რა ღირს სწავლა საქართველოს კერძო სკოლებში
2024/25 სასწავლო წელს საქართველოს სკოლებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობამ 640.7 ათასს მიაღწია, რაც წლიურად 1.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია საუბარი.
მონაცემების მიხედვით, 570.4 ათასი მოსწავლე (89%) საჯარო, ხოლო 70.3 ათასი (11%) კერძო სკოლებში სწავლობს.
ამასთან, სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სკოლების საერთო რაოდენობა 2 294-მდე შემცირდა. „თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, ამჟამად, საქართველოში 2 086 საჯარო და 208 კერძო სკოლა ფუნქციონირებს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ სკოლების რაოდენობა, ძირითადად, კერძო სექტორის გამო მცირდება. უფრო კონკრეტულად, „კერძო დაწესებულებების შემცირებას ისეთი ფაქტორები იწვევს, როგორიცაა სკოლების შერწყმა და შეძენა, ასევე, ავტორიზაციის პრობლემები“.
ამასთან, მონაცემების მიხედვით, თბილისში კერძო სკოლებისა და მათი მოსწავლეთა ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა. კერძოდ, კვლევის თანახმად, დედაქალაქში 109 კერძო სკოლაა, სადაც 45.5 ათასი მოსწავლე სწავლობს.
საქართველოში კერძო სკოლების სწავლის საფასური 6000 ლარიდან იწყება
რაც შეეხება სწავლის საფასურს, „თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, თბილისის კერძო სკოლების 47%-ში სწავლის წლიური საფასური 6 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს, ხოლო 24%-ში 12 000 ლარზე მეტია.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, კერძო სექტორმა 2023 წელს 242 მილიონი ლარი გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია. „თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, ეს ზრდა განპირობებული იყო როგორც სწავლის საფასურის, ასევე, კერძო სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეთა რაოდენობის მატებით.