ხელმისაწვდომ შეკრებებს სოციალური ქსელებისა და Meetup-ის პლატფორმის საშუალებით.

მაგალითად, იოგას მასწავლებელი ანასტასია მირასლავსკა ლონდონში აორგანიზებს შეხვედრას, სახელწოდებით “Sunday Reset“. ჯგუფი ყოველთვიურად სხვადასხვა პარკში იკრიბება იოგასა და მედიტაციისთვის, ასევე მართავენ ონლაინ სესიებს Zoom-ის საშუალებით. ზოგიერთი შეხვედრა სრულიად უფასოა, ზოგი კი მხოლოდ 10 ფუნტი ღირს.

მსგავსი ინიციატივა წამოიწყო მოდელმა ერიკა კორეამ ლივერპულში, სახელწოდებით “Soft Sunday“, სადაც ადამიანები პილატესისა და სილამაზის პროცედურებისთვის იკრიბებიან.

  • 2. დაიწყეთ მებაღეობა (მაშინაც კი, თუ საკუთარი ეზო არ გაქვთ)

მებაღეობა ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე საოცრად მოქმედებს და ამისთვის ასობით ფუნტის დახარჯვა სულაც არ არის საჭირო. სამეფო მებაღეობის საზოგადოების (RHS) კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ბაღში, ბევრად უფრო მაღალ კეთილდღეობას გრძნობენ და სტრესის დაბალი დონე აქვთ.

თუ საკუთარი ეზო ან ბაღი არ გაქვთ, მრავალი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გთავაზობთ მიწის მცირე ნაკვეთების ქირაობას სიმბოლურ წლიურ ფასად. კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა სათემო ბაღები (Community gardens), სადაც მოხალისეებს სრულიად უფასოდ იღებენ და მუშაობისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი უზრუნველყოფენ.

  • 3. აღმოაჩინეთ “ძველმოდური“ ჰობი - ჩიტებზე დაკვირვება და ქსოვა

ისეთი ჰობი, როგორიცაა ჩიტებზე დაკვირვება ან ქსოვა, კვლავ უბრუნდება მოდას და სულ უფრო მეტ მხარდამჭერს პოულობს, როგორც სტრესთან ბრძოლის იაფი საშუალება.

ჩიტებზე დაკვირვებისთვის მხოლოდ ადგილობრივ პარკში გასეირნებაა საჭირო. კვლევები აჩვენებს, რომ სულ რაღაც 30 წუთი ჩიტებზე დაკვირვება ზრდის ბედნიერების შეგრძნებას, აუმჯობესებს განწყობას და ეხმარება ადამიანს ბუნებასთან კავშირის აღდგენაში.

  • 4. ივარჯიშეთ და ირბინეთ ღია ცის ქვეშ

აქტიური ცხოვრებისთვის სპორტული დარბაზის ძვირადღირებული აბონემენტი სულაც არ არის აუცილებელი. საკუთარი სხეულის წონით ვარჯიში (კალისთენიკა - აზიდვები, ჩაჯდომები, აზიდვები ტურნიკზე) არანაირ აღჭურვილობას არ მოითხოვს და ძალის, მოქნილობისა და კოორდინაციის განვითარებაში გეხმარებათ როგორც სახლში, ისე პარკში.

ასევე, სირბილი სულ უფრო პოპულარული ხდება (მხოლოდ გასულ წელს მორბენალთა რიცხვი ნახევარი მილიონით გაიზარდა). დამწყებთათვის საუკეთესო და სრულიად უფასო საშუალებაა NHS-ის “Couch to 5K“ პროგრამა, რომელიც 9-კვირიანი გეგმით ეტაპობრივად გაგიუმჯობესებთ ფიზიკურ ფორმას.

  • 5. იპოვეთ სულიერი სიმშვიდე “ხმოვანი აბაზანებით“ პირდაპირ ტელეფონში

“ხმოვანი აბაზანები“ (Sound baths) დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოდური მიმართულებაა. ამ დროს სპეციალისტი ტიბეტური თასების, გონგებისა და ზარების მეშვეობით ამშვიდებს მსმენელს და მედიტაციურ მდგომარეობაში შეჰყავს.

ვინაიდან პირისპირ სესიები საკმაოდ ძვირია და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ბიუჯეტური ალტერნატივაა ამ ხმების ჩანაწერების მოძიება YouTube-სა და Spotify-ზე. ხმის თერაპიის ბრიტანული აკადემიის დამფუძნებელი ლიზ კუპერი გვირჩევს: “გამოიყენეთ ყურსასმენები, დავწვეთ, დავხუჭოთ თვალები და დავტკბეთ თერაპიული ეფექტით ისეთ ადგილას, სადაც ხელს არავინ შეგვიშლის“.

წყარო