რა წავიკითხოთ ზაფხულში - გია მურღულია რჩეული მოთხრობების სიას გვთავაზობს | Allnews.Ge

რა წავიკითხოთ ზაფხულში - გია მურღულია რჩეული მოთხრობების სიას გვთავაზობს

ფილოლოგიის დოქტორი, ცნობილი პედაგოგი და მეცნიერი გია მურღულია გადაცემაში "ამ შაბათ-კვირას" მკითხველს ურჩევს გამორჩეულ მოთხრობებს, რომლებსაც შესაძლოა, ზაფხულის პერიოდში გაეცნონ:

- ჩვენს ძვირფას მაყურებელს ვურჩევდი, რომ ეს ზაფხული მოთხრობის ზაფხულად გამოვაცხადოთ. ძალიან საინტერესო სამტომეული გამოვიდა, რომელსაც "XXI საუკუნის ქართული მოთხრობა" ჰქვია, შემდგენელი და რედაქტორი ბესო ხვედელიძეა. აქ აღმოვაჩინე რამდენიმე ისეთი მოთხრობა, რომლებიც წაკითხული არ მქონდა, მათ შორის, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მიერ დაწერილი. მაგალითად:

  • გურამ დოჩანაშვილის "ძმისავ", ძალიან საინტერესო მოთხრობაა.
  • ზაზა თვარაძის მოთხრობა "წითელი ძაღლები" - გირჩევთ, რომ წაიკითხოთ.
  • გიგი სულაკაურის "ყაყაჩოების მინდორი" - რომ წაიკითხავთ, მიხვდებით, რატომ დაარქვა ეს სახელი ავტორმა.
  • კოტე ჯანდიერის "გლობალიზაცია".
  • თამრი ფხაკაძის "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - ძალიან საინტერესოა.
  • ლეო ქიაჩელის სრულიად გენიალური მოთხრობა "ბერი და ყორანი" - დამზაფვრელი მოთხრობაა, მაგრამ წაკითხვის შემდეგ არსებული ემოცია არასოდეს დაგავიწყდებათ.
  • ოთარ ჯირკვალიშვილის, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ადამიანის, მოთხრობა "ლაზარე".

როდესაც მოთხრობის ოსტატებს ვიხსენებ, პირველ რიგში, ორი სახელი მახსენდება. ესენია: რიუნოსკე აკუტაგავა და ხორხე ლუის ბორხესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა სხვა სახელებსა და გვარებს რომ დავასახელებთ, ისინი რანგით უფრო დაბლა დგანან. მაგრამ, ჩემი პიროვნული ხედვაა ასეთი.

  • თუ აკუტაგავას "ნანკინელი ქრისტე" არ წაუკითხავს ვინმეს, ძალიან გირჩევთ, რომ გაეცნოთ. იქ დაინახავთ, რით განსხვავდება იესო იაპონიის რომელიღაც პროვინციის პოლიციელისაგან.
  • ვუდი ალენის "უზენაესი" - ძალიან საინტერესოა. ამ მოთხრობაში ერთი ადამიანი მიდის კერძო დეტექტივთან და სთხოვს, რომ ვიღაც მოძებნოს. დეტექტივი კალამს იღებს და ემზადება, რომ ჩაიწეროს და აღმოჩნდება, რომ ის ადამიანი ეძებს ღმერთს, რომელიც დაიკარგა.
  • შერვუდ ანდერსონის "ტენდი" - ფანტასტიკური მოთხრობაა.
  • ჰაინრიხ ბიოლის "ჩემი ნაღვლიანი სახე" - ვისაც სურს, გაიგოს, რა არის ტოტალიტარიზმი, ამ მოთხრობით ადვილად შეიცნობს. აქ არის ერთი ადამიანი, რომელსაც ჯერ იჭერენ იმისთვის, რომ ძალიან მხიარული აქვს და ციხიდან გამოსვლის დღეს თავიდან იჭერენ იმისთვის, რომ ძალიან ნაღვლიანი სახე აქვს.
  • რეი ბრედბერის "სიკვდილი და ქალწული" - შესანიშნავი მოთხრობაა.

იხილეთ სრულად

myquiz