თუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით, როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა - შიდა და გარე მობილობის წესები
ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უნივერსიტეტებში ათასობით სტუდენტი ირიცხება, თუმცა მათი ნაწილი თავიდანვე არასასურველ პროგრამაზე ხვდება ან სწავლის პროცესში აცნობიერებს, რომ ის უნივერსიტეტი/მიმართულება, რაც აირჩია, მისი ინტერესებს არ შეესაბამება. ამიტომაც, არსებობს როგორც გარე მობილობა - ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში გადასვლის შესაძლებლობა, ასევე შიდა მობილობა - უნივერსიტეტის შიგნით, ერთი პროგრამიდან მეორეზე გადასვლა.
გარე მობილობას ყოველწლიურად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს. სტუდენტმა რეგისტრაცია students.emis.ge-ზე უნდა გაიაროს და შესაბამისი განაცხადი გააკეთოს. ამავდროულად, სტუდენტს უფლება აქვს, ჩამონათვალში მაქსიმუმ 5 პროგრამა მიუთითოს. გარე მობილობისთვის გადასახადი თანხა 40 ლარს შეადგენს. სტუდენტის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარსადგენი დოკუმენტები და ვადები კონკრეტული უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
გაითვალისწინეთ, რომ გარე მობილობას ვერ შეძლებთ, თუ პირველი კურსი დახურული არ გექნებათ. მაგალითად, თუ კონკრეტულ უნივერსიტეტში, განსაზღვრულ პროგრამაზე ჩააბარებთ და რამდენიმე თვეში აღმოაჩენთ, რომ იქ სწავლა აღარ გსურთ, ვიდრე პირველ კურსს არ დახურავთ, გარე მობილობით ვერ ისარგებლებთ.
თუკი სხვა უნივერსიტეტში გადახვალთ, კონკრეტული ფაკულტეტი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, წინა უნივერსიტეტში ჩაბარებული საგნების კრედიტები ჩაგეთვლებათ, თუ სწავლას კვლავ 0 კრედიტით, პირველი კურსიდან გააგრძელებთ.
ამჟამად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ინფორმაცია უკვე აქვს გამოქვეყნებული, სადაც მითითებულია, რომ განცხადებების მიღება 21 აგვისტოს დაიწყება და 9 სექტემბერს დასრულდება. მობილობის შედეგები კი ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge-ზე 12 სექტემბერს გამოქვეყნდება. იხილეთ სრულად