ფეინმანის მეთოდი: როგორ ვისწავლოთ ყველაფერი მარტივად, 4 ნაბიჯით
ამერიკელი ფიზიკოსი რიჩარდ ფეინმანი (1918–1988) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერი იყო, რომელიც ცნობილი იყო თავისი ინოვაციური მიდგომითა და რთული კონცეფციების მარტივად გადაჭრით.
ფეინმანი გამორჩეული მასწავლებელი იყო. მის ლექციებს კორნელისა და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტებში ასობით სტუდენტი ესწრებოდა და ხშირად ტევა არ იყო.
მეცნიერის მიღწევებს შორისაა კვანტური ელექტროდინამიკის განვითარება, რამაც მას ფიზიკაში ნობელის პრემია მოუტანა. მან დიდი წვლილი შეიტანა მანჰეტენის პროექტში, ასევე „ჩელენჯერის“ კოსმოსური შატლის კატასტროფის ამოხსნაში.

-
ფეინმანის მეთოდი - 4 ნაბიჯი ნებისმიერი რამის შესასწავლად
ფეინმანი ხშირად ამბობდა, რომ მან სწავლის გასამარტივებლად სპეციალური მეთოდი შექმნა. თავდაპირველად, ამას თავად იყენებდა, რის შედეგადაც ძალიან რთული საკითხების მარტივად შესწავლა შეძლო. შემდეგ იგივე მეთოდი თავის სტუდენტებს გაუზიარა.
კონცეფციების დამახსოვრების ნაცვლად, ფეინმანის ოთხსაფეხურიანი მეთოდი ხელს უწყობს რთული იდეების ღრმად გაგებას და მათი ეფექტურად გამოყენების უნარს.
-
1) თემის არჩევა
პირველი ნაბიჯი არის იმ საგნის შერჩევა, რომლის შესწავლაც გსურთ, იქნება ეს ბიოლოგია თუ საბაზისო ალგებრა. თემა დაწერეთ ცარიელი ფურცლის ზედა ნაწილში.
შემდეგ ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც თემის შესახებ იცით. მოერიდეთ რთულ ტერმინებსა და ჟარგონს. მთავარია გამოიყენოთ მარტივი ენა, თითქოს ბავშვს ასწავლით.
ეს შეიძლება ტრივიალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დახვეწილ ტერმინოლოგიაზე ან ჟარგონზე დაყრდნობა ხშირად იწვევს ფუნდამენტური ცნებების გაუგებრობას.
-
2) ასწავლეთ აუდიტორიას
ახლა, როდესაც ჩანაწერები გაქვთ, დროა, მასალა აუდიტორიას ასწავლოთ, (აუცილებელი არ არის მართლაც გყავდეთ მსმენელები, შეგიძლიათ ისინი წარმოიდგინოთ).
მიზანია თემის ნათლად და გასაგებად წარდგენა.
-
3) აღმოაჩინეთ არსებული ხარვეზები
ახსნისას, სავარაუდოდ, შეამჩნევთ თქვენს ცოდნაში არსებულ ხარვეზებს - დეტალებს, რომლებიც დაგავიწყდათ ან კონცეფციებს, რომელთა ნათლად ახსნა არ შეგიძლიათ.
სწორედ აქ იწყება ნამდვილი სწავლა. დაუბრუნდით თქვენს სასწავლო მასალებს — იქნება ეს წიგნები, ჩანაწერები, პოდკასტები თუ სხვა რესურსები — და უფრო ღრმად ჩაუღრმავდით იმ სფეროებს, სადაც თქვენი გაგება არასრულია.
საბოლოოდ, უნდა შეგეძლოთ კონცეფციის ნათლად და ლაკონიურად ახსნა.
-
4) გადახედეთ და გაამარტივეთ
გადახედეთ თქვენს მიერ დაწერილს და დარწმუნდით, რომ არ იყენებთ ზედმეტად რთულ ტერმინებს. წაიკითხეთ ხმამაღლა.
თუ თქვენი ახსნილი მარტივად და გასაგებად ჟღერს, ეს ნიშნავს რომ საკითხი უკვე ნასწავლი გაქვთ.
თუ საუბრისას იბნევით ან არ ხართ თავდაჯერებული, ეს ნიშნავს რომ ჯერ კიდევ უნდა იმუშაოთ თემის სასწავლად.
როგორც ფეინმანი ამტკიცებდა, კონცეფციის დაუფლება ნიშნავს მისი მარტივად და გასაგებად ახსნის შესაძლებლობას, სწავლის პრაქტიკულ და ხელმისაწვდომ ინსტრუმენტად გადაქცევას საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის.