"მასწავლებლებო, შეამცირეთ დავალებები, ბევრია... აარჩევინეთ ბავშვებს, რომლის გაკეთება ურჩევნიათ" - შალვა ამონაშვილის რჩევები მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს | Allnews.Ge

"მასწავლებლებო, შეამცირეთ დავალებები, ბევრია... აარჩევინეთ ბავშვებს, რომლის გაკეთება ურჩევნიათ" - შალვა ამონაშვილის რჩევები მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს

ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს, რატომ არ უხარიათ ბავშვებს სკოლაში წასვლა, რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა და როგორი უნდა იყოს მშობლების მიდგომა ნიშნებთან დაკავშირებით:

- ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, თუ როგორ ვხვდებით ბავშვებს სკოლაში. როცა ხალისით, სიხარულით ვხვდებით, მიგვაქვს ახალი გაკვეთილი, მიგვქვს ღიმილი, რასაკვირველია, ბავშვს სკოლაში მისვლა უხარია. ამიტომ, პირველ რიგში, მასწავლებლებს მინდა ვთხოვო: ჩემო ძვირფასებო, მოამზადეთ ბავშვებისთვის ახალი, სხვანაირი გაკვეთილები. ისე კი არა, რომ იცით ხოლმე "გამოდი დაფასთან, მომიყევიო." ეს უკვე წარსულს უნდა ჩააბაროთ. დაიწყეთ ხალისით, ხუმრობით, მოამზადეთ პრეზენტაციები. დღეს კომპიუტერები, ტექნიკა გვაქვს კლასში და მოამზადეთ სანახაობები, რომ ბავშვი აღფრთოვანდეს. ამავე დროს, გამოეწყვეთ ლამაზად, კულტურულად, რომ ბავშვს თქვენი დანახვაც უხაროდეს, თქვენი ხმაც და ურთიერთობაც და ისიც, რაც მათთან მიგაქვთ.მათთვის ზოგჯერ დავალებებიც არ არის საინტერესო, ბევრია. არადა, ცხოვრება ელოდებათ. სირბილი, თამაში უნდათ. დიახ, კომპიუტერიც უნდა გამოიყენონ.

ამ დროს ამ ყველაფერს ვწყვეტთ და გაკვეთილებზე ვაბამთ. რასაკვირველია, ბავშვი გაკვეთილსაც შეიძულებს, არც ჩვენ ვეყვარებით და დავალებებიდანაც ბევრს ვერაფერს გამორჩება. ამიტომ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, შეამცირეთ დავალებები. როცა დავალებას მისცემთ, მიეცით არჩევანის უფლება, რომლის გაკეთება უფრო ურჩევნია. ბავშვებს კი მინდა ვუთხრა: მეც ხომ თქვენი გზა გავიარე, მეც ვიყავი დაწყებით კლასებში და მერე საშუალო სკოლაში. იმ უბედურ დროს კიდევ უფრო მეტი დავალება გვქონდა. სკოლიდან ყოველ დღე მიმქონდა იმდენი დავალება, რომ აღარ ვიცოდი, თავი როგორ დამეწია. ამიტომ, ოროსანიც ვიყავი და ვერც ვასწრებდი ყველაფერს.

მაგრამ, ამავე დროს, ვხვდებოდი, რომ თუ არ ვისწავლიდი, სხვა გამოსავალი არ მექნებოდა. ხშირად ეს უსიამოვნო პროცესი კი არის, მაგრამ შენი თავი დასვი ხელისგულზე და თქვი: "თუ ამას არ გავაკეთებ, მაგიდიდან არ ავდგები." ვინც ასე დაიჭერს საკუთარ თავს, მერე ნახავთ, რა კაცი გახდებით.მშობლებს კი მინდა ვუთხრა, ბავშვები არ არიან მოარული ციფრები. თუ ასე შეხედავთ ბავშვს, რომ ვინც კარგ ნიშანს მოგიტანთ, ის აუცილებლად კარგია და მოესიყვარულებით, ვინც ცუდს - იმას აღარ მოეფერებით, იცოდეთ, აღზრდის ხიდს დაანგრევთ. ბავშვი უნდა გვიყვარდეს ყოველთვის, როგორც არ უნდა მოვიდეს ის. ცუდი ნიშნით მოვიდა? უთხარით: "შვილო, არაფერია, შენ იყავი კარგად და მაგ ნიშნებს გადავლახავთ."

განაგრძეთ კითხვა

myquiz