რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები რეგისტრაციის დროს და რომელია ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები | Allnews.Ge

რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები რეგისტრაციის დროს და რომელია ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები

4 აპრილს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მთავრდება. ეს პროცესი აბიტურიენტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ირჩევენ იმ უნივერსიტეტებსა და პროგრამებს, სადაც სწავლის გაგრძელება სურთ. ყოველწლიურად უამრავი აბიტურიენტი ხდება სტუდენტი, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც რეგისტრაციისა თუ პროგრამების არჩევისას უშვებენ მნიშვნელოვან შეცდომებს, რის გამოც ვერ ხვდებიან სასურველ უნივერსიტეტში ან საერთოდ ვერ ახერხებენ ჩარიცხვას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია გვიყვება, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები რეგისტრაციისას და რა მთავარი რჩევები უნდა გაითვალისწინონ ამ დროს:

- რეგისტრაციისას ზოგჯერ აბიტურიენტები არ აქცევენ ყურადღებას, გაზრდილია თუ არა კონკრეტულ პროგრამაზე საგანთა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, აკრედიტებულია თუ არა პროგრამა, რამდენია სწავლის საფასურის ოდენობა, რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლება და სხვა. ასევე, თუ აბიტურიენტი აბარებს სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო მიმართულებაზე და სწავლის გაგრძელებას განიხილავს სხვა პროგრამებზეც, უნდა გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციისას მხოლოდ ორი საგნისა და შემოქმედებითი ტურის არჩევის შემთხვევაში, ის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის არჩევას ვერ შეძლებს. აუცილებელია მესამე საგნის ჩაბარებაც.

- რამდენად ხშირად ეშლებათ კონკრეტული პროგრამის კოდი, რის გამოც აბიტურიენტები მათთვის არასასურველ ფაკულტეტზე ან უნივერსიტეტში ხვდებიან?

- ამ ტიპის შეცდომებმა იკლო, თუმცა აბიტურიენტებმა იციან, რომ ერთი წლის შემდეგ მობილობით შეუძლიათ გადასვლა სასურველ პროგრამაზე და შესაბამისად, ეს შეცდომა ნაკლებად პრობლემურია.

- რომელ პროგრამებსა და ფაკულტეტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა დღეის მდგომარეობით უნივერსიტეტებში?

- ყოველ წელს ძალიან პოპულარულია ბიზნესადმინისტრირება, სამართალმცოდნეობა, ჯანდაცვის მიმართულებები, ფსიქოლოგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვ.

- რა არის ის მთავარი რჩევები, რომლებიც აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ?

- აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას, პრიორიტეტულ ჩამონათვალში, პირველ რიგში, ჩაწერონ მათთვის სასურველი პროგრამები და გაითვალისწინონ, რომ რაოდენობაში არ არიან შეზღუდული. ყველა ცვლილების შეტანის შემდეგ გამოიყენონ შენახვის ღილაკი. მიაქციონ ყურადღება, რა წერია იმ პროგრამის გასწვრივ, რომელზეც სურთ სწავლის გაგრძელება, რომელია ამ პროგრამისათვის პრიორიტეტული საგნები, გაზრდილია თუ არა რომელიმე საგნისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, აკრედიტაციის ვადები, რადგან თუ ჩარიცხვის მომენტში პროგრამა არ იქნა აკრედიტებული - გრანტი არ გაიცემა. ასევე, ხომ არ აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას დამატებით სპეციალური მოთხოვნები და სხვ. განაგრძეთ კითხვა

myquiz