"პირბადის გამოყენება გადაჭარბებული დროით არც ისე კარგია. იცავს, მაგრამ იმუნიტეტზე ცუდად მოქმედებს"- ყარამან ფაღავა ბავშვის დღის განრიგსა და ძილზე | Allnews.Ge

"პირბადის გამოყენება გადაჭარბებული დროით არც ისე კარგია. იცავს, მაგრამ იმუნიტეტზე ცუდად მოქმედებს"- ყარამან ფაღავა ბავშვის დღის განრიგსა და ძილზე

მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ, შვილები სხვადასხვა აქტივობაში ჩართონ, სკოლისა და ბაღის პარალელურად, დაჰყავთ უამრავ წრეზე, ასწავლიან რამდენიმე ენას. სინამდვილეში, როგორ უნდა იყოს ბავშვი ამ ასაკში დატვირთული, რა ხდება მაშინ, როცა არ უნდა ბაღში ან კონკრეტულ წრეზე სიარული და რა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა - თემაზე პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ყარამან ფაღავა გვესაუბრება:

- ოპტიმალური შუა წერტილის მიგნება ძნელია, თუმცა ყველა მშობელმა ინდივიდუალურად, ბავშვის სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს. ერთი მხრივ, ძალიანაც არ უნდა დაიტვირთოს, ჰქონდეს მეტი თავისუფლება, სილაღე და დრო თამაშისთვის. მეორე მხრივ კი, სიცოცხლის პირველი წლები ტვინის განვითარების საუკეთესო პერიოდია. ადრეულ ასაკში ძალიან სწრაფად ითვისებენ ინფორმაციას, სწავლობენ სხვადასხვა ენას, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეს დრო უნდა გამოვიყენოთ. ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ბავშვის დაღლა არ შეიძლება, ამიტომაც სახლში ჰყავს და ისიც მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერსა და ტელეფონს იყენებს.

ამას, რა თქმა უნდა, ჯობს, სხვადასხვა აქტივობით დავაკავოთ. თუმცა, ისე არ უნდა გადავტვირთოთ, რომ ამან მის ზოგად მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ბავშვებს უნდა დავაკვირდეთ, შევისწავლოთ მათი ინტერესები და მივცეთ იმ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა, რაც მოსწონთ. ამიტომაც, კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, მშობელმა დღის განმავლობაში, როგორ უნდა გადაანაწილოს დრო და რამდენ წრეზე მიიყვანოს ბავშვი რადგან ყველა ინდივიდუალურია და განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. თუ იღლება, აპროტესტებს, თავს ცუდად გრძნობს, რა თქმა უნდა, არ უნდა დავაძალოთ. ხოლო, თუ ხალისით დადის სხვადასხვა წრეზე, მოსწონს, რასაც აკეთებს, მივცეთ განვითარების შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს დრო მეგობრებთან ერთად სათამაშოდ, ეზოში სარბენად და სუფთა ჰაერზე სასეირნოდ.

zili-1634017491.jpg

- როცა ბავშვი ძალიან დატვირთულია და იღლება, ეს რამდენად ახდენს გავლენას მის იმუნიტეტზე, კვებით ჩვევებზე, ძილის რეჟიმზე?

- გადაღლილობა, რა თქმა უნდა, ბავშვის ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. შესაძლოა, გამოიწვიოს უძილობა, შეცვალოს კვების რეჟიმი. როცა ადამიანი სტრესშია, ორი უკიდურესობაა: ან ძალიან ბევრს ჭამს, ან კიდევ საერთოდ არ ჭამს. იმუნიტეტს რაც შეეხება, პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს ალბათ, მაგრამ, როცა თავს ცუდად გრძნობს, ეს მის ყოველდღიურ ქცევასა და განვითარებაზე აისახება. ბავშვისთვის საუკეთესო ექიმი მისი მშობელია. ამიტომაც, უნდა დააკვირდნენ და შესაძლებლობების ფარგლებში დააკავონ სხვადასხვა აქტივობით. კომპიუტერსა და ტელეფონს მთლიანად ვერ აუკრძალავთ, მაგრამ დღის განმავლობაში მაქსიმუმ 1 საათი გამოიყენონ, ნახევარი საათი უმჯობესია. არის სფეროები, სადაც ზედა ზღვარი არ არსებობს. ასეთია, მაგალითად, მოფერება და ალერსი. ზოგიერთი მშობელი ამბობს, რომ შვილებს ბევრს არ ეფერებიან, რადგან ეშინიათ, არ "გააფუჭონ". ეს არასწორი მიდგომაა. ბავშვების მიმართ სიყვარული და მოფერება უსაზღვრო რაოდენობით შეიძლება გამოვხატოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება მივცეთ. არის რაღაცები, რაზეც უნდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება.

- სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა. ზოგიერთი მშობელი წუხს ამის გამო. რაიმე ზიანი მიაგდება ბავშვს მთელი დღის განმავლობაში პირბადე რომ ეკეთება?

- პანდემიის პირობებში, ერთ-ერთი ძირითადი და ეფექტური დაცვის საშუალება პირბადეა და ამ მოცემულობაში, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მაგრამ, ზოგადად, პირბადის გამოყენება გადაჭარბებული დროით არც ისე კარგია. ბავშვს ინფექციისგან იცავს, მაგრამ იმუნიტეტზე ცუდად მოქმედებს. იმუნიტეტმა კარგად რომ იმუშაოს, ბევრ ინფექციას უნდა შეეჭიდოს. ასე ხდება მისი გავარჯიშება და ტონუსში ყოფნა. გარდა ამისა, ვინმემ შეამოწმა, როგორი იყო, პირობითად, იმ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც პირბადე 10 საათი ეკეთა და როგორი იმის, რომელიც 4 საათი ატარებდა? მსგავსი კვლევა არ არსებობს, მეცნიერული მტკიცებულება არ გვაქვს, ამიტომაც, ყველა სიტყვა მაინც ვარაუდია. შესაბამისად, არავინ იცის, რა გავლენას ახდენს მთელი დღე პირბადის ტარება ბავშვებში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პანდემიის პირობებში სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ეს არის თავდაცვის ეფექტური საშუალება და უნდა გამოვიყენოთ. ზოგადად კი მშობლებს მინდა ვუთხრა, მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა, იცხოვრონ აქტიურად, კარგად იკვებონ, გაკაჟდნენ და არ დააკლოთ თბილი სიტყვები და მოფერება. მაშინ, თქვენი შვილები ჯანმრთელები იქნებიან.

განაგრძეთ კითხვა

myquiz