სასარგებლო ინფორმაცია აბიტორიენტებს- ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ 2023 წლის საგამოცდო პროცესის შესახებ | Allnews.Ge

სასარგებლო ინფორმაცია აბიტორიენტებს- ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ 2023 წლის საგამოცდო პროცესის შესახებ

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლის, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს, თუ რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა საგამოცდო პროცესის შესახებ:

რა უნდა ვიქონიოთ თან გამოცდებზე?

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე გამოსაცდელი აღარ დაიშვება.

სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელს ასევე შეუძლია თან იქონიოს: წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.

როგორ ხდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა და გამოსაცდელებისათვის რამდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია?

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის გამოსაცდელებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე დაწყებულია. საგამოცდო ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, შესაბამისად, აუცილებელია მისი კარგად გაცნობა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მისი საგამოცდო ცენტრში წარდგენა.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:

გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - "დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი". ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

აბიტურიენტებისათვის კოვიდ რეგულაციები 2023 წელსაც მოქმედებს?

აბიტურიენტებისათვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

myquiz