"სამი ბავშვის წიგნებში 1000 ლარამდე გადავიხადე. შოკში ვარ" - როგორ შეიცვალა სახელმძღვანელოების ფასები და რას ამბობენ მშობლები?
საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. თუმცა, შეღავათი კერძო სკოლების მოსწავლეებზე არ ვრცელდება და მშობლებს უწევთ, წიგნები ყოველწლიურად შეიძინონ.
რაც უფრო მაღალ კლასში გადადის ბავშვი, სახელმძღვანელოების რაოდენობა და ფასი კიდევ უფრო მეტად იმატებს და რამდენიმე ასეული ლარის წიგნების ერთდროულად შეძენა მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. ამ თემაზე უკმაყოფილება არაერთმა ადამიანმა გამოხატა.
მშობლებს ვკითხეთ, რა უჯდებათ წელს შვილებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა:
"150 ლარი, მინიმუმ, მხოლოდ წიგნები."
"გააჩნია კლასს, მე-3 კლასი - 570 ლარი, მე-7 კლასი - 780 ლარი."
"მე-2 და მე-7 კლასელი ბავშვებისთვის 700 ლარი."
"მე-6 კლასელი მოსწავლის წიგნები 205 ლარი."
"400 ლარამდე დაგვიჯდა, მე-9 კლასელისთვის."
"ვყიდულობთ და წელს იყო არაადეკვატური ფასები, 450 ლარამდე დაგვიჯდა."
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წლისთვის კერძო სკოლებში 63 658 მოსწავლე ირიცხებოდა, საჯარო სკოლებში კი - 569 644 მოსწავლე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით 55 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო.